Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გლომერულონეფრიტი / glomerulonefriti

გლომერულონეფრიტი / glomerulonefriti

164

გლომერულონეფრიტი თირკმელში არსებული თხელი ფილტრების (გლომერულები) დაზიანებაა.

ხშირად, მისი გამომწვევი მიზეზი იმუნური სისტემის მიერ ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანებაა.

უმეტეს შემთხვევაში გლომერულონეფრიტი შესამჩნევ სიმპტომებს არ იწვევს და ხშირად მისი დიაგნოსტიკა სხვა მიზეზით გაკეთებული სისხლისა და შარდის ანალიზის დროს ხდება.

მძიმე შემთხვევების დროს, გლომერულონეფრიტმა შესაძლოა შარდში ხილული სისხლის არსებობა ან ქაფიანი შარდის გამოყოფა გამოიწვიოს. ასევე შეიძლება ფეხების, ან სხეულის სხვა ნაწილის შეშუპება (ედემა) აღინიშნოს. შარდში სისხლის არსებობა ყოველთვის გლომერულონეფრიტზე არ მიუთითებს, მაგრამ სიმპტომების გამოსაკვლევად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.

რატომ ვითარდება გლომერულონეფრიტი?

ჩვეულებრივ, გლომერულონეფრიტი იმუნური სისტემის პათოლოგიის შედეგად ვითარდება, რომლის დროსაც თირკმლის ჯანმრთელი ქსოვილის მიმართ იმუნური პასუხი გამომუშავდება. მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი მიზეზი, მაგრამ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

პათოლოგიები, რომელთა დროსაც შესაძლოა იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები განვითარდეს ვასკულიტსა და სისტემურ წითელ მგლურას მოიცავს.

ზოგჯერ გლომერულონეფრიტი მწვავედ მიმდინარეობს, მაგრამ უმეტესად მას ქრონიკულობა ახასიათებს.

როგორ მკურნალობენ გლომერულონეფრიტს?

რეკომენდებული მკურნალობა მდგომარეობის გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ, დაავადების მსუბუქი ფორმის დროს, მკურნალობის ჩატარება არ არის აუცილებელი.

მკურნალობა შეიძლება მხოლოდ საკვები რაციონის ცვლილებებს, მაგალითად  მარილის რაოდენობის შემცირებას მოიცავდეს, რაც თირკმელების დატვირთვას შეამცირებს.

გლომერულონეფრიტის დროს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, მაგალითად ანტიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები ფართოდ გამოიყენება, რადგან ეს პრეპარატები თირკმლის ქსოვილს იცავს. თუ დაავადება იმუნური სისტემის პრობლემითაა განპირობებული, შეიძლება ასევე იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამოყენებაც გახდეს საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ეფექტურია, ზოგჯერ შემდგომი გართულებების განვითარება მაინც შესაძლებელია. გართულებები სისხლის მაღალ წნევას, სხვა ორგანოების დაზიანებას, თირკმლის ქრონიკულ დაავადებასა და თირკმლის უკმარისობას მოიცავს.

კომენტარის დამატება