Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჯირკვლოვანი ცხელება (ინფექციური მონონულეოზი)

ჯირკვლოვანი ცხელება (ინფექციური მონონულეოზი)

243

ინფექციური მონონუკლეოზი, იგივე ჯირკვლოვანი ცხელება, ვირუსული ინფექციაა, რომელიც უმეტესად ემართებათ ახალგაზრდებს.

ხშირი სიმპტომებია:

  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38ºC ან მეტი
  • ყელის ძლიერი ტკივილი
  • კისრის ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
  • ძლიერი დაღლილობა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში გაივლის ორი სამი კვირის განმავლობაში. თუმცა იშვიათად დაღლილობის შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვეც.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს ინფექციური მონონუკლეოზი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ მის მკურნალობაში ექიმი ბევრად ვერ დაგეხმარებათ, ის შეძლებს სიმპტომების გასაკონტროლებლად მოგცეთ რჩევები და ასევე გირჩევთ, როგორ უნდა შეამციროთ ამ დაავადების სხვაზე გადადების რისკები.

აუცილებლად უნდა დარეკოთ 112-ზე და გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვს ინფექციური მონონუკლეოზი და ამასთანავე:

  • გაგივითარდათ სუნთქვის სიძნელეები, ან ხმაურიანი (ქოშინით) სუნთქვა
  • გიძნელდებათ სითხეების გადაყლაპვა
  • გაგივითარდათ ძლიერი მუცლის ტკივილი.

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ინფექციური მონონუკლეოზის გართულება და შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო ჰოსპიტალური მკურნალობა.

ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი მიზეზები

ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს ებშტეინ-ბარის ვირუსი.

ინფექციური მონონუკლეოზი გადადის ნერწყვით. ის შეიძლება გავრცელდეს:

  • კოცნით (მიჩნეულია ‘კოცნის დაავადებად’)
  • ხველისა და ცემინების შედეგად
  • საჭმელი და სასმელი ჭურჭლის გაზიარებით, როგორიცაა ჭიქა, გაურეცხავი ჩანგალი და კოვზი.

ებშტეინ-ბარის ვირუსი, ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებული ადამიანების ნერწყვში გვხვდება სიმპტომების გავლიდან რამდენიმე თვის შემდეგაც და ზოგიერთი ადამიანის ნერწყვში შეიძლება ცოცხლობდეს წლებიც.

თუ თქვენ გაქვთ ებშტეინ-ბარის ვირუსი, ავადმყოფობის პერიოდში, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია მიიღოთ პრევენციის ზომები, მაგალითად მოერიდოთ სხვა ადამიანების კოცნას. თუმცა არ არის აუცილებელი სხვებთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა, რადგან ინფექციის გავრცელების რისკები ზოგადად დაბალია.

ვის აზიანებს?

ინფექციური მონონუკლეოზი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ ყველაზე ხშირი ახალგაზრდებში და თინეიჯეობის ასაკშია.

ებშეტეინ-ბარის ვირუსები მოიაზრება, რომ ხვდებათ ბავშვებს და იწვევენ მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს, ან საერთოდ არ იწვევენ მათ.

თუმცა, თუ ადამიანს შეეყრება ეს ვირუსი ახალგაზრდობის ადრეულ წლებში, შეიძლება განუვითარდეს ინფექციური მონონუკლეოზიც.

ინფექციური მონონუკლეოზის ერთხელ გადატანის შემდეგ, ნაკლებად რეალურია მისი ხელმეორედ გამეორება, რადგან ორგანიზმი მის წინააღმდეგ შეიმუშავებს იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი

ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზის დასმისთვის ექიმი ფიზიკური გამოკვლევის დაწყებამდე გამოგკითხავთ სიმპტომებს. ის დააკვირდება დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, როგორიცაა შეშუპებული ლიმფური კვანძები, ჯირკვლები, ღვიძლი და ელენთა.

ექიმმა ასევე შეიძლება გირჩიოთ სისხლის ანალიზების გაკეთება, დიაგნოზის დასადატურებლად და რომ გამორიცხოს სხვა ინფექციები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სიმპტომების გამოწვევა, როგორებიცაა ციტომეგალოვირუსი, წითურა, ყბაყურა და ტოქსოპლაზმოზი.

ინფექციური მონონუკლეოზის მკურნალობა

ინფექციური მონონუკლეოზისთვის კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს და  ორიენტირებულია მხოლოდ სიმპტომების მოხსნაზე, სანამ ორგანიზმი თვითონ მოერევა ინფექციას.

ეს ზომები მოიცავს:

  • დიდი რაოდენობით სითხეების მიღებას
  • ურეცეპტოდ გაყიდვადი ტკივილგამაყუჩებლების მიღებას, როგორიცაა პარაცეტამოლი  ან იბუპროფენი
  • დასვენებას და აქტიურობის ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაზრდას ძალების მატებასთან ერთად.

იშვიათად, თუ განვითარდა გართულებები შეიძლება გამოყენებული იყოს ანტიბიოტიკები ან კორტიკოსტეროიდები.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში.

შესაძლო გართულებები

ინფექციურ მონონუკლეოზთან დაკავშირებული გართულებები ხშირი არ არის, მაგრამ აღმოცენების შემთხვევაში შეიძლება იყოს სერიოზული. გართულებები შეიძლება მოიცავდეს:

  • მეორად ინფექციებს ორგანიზმის სხვა ნაწილებში, მათ შორის ტვინში, ღვიძლში და ფილტვებში
  • ჯირკვლების მასიური შესიების შედეგად სუნთქვის გართულებას
  • ელენთის გახეთქვას, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა - ელენთა ინფექციასთან ბრძოლაში მონაწილე მნიშვნელოვანი ორგანოა და შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია
  • მწვავე ანემია (ჟანგბადის გადამტანი, სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა)

თუ ინფექციური მონონუკლეოზის დროს განიცადეთ უეცარი და ინტენსიური მუცლის ტკივილი, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას

კომენტარის დამატება