Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » ჰემოროიდები (ბუასილი)

ჰემოროიდები (ბუასილი)

436

ჰემოროიდები, ასევე ცნობილი როგორც ბუასილი არის ამოზნექილობები სწორ ნაწლავში ან მის მიმდებარედ გარეთ, რომელიც შედგება გადიდებული სისხლძარღვებისგან.

მრავალ შემთხვევაში ბუასილი არ იწვევს სიმპტომებს და ზოგიერთი ადამიანი ვერც აცნობიერებს, რომ აქვს ეს მდგომარეობა. თუმცა, თუ სიმპტომები განვითარდა, ისინი ძირითადად მოიცავს:

  • სისხლდენას კუჭში გასვლის შემდეგ (სისხლი ძირითადად ნათელი წითელი ფერისაა)
  • საჯდომის ქავილი
  • ანუსიდან (სწორნაწლავიდან) ქვევით ჩამოკიდებული გამონაზარდი, რომელსაც კუჭის მოქმედების შემდეგ სჭირდება მიწოლა, რომ უკან შებრუნდეს
  • კუჭში გასვლის შემდეგ ლორწოიანი გამონადენი
  • ტკივილი, სიწითლე და შეშუპება ანუსის ირგვლივ.

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას?

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ბუასილის ხანგძლივი, ან მძიმე სიმპტომები. აუცილებლად შეამოწმეთ გაქვთ თუ არა სისხლდენა უკანა ტანიდან, რომ ექიმმა შეძლოს უფრო სერიოზული მდგომარეობების გამორიცხვა.

ჰემოროიდების სიმპტომები ხშირად ალაგდება თავისით ან მარტივი სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება (იხილეთ ქვემოთ). თუმცა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა, ან თუ გაქვთ ტკივილი ან სისხლდენა.

ექიმმა ბუასილის დიაგნოზი შეიძლება მარტივად დასვას მხოლოდ უკანა ტანის შიგნიდან გასინჯვით, თუმცა დიაგნოზის დასადასტურებლად და მკურნალობის დასანიშნად, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალისტთან მიმართვაც.

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ბუასილის სიმპტომები არ სურთ ექიმთან მისვლა უხერხულობის გამო. თუმცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე სასურველია ამ მდგომარეობის დიაგნოზირება და მკურნალობა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს.

რა იწვევს ბუასილს?

ბუასილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა უკავშირდება ანუსში და ანუსის ირგვლივ მდებარე სისხლძარღვებში გაზრდილ წნევას. ამ წნევას უკანა ტანში არსებულ სისხლძარღვებში შეუძლია შეშუპების და ანთების გამოწვევა.

ბუასილის მრავალ შემთხვევებში მოიაზრება, რომ გამოწვეულია კუჭში გასვლის დროს ზედმეტი დაძაბულობის შედეგად, მაგალითად ყაბზობის (კუჭის შეკრულობის) დროს გახანგძლივებული ჭინთვის შედეგად. ქრონიკულ (ხანგძლივ) ფაღარათსაც შეუძლია უფრო მიდრეკილი გახადოს ადამიანი ან მდგომარეობის განვითარების მიმართ.

ბუასილის რისკს ასევე ზრდის:

  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე
  • ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად, სხეულის დამხმარე ქსოვილები თანდათანობით სუსტდება, რაც თავის მხრივ ზრდის ბუასილის განვითარების რისკს
  • ორსულობა - ორსულობის დროს შეიძლება გაიზარდოს წნევა მენჯის სისხლძარღვებში, რაც გამოიწვევს მათ გაფართოებას
  • ბუასილის ოჯახური ისტორია
  • მძიმე საგნების რეგულარულად აწევა
  • ხანგძლივი ხველა ან განმეორებითი ღებინებები
  • ხანგძლივი პერიოდებით ჯდომა.

პრევენცია და მკურნალობა

ბუასილის სიმპტომები  ხშირად, მკურნალობის გარეშე, თავისით ქრება რამდენიმე დღეში. ბუასილი, რომელიც ვითარდება ორსულობისას როგორც წესი უმჯობესდება მშობიარობის შემდეგ.

თუმცა, ხშირად რეკომენდირებულია ცხოვრების სტილის შეცვლა, რომ შეამციროთ სისხლძარღვების დაჭიმვა ანუსში და მის ირგვლივ. ამიტომ რეკომენდირებულია:

  • საკვებ რაციონში უჯრედისის (ბოჭკოების) შემცველი საკვების თანდათანობითი გაზრდა - უჯრედისის კარგი წყაროა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, როგორიცაა ლობიო, ოსპი... თხილეულობა და ა.შ.
  • დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს წყლის რაოდენობა და შემცირდეს კოფეინის შემცველი სითხეები და ალკოჰოლი
  • არ დააყოვნოთ ტუალეტში წასვლა კუჭის მოქმედების მოთხოვნისას - კუჭში გასვლის სურვილის დროს თავის შეკავება იწვევს განავლის გამოშრობას და გამაგრებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი დაძაბულობა კუჭში გასვლისას
  • კუჭის შემკვრელი წამლებისგან თავის არიდება - ასეთი წამლებია მაგალითად ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც შეიცავს კოდეინს
  • წონის დაკლება (ჭარბწონიანობის შემთხვევაში)
  • რეგულარული ვარჯიში - ვარჯიში დაგეხმარებათ ყაბზობის (კუჭის შეკრულობის) თავიდან აცილებაში, ასევე შეამცირებს წნევას და დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც.

ეს რჩევები ასევე დაგეხმარებათ ბუასილის ხელახლა დაბრუნების რისკის, ან მისი განვითარების რისკის შემცირებაშიც.

არსებობს წამლები, რომლებიც განკუთვნილია უკანა ტანში წასასმელად (ზედაპირული მკურნალობა) ან აბები, რომლებიც ამსუბუქებს სიმპტომებს და ასევე აადვილებს განავლის გამოსვლას.

უფრო მძიმე შემთხვევებში არსებობს მკურნალობის სხვადასხვა საშუალებები. ერთ-ერთი მეთოდი არის მოჭერის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს არა-ქირურგიულ მეთოდს და გულისხმობს ბუასილის გარშემო ძალიან მჭიდროდ მოჭერილი ელასტიური სახვევის დადებას, რომელიც შეაჩერებს მასში სისხლის ნაკადს. ამის შემდეგ ბუასილი თავისით მოძვრება დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.

ზოგჯერ გამოიყენება ქირურგიული ოპერაციაც, რომელიც კეთდება ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) და ითვალისწინებს ძალიან დიდი ზომის, ან გარეთ გამოსული ბუასილის ზომაში შემცირებას ან მოკვეთას

კომენტარის დამატება