Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შეშუპებული ჯირკვლები

შეშუპებული ჯირკვლები

174

ჩვეულებრივ ლიმფური ჯირკვლების შეშუპება ინფექციის ნიშანია და ის ცხრება ინფექციის ალაგების შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ ის შეიძლება გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული მიზეზით და ამიტომ შეიძლება საჭირო იყოს ექიმთან კონსულტაცია.

ლიმფური ჯირკვლები (სხვანაირად ლიმფური კვანძები) ბარდის ზომის ქსოვილის მასაა, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს შეიცავს. ეს უჯრედები ბაქტერიებთან, ვირუსებთან და ინფექციის გამომწვევ სხვა პათოლოგებთან ბრძოლაში მონაწილეობენ. ისინი იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და მთელ სხეულში გვხვდებიან.

ინფექციის ან დაავადების საპასუხოდ ლიმფური ჯირკვლები შესაძლოა რამდენიმე სანტიმეტრით შეშუპდეს. ამ მოვლენას სამედიცინო ლიტერატურაში ლიმფადენოპათიის სახელწოდებით მოიხსენიებენ, შეშუპებული ჯირკვლების შეგრძნება ნიკაპქვეშ, იღლიაში, საზარდულის მიდამოში ან სხვა ადგილებშია შესაძლებელი, სადაც ისინი დიდი რაოდენობით გვხვდება.

ჯირკვლების შეშუპება მრავალ ინფექციას შეუძლია, მათ შორისაა ბანალური გაციება ან ჯირკვლოვანი ცხელება (ინფექციური მონონუკლეოზი). უფრო იშვიათად, ჯირკვლების შეშუპების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სისტემური იმუნური დაავადება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი (rheumatoid arthritis) ან სიმსივნეც კი იყოს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ქვემოთ განხილული ინფორმაცია ჯირკვლების შეშუპების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს მოიცავს და გიხსნით თუ როდის უნდა მიმართოთ ექიმს. მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციის გამოყენება თვითდიაგნოსტიკის მიზნით არ უნდა მოხდეს, თუ ჯირკვლები შეგიშუპდათ, სწორი დიაგნოზის დასასმელად ექიმს უნდა მიმართოთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ შესიებული ჯირკვლები და:

  • შესიება არ ჩაცხრა რამდენიმე კვირის განმვალობაში, ან თუ უფრო გაუარესდა
  • ჯირკვლები მაგარია, ან არ მოძრაობს, როდესაც აწვებით
  • დამატებით გაქვთ ყელის ტკივილი და გიჭირთ ყლაპვა ან სუნთქვა
  • დაკარგეთ წონა გაურკვეველი მიზეზებით, გაქვთ ოფლიანობა ღამით, ან მუდმივად მაღალი ტემპერატურა (სიცხე)
  • არ გაქვთ რაიმე გამოკვეთილი ინფექცია და ცუდად გრძნობთ თავს.

საჭიროების შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დამატებითი გამოკვევების ჩატარება, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სისხლის ანალიზებს, რენტგენს, ულტრაბგერით გამოკვლევას, ან კომპიუტერული ტომოგრაფიას. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ბიოფსიის გაკეთება (როდესაც შესიებული ჯირკვლიდან იღებენ სითხის ან ქსოვილის ნიმუშს და აგზავნიან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად).

ჯირკვლების შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზები

ჩვეულებრივ, ჯირკვლების შეშუპება შესაძლოა ადგილობრივი ინფექციით იყოს გამოწვეული. ეს ინფექცია სხეულის კონკრეტულ უბანს, მაგალითად თავსა და კისერს მოიცავს და სხვა უბნებზე არ ვრცელდება. ამ ინფექციის მაგალითებია:

  • გაციება
  • ტონზილიტი
  • ლარინგიტი
  • ყურის ინფექცია (ear infection)
  • კბილის აბსცესი
  • ცელულიტი (კანის ინფექცია).

შესიებულ უბნებში არსებული ჯირკვლები, ხშირად შეხებაზე უფრო მგრძნობიარე ან მტკივნეული ხდება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი სიმპტომებიც, როგორიცაა ყელის ტკივილი, ხველა, ან ცხელება (სიცხე).

ჩვეულებრივ, ადგილობრივი ინფექცია თავისით ალაგდება და ჯირკვლების შეშუპებაც დაცხრება. ამ დროს, ჩვეულებრივ საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ დიდი რაოდენობით სითხის მიღება, დასვენება და სიმპტომების მოსახსნელად, ურეცეპტოდ გაცემული წამლების, მაგალითად პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება.

შეშუპებული ჯირკვლების შედარებით იშვიათი მიზეზები

იშვიათად ჯირკვლების შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

  • წითურა - ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს წითელ-მოვარდისფრო გამონაყარს, რომელიც შედგება პატარა ლაქებისგან
  • წითელა - ძალიან ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს გამორჩეულ წითელ ან ყავისფერ ლაქებს კანზე
  • ციტომეგალოვირუსი - გავრცელებული ვირუსი, რომელიც ვრცელდება ორგანიზმის სითხეებით, როგორიცაა ნერწყვი და შარდი
  • ტუბერკულოზი - ბაქტერიული ინფექცია, რომელიც იწვევს მუდმივ ხველებას
  • სიფილისი - ბაქტერიული ინფექცია, რომელიც არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება
  • კატის გაჩხაპნის დაავადება - ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია დაინფიცირებული კატის მიერ კანის გაჩხაპვნით
  • აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) - ვირუსი, რომელიც უტევს და აქვეითებს ორგანიზმის ინფექციებისადმი ბრძოლის უნარს
  • წითელი მგლურა (ლუპუსი) - როდესაც იმუნური სისტემა უტევს სახსრებს, კანს, სისხლის უჯრედებს და ორგანოებს
  • რევმატიული ართრიტი - როდესაც იმუნური სისტემა უტევს სახსრების ამომფენ ქსოვილს
  • სარკოიდოზი - როდესაც სხეულის ორგანოებში ვითარდება მცირე ზომის წითელი და შეშუპებული ქსოვილის ლაქები, რომლებსაც გრანულომები ეწოდებათ.

შეიძლება იყოს სიმსივნე?

იშვიათად, შეშუპებული ჯირკვალი შესაძლოა სიმსივნის ნიშანი იყოს, რომელიც შესაძლოა ორგანიზმის სხვა ნაწილში იყოს განვითარებული და შემდეგ გავრცელებული ლიმფურ კვანძებში, ან სიმსივნის ისეთი ტიპი, რომელიც მოქმედებს სისხლის თეთრ უჯრედებზე, როგორიცაა მაგალითად ლიმფომა (lymphoma) ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია.

შეშუპებული ჯირკვლები დიდი ალბათობით შეიძლება იყოს გამოწვეული სიმსივნით, თუ:

  • არ ჩაცხრება რამდენიმე კვირის განმავლობაში და პირიქით დაიწყებს ნელ-ნელა გაზრდას
  • არის უმტკივნეულო და მაგარი შეხებისას
  • თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა ღამის ოფლიანობა და წონის დაკლება.

აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეშუპებული ჯირკვლები არ ჩაცხრება რამდენიმე კვირაში. შეშუპება სავარაუდოდ გამოწვეული იქნება არა-სიმსივნური მდგომარეობით, მაგრა უმჯობესია ამაში ვიყოთ დარწმუნებულები

კომენტარის დამატება