შორს-მხედველობა
შორსმხედველობა, ასევე ცნობილია ჰიპეროპიის სახელით, არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უქვეითდება ახლოს არსებული ობიექტების აღქმის უნარი.
მხედველობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა შორსმხედველობა, ხშირად მიჩნეულია რეფრაქტორულ დარღვევებად.
თუ ხართ შორსმხედველი, კარგად დაინახავთ შორს არსებულ საგნებს, მაგრამ ფოკუსირებას ვერ მოახდენთ ახლომდებარე საგნებზე. ასევე მარტივად დაგეღლებათ თვალები.
რა იწვევს შორსმხედველობას?
შორსმხედველობის გამომწვევი მიზეზები:
- თვალის კაკალი ნორმაზე მოკლეა
- რქოვანა არ არის საკმარისად მორკალული
- ბროლი არ არის საკმარისად სქელი.
რქოვანა არის თვალის წინა ზედაპირის გამჭვირვალე ნაწილი, ხოლო ბროლის საშუალებით გამოსახულების ასახვა ხდება ბადურაზე (თვალის უკანა ნაწილში სინათლის აღმქმელ შრეზე).
არსებობს შორსმხედველობის გამომწვევი ბევრი სხვადასხვა მიზეზი, როგორებიცაა ასაკი, გენეტიკური მიდრეკილება და ზოგიერთი ისეთი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში ჭარბი რაოდენობითაა გლუკოზა).
ხანდახან ბავშვები თავიდანვე იბადებიან შორსმხედველობით. დროთა განმავლობაში, თვალის განვითარებასთან ერთად პრობლემაც გასწორდება. თუმცა, საჭიროა თვალის მუდმივი შემოწმება, რადგან შორსმხედველობა თუ არ გამოსწორდა შეიძლება მივიღოთ მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები (იხილეთ ქვემოთ).
უფროსებსაც უვითარდებათ შორსმხედველობა, რომელიც ყველაზე მეტად შესამჩნევი ხდება 40 წლის ასაკის შემდეგ. ასაკთან დაკავშირებულ შორსმხედველობას პრესბიოპია ეწოდება.
შორსმხედველობის დიაგნოზირება
რეფრაქტორული დარღვევები, როგორიცაა შორსმხედველობა, თვალის ადრეული შემოწმებისას გამოაშკარავდება.
ბავშვმა უნდა გაიაროს თვალის მუდმივი შემოწმება, რაც რუტინული სკრინინგ-პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, ბავშვი, თვალის შესამოწმებლად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაიყვანოთ, თუ მხედველობის დარღვევაზე გაქვთ ეჭვი.
შორსმხედველობის გამოსწორება ადვილად ხდება, მაგრამ თუ მას უყურადღებოდ დავტოვებთ, საბოლოო შედეგი, სერიოზული გართულებების გამო, ბავშვის მხედველობის სამუდამო დარღვევა იქნება (იხილეთ ქვემოთ).
შორსმხედველობის მკურნალობა
შორსმხედველობის გამოსწორება შესაძლებელია სათვალით ან კონაქტური ლინზებით.
ასევე, დაამუშავეს რამდენიმე ქირურგიული ტექნიკა პრობლემის გამოსასწორებლად. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ლაზერული თერაპია, თუმცა ეს ყველასთვის გამოსადეგი არ არის.
შორსმხედველობის გართულებები
უფროსებში, შორსმხედველობასთან დაკავშირებული გართულებები იშვიათად გვხვდება. ბავშვებში კი ჰიპეროპიამ შეიძლება გამოიწვიოს „გადაჭარბებული ფოკუსირება“, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გაორებულ მხედველობას. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ორ შესაძლო მდგომარეობამდე:
- სიელმე (სტრაბიზმი), როდესაც თვალების სწორი განლაგება ირღვევა და ისინი ფოკუსირებას ახდენენ სხვადასხვა მხარეს
- ზარმაცი თვალი (ამბლიოპია), როდესაც ერთი თვალი უფრო დომინანტია მეორესთან შედარებით
კომენტარის დამატება