Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ხორხის ანთება (ლარინგიტი)

ხორხის ანთება (ლარინგიტი)

2 303

ლარინგიტი ხორხის ანთებაა. უმეტეს შემთხვევაში მდგომარეობა ერთ კვირაში, მკურნალობის გარეშე უმჯობესდება.

ლარინგიტის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს უეცრად და ძირითადად უარესდება მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში. მისი ძირითადი სიმპტომებია:

  • ჩახლეჩილი ხმა
  • აუბრის გაძნელება
  • ყელის ტკივილი
  • მსუბუქი ცხელება (სიცხე)
  • გამაღიზიანებელი ხველა
  • მუდმივი ამოხველების სურვილი.

ხმის ჩახლეჩვა და ლაპარაკის სიძნელე ძირითადად უარესდება ყოველდღიურად, მთელი ავადმყოფობის პერიოდში და შეიძლება გაგრძელდეს სხვა სიმპტომების გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში, ხორხი შეიძლება შეშუპდეს და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელებაც. ეს ზრდასრულ ადამიანებში იშვიათია, მაგრამ შეიძლება მოხდეს პატარა ბავშვებში, ვისაც უფრო წვრილი სასულე აქვს.

ლარინგიტი ხშირად დაკავშირებულია სხვა დაავადებებთან, როგორიცაა გაციება, გრიპი, ყელის ინფექციები (ფარინგიტი) ან ტონზილიტი, ამიტომ ამ დროს შესაძლებელია სხვა სიმპტომების ქონაც, როგორებიცაა:

  • თავის ტკივილი
  • შეშუპებული ჯირკვლები
  • სურდო
  • ტკივილი ყლაპვის დროს
  • დაღლილობის და ტკივილის შეგრძნება.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას

რადგან ლარინგიტი მკურნალობის გარეშე ხშირად თავისით უმჯობესდება, ჩვეულებრივ ექიმთან მიმართვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერია, ან გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს.

აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს განუვითარდა სუნთქვის გაძნელება.

რა იწვევს ლარინგიტს?

უმეტეს შემთხვევაში, ლარინგიტს იწვევს:

  • ვირუსული ინფექცია (როგორიცაა გაციება ან გრიპი ან
  • ხორხის დაზიანება - რაც ძირითადად ხდება ხმის დაძაბვის შედეგად.

ასეთ შემთხვევებში სიმპტომების უმრავლესობა ძირითადად ერთ კვირაში გაგივლით, ამას მწვავე ლარინგიტი ეწოდება.

ლარინგიტს იშვიათად სხვა გამომწვევი მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, ან ალერგიული რეაქციები (allergic reaction) და მათი სიმპტომები შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამას ქრონიკული ლარინგიტი ეწოდება.

როგორ მკურნალობენ ლარინგიტს

ლარინგიტის შემთხვევების უმეტესობა მკურნალობის გარეშე, თავისით გადის ერთ კვირაში. სახმო სიმების განკურნების დასაჩქარებლად არ მოწიოთ სიგარეტი, მოერიდეთ კვამლიან გარემოს, მიიღეთ ბევრი სითხე (განსაკუთრებით წყალი) და შეძლებისდაგვარად კარგად დაასვენეთ ხმა.

ზოგიერთ შემთხვევაში ლარინგიტის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა შესაძლებელია. მაგალითად, თუ სიმპტომებს ალერგიული რეაქცია იწვევს, მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას ან მიიღეთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

როგორ ხდება ლარინგიტის პრევენცია

ლარინგიტის პრევენცია ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან მას უმეტესწილად გავრცელებული ვირუსული ინფექციები იწვევს, როგორებიცაა გაციება ან გრიპი, რომელთა თავიდან აცილება რთულია.

თუმცა, მისი განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

  • გაიკეთეთ ყოველწლიური გრიპის ვაქცინაცია (flu vaccine), თუ ამის რეკომენდაციას გაგიწევთ ექიმი
  • დაიცავით ჰიგიენის კარგი ნორმები - როგორიცაა ხელების დაბანა ჭამის წინ და ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა გაციება, ან გრიპი, განსაკუთრებით თუ ხართ ლარინგიტისადმი მიდრეკილი
  • მოერიდეთ გამაღიზიანებლებს, როგორიცაა კვამლი ან მტვერი -განსაკუთრებით თუ ხართ გაციებული ან გაქვთ სასუნთქი გზების სხვა ინფექციები
  • არ მოწიოთ სიგარეტი
  • არ დალიოთ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი ალკოჰოლი
  • როდესაც გძინავთ თავი აწიეთ უფრო მაღლა, ბალიშის საშუალებით - ეს დაგიცავთ ხორხის გაღიზიანებისგან, კუჭიდან სიჟავის ამოსვლის შეფერხებით
  • არ იყვიროთ და არ იმღეროთ ხმამაღლა დიდი ხნის განმავლობაში.

ხორხი

ხორხი არის მილის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც განთავსებულია სასულის (ტრაქეას) შესასვლელში. ყელის წინა მხარეს არსებული გამოზნექილობა, რომელსაც “ადამის ვაშლს” უწოდებენ არის ხორხი.

ხორხს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს:

  • ის ეხმარება ჟანგბადის სასულეში მიმართვას, სუნთქვის დროს
  • ფუნქციონირებს, როგორც სარქველი, რომელიც ხურავს სასულეს ყლაპვის დროს, რომ არ მოხდეს საჰაერო გზებში საკვების ან სითხის მოხვედრა
  • შეიცავს ხმის ქორდებს, რომლებიც ვიბრირებენ ჰაერის მოძრაობის დროს და წარმოქმნიან ხმოვან ბგერებს



კომენტარის დამატება