Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ცელულიტი

ცელულიტი

230

ცელულიტი კანის ღრმა შრეებისა და მის ქვეშ მოთავსებული ქსოვილის ინფექციაა. დროული მკურნალობის გარეშე ის შეიძლება სერიოზული მდგომარეობა იყოს.

ინფექცია უცბათ ვითარდება და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში. მძიმე ინფექციები შეიძლება გავრცელდეს სხეულის სიღრმეში და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს.

ცელულიტის შემთხვევათა უმეტესობა წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკებით სახლის პირობებშიც, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ჰოსპიტალური მკურნალობა.


ცელულიტის სიმპტომები

ცელულიტი იწვევს კანის უეცარ:

  • სიწითლეს
  • გახურებას
  • შეშუპებას
  • მტკივნეულობას
  • გაზრდილ მგრძნობელობას.

ყველაზე ხშირად ვლინდება ფეხების ქვედა ნაწილებში, თუმცა ყველგან შეიძლება განვითარდეს.

უფრო მძიმე შემთხვევებში, ცელულიტს შეიძლება თან ახლავდეს და ხშირად წინ უძღოდეს:

  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან უფრო მაღალი
  • ძლიერი ცახცახი
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • თავბრუსხვევა
  • დაბნეულობა.

ეს არის იმის ნიშნები, რომ ინფექცია სხეულის სიღრმეში გავრცელდა.

როდის მივმართოთ სამედიცინო დახმარებას?

თუ კანის აწილი უეცრად გაწითლდება, გაცხელდება და გახდება მტკივნეული აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

დროულმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მძიმე ინფექციების რისკი.

აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:

  • მდგომარეობა გავრცელდა ან განვითარდა სახეზე, ან თვალების გარშემო
  • სიმპტომები სწრაფად უარესდება
  • კანის ცვლილებების გარდა გამოვლინდა სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა სიცხე ან ღებინება
  • გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა აივ ინფექციის ან ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგად, ან მძიმე ლიმფედემის გამო (მდგომარეობა, რომელიც იწვევს სხეულის ქსოვილების შეშუპებას
  • შესაძლო ცელულიტი აქვს ბავშვს ან მოხუცებულ ადამიანს.

ცელულიტის მკურნალობა

ცელულიტი ძირითადად იკურნება ანტიბიოტიკებით. ანტიბიოტიკების აბებით სახლის პირობებში მრავალი ინფექციის მკურნალობა არის შესაძლებელი.

ცელულიტზე ეჭვის შემთხვევაში, ექიმი დანიშნავს ანტიბიოტიკების 7 დღიან კურსს და რამდენიმე დღეში სიმპტომები უნდა გაუმჯობესდეს.

გაუმჯობესების მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკების კურსი ბოლომდე დაიცვათ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები უარესდება, ან არ გაუმჯობესდა 1 კვირის განმავლობაში.

სერიოზული ინფექციების შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს საავადმყოფოში, ძირითადად ანტიბიოტიკების წვეთოვანით მიწოდებით, ან ინექციის სახით.

მკურნალობა ძირითადად 7 დღის განმავლობაში გრძელდება.

თუ მკურნალობამ სწრაფად გამოიღო შედეგი, ინექციის ნაცვლად შესაძლებელია ანტიბიოტიკების აბების დანიშვნაც.

პროგნოზი

ცელულიტი ძირითადად წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკებით და ადამიანთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება.

მაგრამ, არსებობს რისკი, რომ ამ მდგომარეობამ გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით კი მაშინ თუ არ მოხდა დროული მკურნალობა. ეს რისკებია:

  • სისხლის მოწამვლა (სეპტიცემია) - როდესაც ბაქტერია გადადის სისხლში
  • თირკმელების დაზიანება
  • ფეხის წყლულები.

სეპტიცემია და თირკმელების პრობლემები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, ამიტომ საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას საავადმყოფოში.

ცელულიტის გამომწვევი მიზეზები

ცელულიტი ძირითადად ვითარდება ბაქტერიული ინფექციით.

ბაქტერია, რომელიც იწვევს ამ მდგომარეობას, ხშირად უვნებელად ცხოვრობს კანში, მაგრამ მათ შეიძლება გამოიწვიონ ინფექცია, თუ მოხვდებიან კანის დაზიანებულ ადგილას, მაგალითად:

  • დალურჯებაში, ან გაჭრილ, ან გაკაწყულ კანში
  • ცხოველის ან მწერის ნაკბენში
  • ფეხის წყლულში
  • დამსკდარ კანში - მაგალითად ეგზემის ან ფეხის ან ფეხის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის, ე.წ. ათლეტის ფეხის დროს.

შემთხვევათა უმეტესობაში ცელულიტის მაპროვოცირებელი ფაქტორები უცნობია.

ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე როგორც წესი არ გადადის.

ცელულიტის პრევენცია

თუ ადრე გქონდათ ცელულიტი მისი ხელმეორედ განმეორების ალბათობა უფრო მაღალია.

მისი პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შესაძლოა შეამციროთ მისი განვითარების რისკები:

  • გამოიყენეთ კანის დამატებიანებელი საშუალებები, თუ კანი გაქვთ გამომშრალი, ან თუ გისკდებათ
  • დაიკელით წონაში თუ ხართ ჭარბწონიანი - სიმსუქნე ზრდის ცელულიტის განვითარების რისკს
  • ეცადეთ კარგად გააკონტროლოთ ის მდგომარეობები (თუ გაქვთ რომელიმე), რომლებსაც შეუძლიათ ცელულიტის რისკის გაზრდა, როგორებიცაა ეგზემა, ათლეტის ფეხი, ფეხის წყლულები და ლიმფედემა
  • კანის გაკაწვრის ან ჭრილობის შემთხვევაში, კარგად გაუსუფთავეთ ჭრილობა, დაიბანეთ გამდინარე წყლით და დაიფარეთ ჭრილობა საფენით ან სახვევით
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მკურნალობთ ან ეხებით ჭრილობას, ან კანის რომელიმე სხვა მდგომარეობას.

თუ ცელულიტი ხშირად გემართებათ, ან გემართებათ მძიმე ფორმებში, ექიმმა შეიძლება მიგმართოთ დერმატოლოგთან, ან ინფექციების სპეციალისტთან, რომ განიხილოთ ანტიბიოტიკების ხანგძლივი კურსი.

ცელულიტი დაავადება და ცელულიტი კოსმეტიკური პრობლემა

ქართულად ცელულიტი 2 სხვადასხვა პრობლემას აღნიშნავს. პირველი ინგლისურად იწერება, როგორც Cellulitis და აღნიშნავს იმ მდგომარეობას, რომელზეც ვსაუბრობთ ამ სტატიაში, ხოლო მეორე პრობლემა, რომელსაც Cellulite ეწოდება და ქართულად ისევ ცელულიტად მოიხსენიება, აღნიშნავს კოსმეტიკურ პრობლემას, რომელიც გამოწვეულია კანის ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნით, რომლებიც გროვდება კანის ქვეშ. ეს მდგომარეობა არ არის დაკავშირებული დაავადება ცელულიტთან.

კოსმეტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, მის მოსაგვარებლად ყველაზე კარგი საკურნალო საშუალება არის წონის დაკლება. გაიგეთ მეტი თუ როგორ უნდა დაიკლოთ წონა უსაფრთხოდ.

კომენტარის დამატება