Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი

518

კონტაგიოზური მოლუსკი (კმ) არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს კანს. ის ძირითადად ვლინდება ბავშვებში, თუმცა გვხვდება მოზრდილებშიც.

უმეტესად, კმ-ს სიმპტომია მხოლოდ პატარა, მაგარი, ამობურცული პაპულები (წერტილები), რომლებიც ვითარდება კანზე. ისინი არაა მტკივნეული, მაგრამ შესაძლოა იწვევდეს ქავილს.

პაპულები არასასიამვნო შესახედია, თუმცა კმ, ზოგადად, უვნებელი მდგომარეობაა, რომელიც ნორმალურ პირობებში ლაგდება რამდენიმე თვის შემდეგ რაიმე სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ ფიქრობთ რომ თქვენ ან თქვენ ბავშვს გაქვთ ეს დაავადება, მიმართეთ ოჯახის ექიმს. იგი დაათვალიერებს კანს და გკითხავთ სხვა სიმპტომების შესახებ.

კონტაგიოზური მოლუსკისთვის დამახასიათებელი პაპულები, ჩვეულებრივ, მარტივი ამოსაცნობია. ასე რომ, ექიმმა უნდა შეძლოს მისი დიაგნოსტირება დამატებითი კვლევების გარეშე.

რა იწვევს კონტაგიოზურ მოლუსკს?

კონტაგიოზური მოლუსკის გამომწვევია ვირუსი molluscum contagiosum (MCV).

ეს ვირუსი ვრცელდება:

  • პირდაპირი მჭიდრო კონტაქტით - ინფიცირებული პირის კანთან შეხებით
  • დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით - მაგალითად, ხელსახოცი, სათამაშო, ტანსაცმელი
  • სექსუალური კონტაქტი - ეს გულისხმობს როგორც სქესობრივ აქტს, ასევე ინტიმურ ფიზიკურ კონტაქტს.

დაინფიცირების შემთხვევაში კანზე ჩნდება პაპულები, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზეც.

კონტაგიოზური მოლუსკის მატარებელი ადამიანი, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების წყაროდ რჩება უკანასკნელი პაპულების გაქრობამდე. თუმცა, ზუსტად რამდენი ხანი გრძელდება გადამდები პერიოდი დადგენილი არ არის.

ვინ ინფიცირდება?

კონტაგიოზური მოლუსკით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. თუმცა, ყველაზე გავრცელებულია ბავშვებში - განსაკუთრებით ერთიდან ხუთ წლამდე ასაკში.

კონტაგიოზური მოლუსკი, ასევე, გავრცელებულია იმუნოდეფიციტურ ადამიანებში - ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა აივ-ინფექცია (HIV) ან ქიმიოთერაპია (chemotherapy).

ეს მდგომარეობა შეიძლება განმეორებითაც გამოუვლინდეს პაციენტს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

როგორია კმ-ს მკურნალობა

სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტებს კანზე წარმონაქმნები, უმეტესად, უქრებათ ორ თვეში. თუმცა, ხშირად პაპულები ვრცელდება სხეულის სხვა უბნებზეც, და შეიძლება 18 თვეც კი დაჭირდეს მდგომარეობის გამოსწორებას.

კმ-ს რუტინული მკურნალობა, განსაკუთრებით, ბავშვებში არაა რეკომენდირებული, რადგანაც:

  • ინფექციის ელიმინაცია, როგორც წესი, ჩარევის გარეშე ხდება
  • ინფექცია, ჩვეულებრივ, არ იწვევს არანაირ სიმპტომს, გარდა გამონაყარისა
  • ინფექცია, ჩვეულებრივ, არ უშლის ხელს ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას, შრომას, ცურვას ან სხვა რაიმე საქმიანობას
  • მკურნალობა შესაძლოა მტკივნეული იყოს და განაპირობოს ნაიარევის გაჩენა ან ირგვლივ მდებარე კანის დაზიანება

მკურნალობა, როგორც წესი, რეკომენდირებულია მოზრდილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარი ცუდი შესახედავია და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ან იმუნოდეფიციტური პაციენტებისთვის. ასეთ დროს მკურნალობა მოიცავს კანზე სითხეების, გელების ან კრემების წასმას ან კრიოთერაპიის პროცედურებს (კანის წარმონაქმნებზე მოქმედებენ მათი მოყინვით).

იშვიათად, პაპულები შეიძლება დაინფიცირდნენ ბაქტერიებით და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თვალის ინფექცია - კონიუქტივიტი (conjunctivitis). ამ გართულებებს შეიძლება დაჭირდეთ დამატებითი მკურნალობა ანტიბიოტიკებით.

პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ კონტაგიოზური მოლუსკი ინფექციური დაავადებაა, ყოველდღიური ცხოვრებისას მისი გადაცემის შანსი მცირეა. შესაბამისად, არაა აუცილებელი ამ დროს სამსახურისთვის, სკოლისთვის ან ზოგადად ყოველდღიური აქტივობებისთვის, მაგალითად - ცურვისთვის, თავის დანებება.

თუმცა, უნდა მიმართოთ გარკვეულ ზომებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

  • ხელი არ მოუჭიროთ და არ გაიკაწროთ პაპულები - გარდა იმისა, რომ ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის, ეს პროცესი არის მტკივნეული, იწვევს სისხლდენას და ნაწიბურის გაჩენას.
  • დაზიანებული უბანი ყოველთვის გქონდეთ დაფარული - ცურვის დროს შეიძლება წყალგაუმტარი პლასტირის დაკვრა
  • მოერიდეთ საერთო პირსახოცის და ტანსაცმლის გამოყენებას
  • მოერიდეთ საერთო აბაზანებით სარგებლობას

პრეზერვატივის (condom) გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონტაგიოზური მოლუსკის გადაცემის რისკი სექსუალური კავშირის დროს. ეს ვერ უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას 100 %-ით, რადგან ამ დროს დაავადება შეიძლება გადაეცეს კანის დაუფარავ ნაწილებთან კონტაქტით.

კონტაგიოზური მოლუსკი ვირუსული ინფექციაა, რომელიც კანზე იწვევს ამობურცული ლაქების განვითარებას

კომენტარის დამატება