Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპოპარათიროიდიზმი და ჰიპერპარათიროიდიზმი

ჰიპოპარათიროიდიზმი და ჰიპერპარათიროიდიზმი

274

ჰიპოპარათიროიდიზმი და ჰიპერპარათიროიდიზმი,ორივე არის ჰორმონალური დარღვევა, რომლის დროსაც ყელში არსებული ფარისებრახლო (პარათიროიდული) ჯირკვალი გამოიმუშავებს ან ძალიან ცოტა (ჰიპო) ან ძალიან ბევრ (ჰიპერ) ფარისებრახლო (პარათიროიდულ) ჰორმონს.

ფარისებრახლო ჯირკვალი

ადამიანს აქვს 4 ცალი ბრინჯის მარცვლისოდენა ფარისებრახლო (პარათიროიდული) ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის უკან. ისინი გამოიმუშავებენ პარათიროიდულ ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ძვლებსა და სისხლში კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის რაოდენობას. ამ რაოდენობების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი დონეები ბუნებრივად შეიძლება იცვლებოდეს და ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭიროა მათი ჯანსაღ ფარგლებში შენარჩუნება. მაგალითად, კალციუმის რაოდენობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მივირთმევთ რძის პროდუქტებით მდიდარ საკვებს, ან პირიქით, მცირდება ზოგიერთი წამლის მიღების შემთხვევაში.

წაიკითხეთ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში სჭირდება ჩვენს ორგანიზმს კალციუმი და რაში გვჭირდება ფოსფორი.

ფარისებრახლო ჯირკვალი არ უნდა აგვერიოს ფარისებრ ჯირკვალში. „პარათიროიდული“ ნიშნავს „თიროიდთან (ფარისებრთან) ახლომდებარეს“. ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებები არ უნდა აგვერიოს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებში - ჰიპოაქტიურ ფარისებრში ან ჰიპერაქტიურ ფარისებრში.

ჰიპოპარათიროიდიზმი

ჰიპოპარათიროიდიზმი ნიშნავს იმას, რომ ფარისებრახლო ჯირკვალი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა რაოდენობით ფარისებრახლო ჰორმონს (ფაჰ). ამის შედეგად ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა იკლებს (ჰიპოკალცემია) და სისხლში ფოსფორის რაოდენობა იმატებს (ჰიპერფოსფატემია).

ამ დონეების აღსადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს დანამატების მიღება, ორგანიზმში ამ ნივთიერებების ნორმალური ბალანსის აღსადგენად.

სიმპტომები

ჰიპოპარათიროიდიზმის ნიშნები ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული მის გამომწვევ მიზეზებზე, პროგრესირების სიჩქარესა და მკურნალობის ეფექტურობაზე.

ადამიანებს, ვისაც სწრაფად განუვითარდა ჰიპოპარათიროიდიზმი (მაგალითად ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ), შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:

  • დაბუჟება ხელებში, ფეხებში, ან პირის ირგვლივ (პარესთეზია - paraesthesia)
  • კუნთების უცნაური მოძრაობა, როგორიცაა სწრაფი უნებლიე მოძრაობები, შეკუმშვები და კუნთის სპაზმი
  • კუნთების კრუნჩხვა
  • დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანება, აღგზნებულობა ან დეპრესია

ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვა დაავადებით გამოწვეული ნელა პროგრესირებადი ჰიპოპარათიროიდიზმი, შეიძლება ჰქონდეთ:

  • თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით კატარაქტა
  • მშრალი, სქელი კანი
  • უხეში თმა, რომელიც ადვილად იმტვრევა და ცვივა
  • ადვილად მსხვრევადი ფრჩხილები, რომელთა კიდეები მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ

კალცლიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს შეტევები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, განსაკუთრებით თუ მდგომარეობა აღმოჩენილია გარკვეული პერიოდის წინ და მიმდინარეობს მკურნალობა წამლებით.

ხშირად, აგზნებულობის გამო შეიძლება მოხდეს სუნთქვის აჩქარება (ჰიპერვენტილაცია). ამის შედეგად დაავადებული ადამიანი თავს ცუდად იგრძნობს და ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა კიდევ უფრო დაქვეითდება, ამიტომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმტომები არ არის ჰიპოთიროიდიზმის სპეციფიური ნიშნები. ეს ნიშნები შეიძლება სხვა დაავადებებზეც მიუთითებდეს.

გამომწვევი მიზეზები

ჰიპოპარათიროიდიზმის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია თავისა და კისრის ქირურგიის დროს ფარისებრახლო ჯირკვლების შემთხვევითი დაზიანება. იმ პაციენტების 12%-ს, ვისაც ჩაუტარდა მსგავსი ოპერაცია ეს მდგომარეობა ცოტახნით გრძელდება. 3%-ზე ნაკლებში კი მდგომარეობა მუდმივად რჩება.

სხვა გამომწვევი მიზეზები მოიცავს:

  • პარათიროიდული ჯირკვლის დაზიანება ადამიანის იმუნური სისტემის მიერ სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადების გამო, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილს შეცდომით უცხოდ აღიქვამს და უტევს
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგოდ ყელის რადიაციული თერაპია
  • კიბოს გამო ქირურგიული გზით ფარისებრახლო ჯირკვლების მოშორება
  • მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია, მაგალითად ალკოჰოლიზმის გამო.

ვის ემართება

ჰიპოპარაიროიდიზმის განვითარების მაღალი რისკის მატარებელი ხართ იმ შემთხვევაში, თუ:

  • თქვენ ახლო წარსულში ჩაგიტარდათ ფარისებრი ჯირკვლის, ან ყელის ქირურგიული ოპერაცია
  • ოჯახის ისტორიაში დაფიქსირებულია პარათიროიდული დარღვევის შემთხვევა
  • გაქვთ ედისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლების იშვიათი დაავადება)

ასევე, ბავშვებს, ან უფროსებს, რომელთაც აქვთ მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური დაავადება - ე.წ. დი-ჯორჯის (Di-George syndrome) სინდრომი, დაბადებიდანვე ექნებათ ჰიპოპარათიროიდიზმი პარათიროიდული ჯირკვლების არ არსებობის გამო.

დიაგნოზი

ჰიპოპარათიროიდიზმის დიაგნოზი შეიძლება დავსვათ მაშინ, როდესაც გვაქვს სისხლის ტესტის შემდეგი შედეგები:

  • კალციუმის დაბალი კონცენტრაცია
  • ფოსფორის მაღალი კონცენტრაცია
  • სისხლში დაქვეითებულია ფარისებრახლო ჰორმონი (პარათიროიდული ჰორმონი).

ჰიპოპარათიროიდიზმი დროს, ელექტროკარდიოგრამამ (ეკგ) შესაძლოა გვიჩვენოს გულის ანომალიური რითმები, ხოლო შარდის ტესტი კი შარდში მომატებულ კალციუმს დააფიქსირებს (როდესაც დიდი რაოდენობით კალციუმი ტოვებს ორგანიზმს შარდით).

მკურნალობა

მკურნალობის მთავარი მიზანია კალციუმისა და სხვა მინერალების კონცენტრაციათა დარეგულირება ორგანიზმში.

ნორმაში კალციუმის რაოდენობაა 2.10-2.50 მილიმოლი ლიტრში (მმოლ/ლ). თქვენ უნდა შეძლოთ კალციუმის რაოდენობის დარეგულირება ისე, რომ სისხლში მისი რაოდენობა იყოს 1.80-2.25 მმოლ/ლ.

კონცენტრაციების დასარეგულირებლად შეგიძლიათ მიიღოთ კალციუმის კარბონატი და ვიტამინი D - ძირითადად კალციტრიოლი (როკალტროლი) ან ალფაკალციდოლი (ერთი-ალფა). ქირურგიული გზით პარათიროიდული ჯირკვლის დაზიანების შედეგად გამოწვეული დროებითი ჰიპოპარათიროიდიზმის შემთხვევების გარდა, სხვა პაციენტებმა ეს წამლები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ. სისხლი რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლის ტესტებით. მკურნალობის მიზანია, სიმპტომების მოხსნა და შეძლებისდაგვარად დაარეგულიროს ორგანიზმში კალციუმის კონცენტრაცია თითქმის ნორმამდე, ან ნორმაზე ოდნავ ნაკლებ დონეზე.

ასევე მნიშვნენლოვანია მაღალი რაოდენობით კალციუმისა და დაბალი რაოდენობით ფოსფორის შემცველი საკვების დიეტა.

კალციუმის კარგი წყაროებია:

  • რძე, ყველი და რძის სხვა პროდუქტები
  • მწვანე-ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცა ბროკოლი, კომბოსტო და ოკრა, მაგრამ არა ისპანახი
  • სოიოს მარცვლები
  • ტოფუ
  • სოიოს სასმელები კალციუმის დანამატებით
  • თხილი
  • პური და სხვა ცომეული
  • ისეთი თევზები, რომელიც ძვლიანად იჭმევა, მაგალითად სარდინები. 

ფოსფორს ვხვდებით:

  • წითელ ხორცში
  • რძის პროდუქტებში
  • თევზში
  • შინაური ფრინველების ხორცში
  • პურში
  • ბრინჯში
  • შვრიაში

იმ შემთხვევაში, თუ სისხლში კალციუმის კონცენტრაცია სახიფათო დონემდე დავარდა და პაციენტს აწუხებს კუნთების სპაზმი, მაშინ შესაძლებელია საჭირო გახდეს კალციუმის პირდაპირ ვენაში შეყვანა, წვეთოვანის საშუალებით. ასევე საჭირო იქნება გულის რითმინი მონიტორინგი, მის დასტაბილურებამდე. ამის შემდეგ მკურნალობა ჩვეულებრივ გაგრძელდება დანამატებით.

გართულებები

ჰიპოპარათიროიდიზმმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ზრდის შეჩერება
  • ცუდად განვითარებული კბილები
  • ჩამორჩენილი გონებრივი შესაძლებლობები
  • კატარაქტა.

ზოგჯერ, ჰიპოპარათიროიდიზმი შეიძლება იყოს სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან ერთად, როგორიც არის ადისონის დაავადება და პერნიციოზული ანემია.

დიდი რაოდენობით კალციუმის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს კენჭები თირკმელში.

ჰიპერპარათიროიდიზმი

ეს ნიშნავს, რომ პარათიროიდული ჯირკვალი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ფარისებრახლო (პარათიროიდულ) ჰორმონს. ეს იწვევს სისხლში კალციუმის დონის მატებას (ჰიპერკალცემია) და ფოსფორის დონის დაკლებას (ჰიპოფოსფატემია).

სიმპტომები

ჰიპერპარათიროიდიზმი ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. მისი დიაგნოზირება ხშირად ხდება სხვა მასთან დაუკავშირებული პრობლემის დროს სისხლის ანალიზის შედეგების ანალიზით.

როდესაც კალციუმის მაღალი დონე იწვევს სიმპტომებს, ისინი შეიძლება იყოს მსუბუქი ან ზოგადი, და მოიცავს:

  • დეპრესიას
  • დაღლილობას
  • წყურვილი შეგრძნებას და დიდი რაოდენობით შარდვას
  • სუსტად ყოფნას და მადის კარგვას
  • კუნთის სისუსტეს
  • კუჭის შეკრულობას
  • მუცლის ტკივილს
  • კონცენტრაციის დაკარგვას
  • მსუბუქ დაბნეულობას.

მაგრამ, თუ არ უმკურნალეთ, მაღალი რაოდენობით კალციუმმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • ღებინება
  • ძილიანობა
  • დეჰიდრატაცია
  • დაბნეულობა
  • კუნთის სპაზმი
  • ძვლის ტკივილი, ან დაჭიმულობა
  • არალეგულარული გულისცემა
  • სისხლის მაღალი წნევა.

მძიმე შემთხვევებში მაღალი რაოდენობით კალციუმმა შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა და კომა. ასევე შემდეგ აბზაცებში იხილეთ მის მიერ გამოწვეული სხვა შესაძლო გართულებები.

სიმპტომების სიმძიმე ყოველთვის არ შეესაბამება კალციუმის რაოდენობას სისხლში.ადამიანებს, რომელთაც უმნიშვნელოდ აქვთ კალციუმი მომატებული, შეიძლება ჰქონდეთ მძიმე სიმპტომები და პირიქით. ნაწილობრივ, სიმპტომები დამოკიდებულია კალციუმის დონის მომატების სისწრაფეზე.

გამომწვევი მიზეზები

არსებობს ჰიპერპარათიროიდიზმის ორი ძირითადი ტიპი:

  • პირველადი - როდესაც ერთი, ან ერთზე მეტი ფარისებრახლო ჯირკვალი დიდდება და ხდება ზედმეტად აქტიური, იმ მიზეზების გამო, რომლებიც ახსნილია ქვემოთ, და ეს გამოწვეულია თვითონ ფარისებრ ჯირკვალში მომხდარი ცვლილებებით.
  • მეორადი - როდესაც თვითონ ჯირკვალი ნორმაშია, მაგრამ არის დაავადება (როგორიც არის თირკმლის უკმარისობა, ან ვიტამინ D-ს დეფიციტი), რომელიც ამცირებს კალციუმის რაოდენობას. ამის გამო ორგანიზმი საპასუხოდ გამოყოფს დიდი რაოდენობით ფარისებრახლო ჰორმონს, რათა შეამციროს კალციუმის რაოდენობის ვარდნა.

იშვიათად, როდესაცმეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი დიდ ხანს გრძელდება და არ ვმკურნალობთ, ჯირკვალი რჩება ზედმეტად აქტიური მთელი დროის განმავლობაში. ამას ეწოდება მესამეული ჰიპერპარათიროიდიზმი. ეს ხშირად გვხვდება პაციენტებში, რომლებსაც უკვე დიდი ხანია აქვთ თირკმლის უკმარისობა.

პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის არასიმსივნური წარმონაქმნი - ადენომა - რომელიც იზრდება ერთ-ერთ პარათიროიდ ჯირკვალზე და იწვევს მისი ფუნქციის ზედმეტ გააქტიურებას. პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი ასვევე შეიძლება იყოს გამოწვეული ორი, ან მეტი ჯირკვლის გადიდებით (ჰიპერპლაზია).

იშვიათ შემთხვევებში, პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი შეიძლება შეგვხვდეს მემკვიდრეულ გენებში და დიაგნოზი დაისვას ბავშვობაში. ძალიან იშვიათად, ის ასევე გამოწვეულია ფარისებრ ახლო ჯირკვლის სიმსივნით.

ვის ემართება

შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ადამიანებში, რომელთაც არ აქვთ ოჯახის ისტორიაში გამოვლენილი ეს დაავადება. ემკვიდრეულ პრობლემასთან დაკავშირებული შეიძლება შემთხვევათა მხოლოდ 5% იყოს.

კაცებთან შედარებით ქალებში გვხვდება ორჯერ უფრო ხშირად და რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.

დიაგნოზირება

ჰიპერპარათიროიდიზმის დიაგნოზირება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის ტესტი შემდეგ შედეგებს გვაჩვენებს:

  • პარათიროიდული ჰორმონის დიდი რაოდენობა
  • კალციუმის დიდი რაოდენობა
  • ფოსფორის დაბალი დონე.

ძვლის სიმკვრივის რენტგენოგრაფია შეიძლება დაგვეხმაროს აღმოვაჩინოთ ძვლის სიმკვრივის შემცირების, მოტეხილობები და მისი შესუსტებული ადგილები. რენტგენოგრაფიამ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, ან ექოსკოპიამ შეიძლება გვაჩვენოს კალციუმის ჩანართები, ან თირკმელის კენჭები. სკანირებებს შეუძლიათ დაგვეხმარონ მკურნალობის დაგეგმვასა და მის მენეჯმენტში, მაგრამ ისინი არ გამოიყენება პირველადი დიაგნოზირებისთვის. დიაგნოზის დასმა ხდება სისხლის ანალიზით.

მკურნალობა

პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ განიკურნოს ქირურგიული ოპერაციით, რომ მოშორდეს ფარისებრახლო ჯირკვლის ადენომა. ოპერაცია ეფექტურია შემთხვევათა 97%-ში.

ძალიან მაღალი კალციუმის დონის შესამცირებლად, ხანდახან იყენებენ ბისფოსფონატის წამლებს (Bisphosphonate medicines). ეს წამლები როგორც წესი პაცინტს მიეცემა წვეთოვანის საშუალებით, ინტრავენურად. ბისფოსფონატები ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ოსტეოპოროზის დროს.

აუცილებელია ჯანმრთელი, ბალანსირებული დიეტის დაცვა და არ არის საჭირო კალციუმის შემცველი საკვებისთვის სრულად თავის არიდება. საკვებიდან კალციუმს საერთოდ ამოღების შემთხვევაში, პარათიროიდული ჰორმონი ძვლებიდან გამოიყვანს კალციუმს და ძვლებიმსხვრევადი გახდება (ოსტეოპოროზი). თუმცა აუცილებელია დიდი რაოდენობით კალციუმის შემცველი საკვებისგან თავის შეკავება და დიდი რაოდენობით წყლის დალევა დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

 

მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. იხილეთ მეტი თემაზე: თირკმლის დაავადების მკურნალობა,რომელიც არის მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი. თირკმლის დაავადებით გამოწვეული მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს მდგომარეობის კონტროლისთვის შეიძლება დაენიშნოს “ცინაკალცეტის” (Cinacalcet)აბებით მკურნალობა

გართულებები

ჰიპერპარათიროიდიზმის გართულებები არის იშვიათი, მაგრამ მოიცავს :

  • ოსტეოპოროზსა და ძვლის მოტეხილობებს
  • თირკმელში კენჭების წარმოქმნასა და ბლოკადას, და თირკმლის დაზიანებას ან უკმარისობას
  • კუჭის წყლულს
  • პანკრეატიტს (პანკრეასის ანთება). 

როგორ ზრდიან სისხლში კალციუმის შემადგენლობას პარათიროიდული ჰორმონები და D ვიტამინი

თუ სისხლში კალციუმის დონე იწყებს დაწევას, ფარისებრახლო ჯირკვალი იწყებს მეტი ფარისებრახლო ჰორმონის (ფაჰ) გამომუშავებას და სისხლში დამატებას. ფარისებრახლო ჰორმონი ცალციტროლთან ერთად (D ვიტამინის ჰორმონი), იწვევს:

  • კალციუმის ძვლებიდან სისხლში გადადევნას
  • ნაწლავების საშუალებით საკვებიდან მეტი კალციუმის შეწოვას
  • თირკმლის საშუალებით ამცირებს ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გასული კალციუმის რაოდენობას (და მეტი ფოსფორის გამოდევნას ორგანიზმიდან).

თუ სისხლში კალციუმის რაოდენობა ზედმეტად გაიზრდება, ნაკლები ფარისებრახლო ჰორმონი წარმოიქმნება ფარისებრახლო ჯირკვლიდან და კალციუმის დონე იწყებს ისევ დაწევას.

ჰიპო და ჰიპერ პარათიროიდიზმის დროს, ეს სისტემა არ მუშაობს ნორმალურად.

კომენტარის დამატება