Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჩუჩის პრობლემები ბავშვებში (ფიმოზი და პარაფიმოზი) / chuchis problemebi bavshvebshi (fimozi da parafimozi)

ჩუჩის პრობლემები ბავშვებში (ფიმოზი და პარაფიმოზი) / chuchis problemebi bavshvebshi (fimozi da parafimozi)

886

ფიმოზი არის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც სასქესო ასოს ჩუჩა ისეთი ვიწროა, რომ არ იწევა პენისის თავიდან. 

ფიმოზი ნორმალურია ჩვილ და პატარა ბავშვებში, მაგრამ უფრო დიდ ბავშვებში შესაძლოა კანის ისეთი მდგომარეობის შედეგი იყოს, რაც მოგვიანებით ნაიარევს დატოვებს. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუ არ იწვევს სიმპტომებს.

ფიმოზის ის შემთხვევები, რომლებიც იწვევენ პრობლემებს, როგორიცაა შარდვის გაძნელება, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

ნორმალური განვითარება

ბავშვების უმეტესობას, აქვთ ისეთი ჩუჩა, რომელიც არ იწევა პენისის თავზე, იმიტომ რომ ის ისევ დაკავშირებულია პენისის თავთან.

ეს  მდგომარეობა სრულიად ნორმალურია ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. დაახლოებით ორი წლის ასაკიდან, ჩუჩამ უნდა დაიწყოს პენისის თავიდან დაშორება.

ზოგიერთ ბიჭში ჩუჩა უფრო მოგვიანებით შორდება, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მოგვიანებით ეტაპზე მოხდება. 

არასდროს გამოიყენოთ ძალა ჩუჩის უკან გადასაწევად დროზე ადრე, რადგან ეს მტკივნეული იქნება და დაზიანებასაც გამოიწვევს.

როდის არის ფიმოზი პრობლემური?

ფიმოზი ჩვეულებრივ პრობლემებს არ წარმოქმნის თუ არაა კავშირში ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა სიწითლე, ტკივილი ან შესიება.

თუ ბავშვის პენისი მტკივნეულია და თანაც აქვს ანთება, შესაძლოა მას ბალანიტი (პენისის თავის ანთება) ჰქონდეს. ასევე შეიძლება ჩუჩის ქვეშ სქელი გამონადენის არსებობაც. თუ პენისის და ჩუჩას ანთება ერთდროულად მიმდინარეობს, ამ მდგმარეობას ბალანოპოსტიტი (balanoposthitis) ეწოდება.

თუ ბავშვს აქვს ასეთი ტიპის სიმპტომები აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანეთ ექიმთან. ექიმი შეძლებს დამატებითი რეკომენდაციების მოცემას.

ბალანიტის შემთხვევათა უმეტესობის მართვა შესაძლებელია კარგი ჰიგიენის დაცვით, მალამოების და ნელსაცხებლების გამოყენებით, ასევე ისეთ ნივთიერებებთან თავის არიდებით რაც გააღიზიანებს პენისს. წაიკითხეთ მეტი ბალანიტის მკურნალობის შესახებ.

ბალანოპოსთიტის შემთხვევაშიც შესაძლოა წარიმართოს მკურნალობა მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვით, როგორიცაა პენისის სისუფთავის შენარჩუნება რეგულარული ჩამობანვით წყლით და საპნით, ან დამატენიანებლებით. ასოს თავის გაღიზიანება შეუძლია ასოს თავზე (ჩუჩის შიგნით) დიდი ხნით დატოვებულ შარდის წვეთებსაც, ამიტომ თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია გადაწიოთ ასოს თავი და ისე ჩამოიბანოთ.

თუ ამ მდგომარეობის გამომწვევი სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციაა, მაშინ ანტისოკოვანი მალამო ან ანტიბიოტიკი შეიძლება იყოს საჭირო, მის სამკურნალოდ.

უფროსებში ფიმოზი იშვიათად შესაძლოა დაკავშირებული იყოს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან. ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს კანის სხვადასხვა დაავადებებით, როგორიცაა:

  • ეგზემა- ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს კანის ქავილს, სიწითლეს, სიმშრალეს და სკდომას
  • ფსორიაზი - კანის დაავადება, რომელიც იწვევს წითელი, ქერქოვანი წარმონაქმნებს მოვერცხლისფრო ქერცლით დაფარულ კანზე
  • ბრტყელი ლიქენი - არაინფექციური გამონაყარი ქავილით, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში
  • ლიქენ სკლეროზუსი - ნაიარევი ჩუჩაზე (ზოგჯერ პენისზეც), რომელიც სავარაუდოდ შარდისგან გამოწვეული გაღიზიანების გამოა კაცებსა და ბიჭებში

ზედაპირული კორტიკოსტეროიდები (კრემი, გელი, ან ლოსიონი, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდებს) ზოგჯერ გამოიყენება მჭიდრო ჩუჩის სამკურნალოდ. ეს საშუალებები შეიძლება დაეხმაროს ჩუჩის კანის დარბილებაში, რაც მას საშუალებას მისცემს ადვილად გადაიწიოს პენისის თავზე.

ფიმოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, კანის გახევა, ან სქესობრივი კონტაქტის დროს შეგრძნების ნაკლებობა. ასეთ შემთხვევაში, პრეზერვატივების და ლუბრიკანტების გამოყენება შეიძება კომფორტული იყოს.

როდის არის საჭირო ქირურგიული ოპერაცია?

ოპერაცია შეიძლება გახდეს საჭირო ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძიმე ხანგრძლივი ბალანიტის ან ბალანოპოსთიტის გამო ჩუჩა მტკივნეულად ვიწროვდება.

თუ მკურნალობის სხვა საშუალებებმა არ გაამართლა, შეიძლება საჭირო გახდეს წინადაცვეთა (ჩუჩის ქირურგიული მოშორება), თუმცა მას ახასიათებს სისხლდენისა და ინფექციის განვითარების რისკი. ამიტომ ეს მეთოდი განიხილება მხოლოდ და მხოლოდ, როგორც მკურნალობის ბოლო ვარიანტი, თუმცა ზოგჯერ ის ერთადერთი, ან საუკეთესო ვარიანტია ხოლმე.

ალტერნატიულ გზად შეიძლება ასევე განხილული იყოს, ქირურგიული ჩარევით იმ ადგილების მოშორება, რომლებიც ხელს უშლის ჩუჩის თავზე გადაწევას. ამ დროს ჩუჩა მთლიანად შენარჩუნდება, მაგრამ ყოველთვის ვერ იცავს პაციენტს ამ პრობლემის განმეორებისგან.

პარაფიმოზი

პარაფიმოზი ისეთ მდგომარეობაა, როდესაც ჩუჩა გადაწევის შემდეგ ვერ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ეს იწვევს პენისის თავის ტკივილს და შესიებას, რაც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები, როგორიცაა ტკივილის გაუარესება, შესიება ან პენისის შეფერხებული სისხლმომარაგება.

ტკივილის და შესიების შემცირება შეიძლება შესაძლებელი იყოს პენისზე ადგილობრივი ანესთეზიის გელის წასმით, შემდეგ პენისის თავზე თითის დაჭერით და ამავდროულად კანის წინ გადმოწევით. რთულ შემთხვევებში კი, პენისის თავზე წნევის შესამცირებლად, შეიძლება საჭირო გახდეს ჩუჩაზე მცირე ჭრილის გაკეთებაც.

პარაფიმოზის მძიმე შემთხვევებში, შეიძლება რეკომედირებული იყოს წინადაცვეთა. ძალიან მძიმე მდგომარეობისას სისხლის ნაკადი პენისისკენ იზღუდება და შესაძოა მისი უჯრედების კვდომა (განგრენა) გამოიწვიოს და პენისის ქირურგიულად მოკვეთა იყოს აუცილებელი.

პენისის ჰიგიენა

პრობლემების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია პენისის რეგულარული გასუფთავება. ამისთვის უნდა:

  • ბანაობის დროს, ყოველდღიურად ფრთხილად დაიბანოთ პენისი თბილი წყლით
  • ფრთხილად გადაწიოთ პენისის თავი და დაიბანოთ ჩუჩის შიდა ნაწილიც; არ გადაწიოთ ბავშვის პენისის თავი, რადგან ეს შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და გამოიწვიოს დაზიანება!!!
  • დასაბანად გამოიყენეთ რბილი, ან უსუნო საპონი (თუ იყენებთ საპონს), რომ შეაციროთ კანის გაღიზიანების რისკები
  • მოერიდეთ ტალკის და დეზოდორანტების გამოყენებას პენისზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

პენისის რეგულარული დაბანა თბილი წყლით და რბილი საპნით (თუ დასაბანად ირჩევთ საპონს) აუცილებელია წინადაცვეთა-ჩატარებული მამაკაცებისთვისაც

კომენტარის დამატება