წითელა
წითელა მაღალი ინფექციურობით გამორჩეული ვირუსული ავადმყოფობაა, რომელიც ხშირად საკმაოდ არასასიამოვნოა და ზოგჯერ სერიოზულ გართულებებსაც იწვევს. თუმცა, დღესდღეობით, გაერთიანებულ სამეფოში წწყ (წითელა-წითურა-ყბაყურა) ვაქცინაციის ეფექტურობის გამო წითელას შემთხვევები ძალიან იშვიათია.
წითელა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, ვინც არ არის აცრილი წითელაზე, ან არ აქვს მოხდილი ეს დაავადება, თუმცა ყველაზე ხშირი მაინც ბავშვებშია. ინფექცია დაახლოებით 7-10 დღეში თავისით ალაგდება.
წითელას სიმპტომები
წითელას საწყისი სიმპტომები, ინფიცირებიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ვითარდება, ესენია:
- გაციების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, ცემინება და ხველა
- წითელი, სინათლეზე მგრძნობიარე თვალები
- მაღალი ტემპერატურა (ცხელება), რომელმაც შეიძლება მიაღწიოს 40C გრადუსამდე
- მონაცრისფრო თეთრი ფერის ლაქები პირის ღრუსა და ყელში.
ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩნდება მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, რომლებიც, ჩვეულებრივ თავის, ან კისრის გარშემო იწყება და შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს წითელა გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ექიმთან ვიზიტამდე, კარგი იქნება, თუ მას წინასწარ დაუკავშირდებით ტელეფონით, რადგან დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა მან სპეციალურად თქვენთვის გამოყოს დრო და იმ დროს მიგიღოთ.
ექიმს იმ შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ, თუ გქონდათ ახლო კონტაქტი წითელათი დაავადებულ ადამიანთან და არ გაქვთ ეს დაავადება მოხდილი, ან არ ხართ სათანადოდ აცრილი (სათანადოდ აცრა გულისხმობს MMR ვაქცინით 2 ჯერ აცრას). ამ შემთხვევაში ექიმთან მიმართვა აუცილებელია, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა სიმპტომები.
რამდენად სერიოზულია წითელა?
წითელა შეიძლება იყოს უსიამოვნო, მაგრამ ის ჩვეულებრივ გაივლის 7-10 დღეში, რაიმე დამატებითი შემდგომი პრობლემების გამოწვევის გარეშე.
წითელას შეყრის შემდეგ, ორგანიზმი იწყებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას და ძალიან დაბალია ალბათობა მისი ხელმეორედ შეყრის. თუმცა, წითელამ, ზოგიერთ ადამიანში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც. ეს მოიცავს ფილტვის (პნევმონია) და ტვინის (ენცეფალიტი) ინფექციებს.
როგორ ვრცელდება წითელა
წითელას ვირუსი მილიონობით პატარა წვეთშია შეწონილი, რომელსაც ინფიცირებული პირი დახველებისას ან დაცემინებისას გარემოში გამოყოფს.
ამ ნაწილაკების შესუნთქვისას, ან თუ ეს ნაწილაკები რაიმე ზედაპირზე დაილექა და შემდეგ ამ ზედაპირს შეეხეთ ხელებით და ეს ხელი მიიტანეთ ცხვირთან ან პირთან ადვილად შეიძლება წითელა დაგემართოთ. წითელას ვირუსი ასეთ გარემოში რამდენიმე საათი ძლებს.
წითელათი დაავადებული პაციენტი გადამდებია მისი პირველი სიმპტომის აღმოცენებიდან გამონაყრის გამოვლენიდან 4 დღის განმავლობაში. ასე რომ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პირველი სიმპტომებიდან დაწყებული, გამონაყარის გაჩენის შემდეგ პირველი ოთხი დღის განმავლობაში სკოლაში ან სამსახურში სიარული არ შეიძლება.
როგორ დაიცვათ თავი წითელასგან
დაავადების განვითარების თავიდან აცილება შეიძლება წითელა, წითურა და ყბაყურას (წწყ) აცრით.
ჩვეულებრივ, პირველი ვაქცინა, დაახლოებით 13 თვის ბავშვებში ტარდება, განმეორებითი ვაქცინაცია კი ბავშვის სკოლაში მისვლამდე უნდა ჩატარდეს.
ვაქცინაცია შეიძლება ნებისმიერ ასაკში ჩატარდეს, ბავშვებისთვისაც და ზრდასრული ადამიანებისთვისაც, თუ ისინი არ იყვნენ ადრე აცრილები.
თუ ეს ვაქცინაცია არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი და ხართ წითელას განვითარების სასწრაფო რისკის ჯგუფში, შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინით მკურნალობა.
წითელას მკურნალობა
წითელას სამკურნალო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს, მაგრამ თქვენს იმუნურ სისტემას 7-10 დღის განმავლობაში ინფექციასთან ბრძოლის და მისი დამარცხების უნარი უნდა შესწევდეს.
რამდენიმე ფაქტორი, რომლითაც შესაძლებელია ინფექციის გავრცელების რისკის შემცირება და სიმპტომების შემსუბუქება მოიცავს შემდეგ რჩევებს:
- სინათლის მიმართ მგრძნობელობის შემცირების მიზნით ჩამოაფარეთ ფარდები
- თვალების გასაწმენდად ნესტიანი ბამბა გამოიყენეთ
- სიცხის დაწევისთვის, ქავილისა და ტკივილის შესამცირებლად მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (ასპირინის მიღება 16 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება)
- გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) თავიდან ასაცილებლად დიდი რაოდენობით სითხის მიღება
- დარჩით სახლში და არ წახვიდეთ სკოლაში ან სამსახურში პირველი გამონაყარის გაჩენიდან 4 დღის განმავლობაში
წითელას მძიმე შემთხვევების დროს, განსაკუთრებით გართულებების არსებობისას, შეიძლება ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.
წითელას გართულებები
წითელას შეიძლება ძალიან სერიოზული და ხანდახან სიცოცხლისათვის საშიში გართულებები სდევდეს თან, მათ შორის ფილტვებისა (პნევმონია) და თავი ტვინის (ენცეფალიტი) ბაქტერიული ინფექცია.
სერიოზული გართულებების განვითარების რისკის მქონე პაციენტების უმრავლესობა 12 თვემდე ასაკის ჩვილები, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვები, თინეიჯერები და ზრდასრულები არიან.
დადგენილია, რომ ყოველწლიურად ყოველი 5 000 წითელით დაავადებული პირიდან ერთი სერიოზული გართულებების შედეგად იღუპება
კომენტარის დამატება