Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » წებოვანი ყური

წებოვანი ყური

165

ე.წ. „წებოვანი ყური“ ბავშვებში გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც შუა ყური ივსება სითხით. „წებოვან ყურს“ სამედიცინო ლიტერატურაში გამონადენის მქონე შუა ოტიტის სახელწოდებით შეხვდებით.

 

ცნობილია, რომ მთელს მსოფლიოში, ორ წლამდე ასაკის ყოველი 5 ბავშვიდან ერთს „წებოვანი ყური“ უვითარდება და ყოველი 10 წლის ასაკამდე მიღწეულ ყოველი 10 ბავშვიდან რვას  „წებოვანი ყური“ ერთხელ მაინც ექნება გადატანილი.

წებოვანი ყურის მთავარი სიმპტომი ერთ, ან ორივე ყურში სმენის დაკარგვაა. ამ დროს ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ყურები თითებით გაქვთ დაცული.

ნიშნები, რომელიც თქვენი ბავშვის სმენის პრობლემაზე მიუთითებს მოიცავს:

  • საუბრის გაგრძელების სირთულე
  • სმენის დაქვეითების გამო გაღიზიანებადობა
  • ტელევიზორის ხმის რეგულარულად მომატება

 

ბავშვის სმენის პრობლემების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს.

რა იწვევს „წებოვანი ყურის“ განვითარებას?

შუა ყური, ყურის ნაწილია, რომელიც ყურის დაფის აპკის უკან მდებარეობს. ის სამი თხელი ძვლისგან შედგება, რომლებიც ხმის ვიბრაციას დაფის აპკიდან შიგნითა ყურამდე ატარებენ. წებოვან ყურთან დაკავშირებული სითხის დაგროვება ამ ძვლების თავისუფალ მოძრაობას ზღუდავს, რის გამოც მათ ვიბრაციის შიგნითა ყურში გატარება აღარ შეუძლიათ, შესაბამისად სმენაც ქვეითდება.

სითხის დაგროვების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მას იმ მილის პრობლემასთან აკავშირებენ, რომელიც შუა ყურს ყელის უკანა მხარესთან (ევსტაქის მილი) აკავშირებს. ამ მილის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია შუა ყურიდან სითხის დრენირებაა.

ფიქრობენ, რომ ევსტაქის მილთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ადრე არსებული ყურის ინფექციით, თამბაქოს ბოლით გაღიზიანებით, ან ალერგიებით (allergies) იყოს გამოწვეული. წებოვანი ყური ცურვის ან შხაპის მიღების დროს წყლის ყურში ჩასვლასთან ან გოგირდის დაგროვებასთან არაა დაკავშირებული.

მოიაზრება, რომ წებოვანი ყურის განვითარების რისკს შეიძლება ზრდიდეს:

  • იმ სახლში ცხოვრება, სადაც მოზრდილები ეწევიან
  • ბავშვობაში ბუნებრივის ნაცვლად, ხელოვნური რძით (ფორმულით) კვება
  • დედ-მამისშვილებს თუ წებოვანი ყური აწუხებდათ

„წებოვანი ყურის“ მკურნალობა

„წებოვანი ყურის“ შემთხვევათა უმეტესობა მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან მდგომარეობა მკურნალობის გარეშე, ჩვეულებრივ სამი თვის განმავლობაში უმჯობესდება.

მკურნალობის ჩატარება მაშინაა რეკომენდებული, როცა პათოლოგია სამ თვეზე დიდხანს გრძელდება და სმენის დაკარგვა იმდენად მკაფიოდ გამოიხატება, რომ ბავშვის მეტყველებისა და სასაუბრო ენის განვითარებას აფერხებს.

ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ წებოვანი ყურის მკურნალობა, მცირე ქირურგიული ჩარევით ხდება, რომელიც ყურში მცირე ზომის მილების (grommets) მოთავსებას გულისხმობს. ეს მილები სითხის დრენირების გაძლიერებისთვისაა საჭირო.

გართულებები

წებოვანი ყურის შესაძლო გართულებები ყურის ინფექციებს მოიცავს. გარდა ამისა, როცა სმენის დაქვეითება უფრო ძლიერია, შესაძლოა მეტყველებისა და სასაუბრო ენის განვითარების დროებითი დაყოვნება მოხდეს.

წებოვან ყურთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა მკურნალობის გარეშეც სწრაფად ლაგდება, თუმცა ხანდახან შემდგომი მკურნალობა შეიძლება მაინც გახდეს საჭირო.

უფროსები წებოვანი ყურით

წებოვანი ყური ზოგჯერ უფროსებშიც ვითარდება. უფროსებში დიაგნოზი და მკურნალობა ისევე ხდება, როგორც ბავშვებში.

თუ სიმპტომები სამი თვის განმავლობაში არ გამოსწორდა, შესაძლებელია ექიმმა გადაწყვიტოს ყურში მილის ჩადგმა სითხის ჩამოსაჟონად.

კომენტარის დამატება