Meds.ge » ყველა წამალი » როზულიპი / rozulipi / Rosulip

როზულიპი / rozulipi / Rosulip

55

პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემულ ჩანართ-ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაცია თავიდან ბოლომდე. 
• შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. 
• თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოთ მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების ანალოგიური სიმპტომები. 
• მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

რა შედის პრეპარატ როზულიპის შემადგენლობაში
• მოქმედი ნივთიერება არის როზუვასტატინი (როზუვასტატინი ცინკის ფორმით). გარსით დაფარული როზულიპის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ, 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ როზუვასტატინს. 
• დამატებითი ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი როზულიპი (მოქმედი ნივთიერება როზუვასტატინი) მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ სტატინები. ეს პრეპარატები გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) შემცველობის რეგულირებისათვის. ქოლესტერინი არის ლიპიდების ყველაზე გავრცელებული ფორმა. 
სისხლში ქოლესტერინი განისაზღვრება სხვადასხვა ფორმით: “მავნე” ქოლესტერინი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი) და სასარგებლო ქოლესტერინი (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი). პრეპარატ როზულიპს გააჩნია უნარი სისხლში შეამციროს “მავნე” ქოლესტერინის და გაზარდოს “სასარგებლო” ქოლესტერინის შემცველობა. პრეპარატი როზულიპი დაგენიშნათ თქვენ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის გამო, რაც ქმნის ინფარქტის და ინსულტის განვითარების წინაპირობას. 
თქვენთვის რეკომენდირებულია სტატინის მიღება იმის გამო, რომ დიეტების შეცვლა და ფიზიკური აქტივობის გაზრდა არ იყო საკმარისი სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. 
როზულიპი ახდენს თქვენი ორგანიზმის მიერ “მავნე” ქოლესტერინის გამომუშავების ბლოკირებას, ასევე აადვილებს სისხლიდან მის გამოდევნას.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატ როზულიპის მიღებისას ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე ეჭვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდირებული ამ პოპულაციის პაციენტებში პრეპარატით ჩატარებული თერაპიის უსაფრთხოების და ეფექტურობის მწირი მონაცემების გამო. 
პრეპარატ როზულიპით მკურნალობის დროს თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა და დაიცვათ სტანდარტული დიეტა ქოლესტრინის დაბალი შემცველობით. 
საწყისი დოზა
პრეპარატ როზულიპით მკურნალობა უნდა დაიწყოთ 5 მგ ან 10 მგ დოზით, თუნდაც ადრე ღებულობდით სხვა სტატინს დიდი დოზებით. სასტარტო დოზის არჩევა დამოკიდებული იქნება:
• სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციაზე;
• მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის ხარისხზე;
• ფაქტორების არსებობაზე, რომლებიც განსაზღვრავენ მომატებულ მიდრეკილებას გვერდითი ეფექტების განვითარებისადმი. 
პრეპარატ როზულიპის სასტარტო დოზის ასარჩევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატის მინიმალური დოზა (5 მგ), თუ: 
• ხართ აზიის მკვიდრი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);
• თქვენი ასაკი აღემატება 70 წელს;
• თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა;
• არსებობს კუნთის ტკივილის გაჩენის რისკი (მიოპათია) (იხ. ნაწილი “მიიღეთ პრეპარატი როზულიპი განსაკუთრებული სიფრთხილით”).
დოზის გაზრდა და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ როზულიპის დოზის გაზრდის შესახებ. ეს გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული სისხლის შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის მიმდინარე მაჩვენებლებზე, არასასურველი მოვლენების განვითარების რისკზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, ასევე თანმხლები პათოლოგიის არსებობაზე. დოზის გაზრდა შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ როზულიპის ოპტიმალური დოზის შესარჩევად. თუ თქვენ დაიწყეთ თერაპია 5 მგ დოზიდან, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება დოზის ორჯერ გაზრდის შესახებ 10 მგ-მდე, შემდეგ, საჭიროებისამებრ, 20 და 40 მგ-მდე. 
დოზის გაზრდისას საჭიროა 4 კვირიანი ინტერვალის დაცვა. 
პრეპარატ როზულიპის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 40 მგ დღეში, ეს დოზა ნაჩვენებია მხოლოდ პაციენტებისათვის სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით და ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მომატებული რისკით, ქოლესტერინის კონცენტრაციის არასაკმარისი შემცირებისას პრეპარატ როზულიპის 20 მგ-ანი დოზით თერაპიის ფონზე. 
ტაბლეტების მიღება
გადაყლაპეთ თითოეული ტაბლეტი მთლიანად, წყლის დაყოლებით.
მიიღეთ როზულიპი დღეში ერთხელ. როზულიპის მიღება შეგიძლიათ დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. 
შეძლებისდაგვარად მიიღეთ პრეპარატი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს, რათა არ გამოტოვოთ სადღეღამისო დოზა. 
სისხლის შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
ექიმთან ვიზიტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის რეგულარულ კონტროლს. ასეთი კონტროლი საჭიროა ქოლესტრინის სასურველი დონის მიღწევის და შენარჩუნების შესაფასებლად. 
ექიმს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება პრეპარატის დოზის გაზრდის შესახებ თქვენთვის ოპტიმალური დოზის შესარჩევად. თუ თქვენ წვებით საავადმყოფოში ან ღებულობთ დანიშნულებას სხვა პათოლოგიის სამკურნალოდ, შეატყობინეთ სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატ როზულიპს. 
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ როზულიპის მიღება 
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ როზუვასტატინის მიღება, ნუ აღელვდებით. გამოტოვეთ ეს დოზა და მიიღეთ მომდევნო დოზა განკუთვნილ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის კომპენსაციისათვის.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება 
ნუ შეწყვიტავთ პრეპარატ როზულიპის მიღებას თქვენი ექიმის გარეშე, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც თქვენ აგეღნიშნათ ორსულობის ნიშნები, არასასურველი გავლენის ნიშნები კუნთოვან სისტემაზე (კუნთების სისუსტე, მომატებული მგრძნობელობა, ტკივილი) ან მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები) (სახის, ტუჩების, ენის და სასუნთქი ყელის რბილი ქსოვილების შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამოხატული ქავილი და პაპულური გამონაყარი). თუ თქვენ შეწყვეტთ პრეპარატ როზულიპის მიღებას, შეიძლება მოიმატოს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციამ. 
თუ თქვენ გაგიჩნდათ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი პრეპარატ როზულიპის მიღების გაგრძელება
თქვენ უნდა გააგრძელოთ პრეპარატ როზულიპის მიღება სისხლში ქოლესტრინის დონის ნორმალიზების შემდეგ, რადგანაც პრეპარატის შემდგომი მიღება თავიდან აგაცილებთ შემდგომში ქოლესტრინის შემცველობის გაზრდას. ამისდა მიუხედავად, თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის რეკომენდაციით, ასევე ორსულობის შემთხვევაში. 
პრეპარატ როზულიპით მკურნალობის დროს თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა და დაიცვათ სტანდარტული დიეტა ქოლესტრინის დაბალი შემცველობით. 
ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს სისხლში ქოლესტერინის მაღალ შემცველობას, რადგანაც ამ ადგომარეობას თან არ ახლავს რაიმე სიმპტომები. მიუხედავად ამისა, სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ქოლესტერინი ილექება სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს მათი სანათურის დახშობას.
ზოგიერთ შემთხვევებში ხდება ასეთი შევიწროვებული სისხლძარღვების სრული დახშობა, რაც იწვევს გულის ან თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევას ინფარქტის ან ინსულტის განვითარებით. თუ თქვენ მოახდენთ სისხლში ქოლესტერინი დონის სტაბილიზირებას, ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკი შემცირდება.
პრეპარატ როზულიპის მიღებამდე
ნუ მიიღებთ როზულიპს: 
• თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების მიმართ (როზუვასტატინის), ან პრეპარატ როზულიპის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ; 
• თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ თქვენ გაიგეთ ორსულობის შესახებ პრეპარატ როზულიპით თერაპიის დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს. ქალებმა, რომლებიც ღებულობენ როზულიპს, თავი უნდა დაიზღვიონ ორსულობისაგან და გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო საშუალებები (მაგ., პრეზერვატივი, საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ან ჰორმონალური კონტრაცეპტივები);
• თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
• თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
• თუ თქვენ გაქვთ მორეციდივე ან კუნთების აუხსნელი ტკივილი;
• თუ თქვენ ღებულობთ სამკურნალო პრეპარატს სახელწოდებით “ციკლოსპორინი” (ის თრგუნავს იმუნურ პასუხს და გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ). 
თუ ზემოთ ჩამოთვლიდან ნებისმიერი მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან გიჩენთ ეჭვებს), მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
როზულიპის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდირებული ამ პოპულაციის პაციენტებში პრეპარატით ჩატარებული თერაპიის უსაფრთხოების და ეფექტურობის მწირი მონაცემების გამო. 
ამის გარდა, ნუ მიიღებთ როზულიპს დოზით 40 მგ (მაქსიმალური დოზა):
• თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევები (თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს);
• თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია;
• თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ კუნთების მორეციდივე ან აუხსნელი ტკივილი; თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს ადრე აგეღნიშნებოდათ დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან, ასევე, 
თუ თქვენ ადრე აგეღნიშნებოდათ დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან სხვა პრეპარატის მიღების ფონზე, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს;
• თუ თქვენ რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს მოცულობით, რომელიც აღემატება: 200 მლ ღვინოს, 2 ბოკალ ლუდს ან 60 მლ მაგარ სასმელს მამაკაცებისათვის, ან 100 მლ ღვინოს, 1 ბოკალ ლუდს ან 30 მლ მაგარ სასმელს ქალებისათვის;
• თუ ხართ აზიის მკვიდრი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);
• თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, სახელდობრ ფიბრატებს.
თუ ზემოთ ჩამოთვლიდან ნებისმიერი მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან გიჩენთ ეჭვებს), მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატ როზულიპმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს. 
მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცოდეთ ამ გვერდითი ეფექტების შესახებ. ჩვეულებრივ მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და სწრაფად ქრებიან.
შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ აგეღნიშნათ ერთ-ერთი შემდეგი ალერგიული რეაქცია:
• სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპებით, ან ასეთის გარეშე;
• სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის გაძნელებას;
• გამოხატული კანის ქავილი (პაპულური გამონაყარით). 
ამის გარდა, შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აგეღნიშნათ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო დიდხანს. სხვა სტატინებით თერაპიის ანალოგიურად, როზუვასტატინის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნებოდა არასასურველი ეფექტები კუნთოვანი სისტემის მხრიდან, უფრო იშვიათად ასეთ არასასურველ ეფექტებს თან ახლდათ სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, დაკავშირებული კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებასთან – რაბდომიოლიზთან. 
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 100-დან 1-10 პაციენტს)
• თავის ტკივილი;
• ტკივილები მუცლის არეში;
• შეკრულობა;
• შეუძლოდ ყოფნა;
• კუნთების ტკივილი;
• სისუსტის შეგრძნება;
• თავბრუსხვევა;
• შარდში ცილების შემცველობის მომატება (აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენებისას 40 მგ–იანი დოზით, როგორც წესი, შარდში ცილის კონცენტრაცია ნორმალიზდება დამოუკიდებლად და არ არსებობს პრეპარატ როზულიპით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა). 
არახშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 1000-დან 1-10 პაციენტს)
• გამონაყარი;
• კანის ქავილი;
• ჭინჭრის ციება;
• შარდში ცილების შემცველობის მომატება (აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენებისას დოზით 5 მგ, 10 მგ და 20 მგ; როგორც წესი, შარდში ცილის კონცენტრაცია ნორმალიზდება დამოუკიდებლად და არ არის პრეპარატ როზულიპით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა). 
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 10000-დან 1-10 პაციენტს)
• მძიმე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) – სიმპტომატიკა შეიცავს სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპებას, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას, გამოხატულ კანის ქავილს (პაპულური გამონაყარით). თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ თქვენ განგივითარდათ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
• კუნთების დაზიანება – სიმპტომატიკა შეიცავს კუნთების სისუსტეს, მომატებულ მგრძნობელობას და კუნთების ტკივილს. იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს უვითარდებოდათ კუნთოვანი ქსოვილის მძიმე დაზიანება (ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი), თანმხლები სისუსტით, ციებ-ცხელებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნათ მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივი კუნთების უჩვეულო ტკივილი. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა, რომელიც იძლევა კუნთოვანი სისტემის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას;
• ძლიერი ტკივილები მუცლის არეში, დაკავშირებული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებასთან;
• სისხლში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება. 
ძალზედ იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 10000-დან 1-10 პაციენტს)
• სიყვითლე (კანის და თვალების ყვითელი შეფერილობა);
• ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
• შარდში სისხლის მინარევის არსებობა;
• ზედა და ქვედა კიდურების პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, დაბუჟება);
• სახსრების ტკივილი;
• მახსოვრობის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა მისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე)
• დიარეა (ხშირი და თხელი განავალი);
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის, პირის ღრუს, თვალის და გენიტალიების ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანება, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა). ამ მძიმე კანის რეაქციის ნებისმიერ გამოვლინებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
• ხველება;
• გაძნელებული სუნთქვა;
• შეშუპება;
• ძილის დარღვევა, უძილობის და კოშმარული სიზმრების ჩათვლით;
• სასქესო ფუნქციის დარღვევა;
• დეპრესია;
• სუნთქვის დარღვევა, ხველების, ქოშინის ან ციებ-ცხელების ჩათვლით.
მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაკოლოგს. 

ორსულობა და ლაქტაცია
ნუ მიიღებთ პრეპარატ როზულიპს, თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ თქვენ გაიგეთ ორსულობის შესახებ პრეპარატ როზულიპით თერაპიის დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენ მკურნალ ექიმს. ქალებმა, რომლებიც ღებულობენ როზულიპს, თავი უნდა დაიზღვიონ ორსულობისაგან და გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო საშუალებები (მაგ., პრეზერვატივი, საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ან ჰორმონალური კონტრაცეპტივები).
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ პრეპარატი როზულიპი 
• თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თირკმელების მხრივ;
• თუ თქვენ ადრე გქონდათ გამოვლენილი ღვიძლის პათოლოგია. ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის საწყისი პათოლოგიით, ასევე პირებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლის დიდ რაოდენობას. თუ თქვენ ადრე გქონდათ პრობლემები ღვიძლის მხრივ, ასევე, თუ თქვენ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს როზუვასტატინის მიღების დაწყებამდე; 
• თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ კუნთების მორეციდივე ან აუხსნელი ტკივილი; თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს ადრე აგეღნიშნებოდათ დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან, ასევე, თუ თქვენ ადრე აგეღნიშნებოდათ დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან სხვა პრეპარატის მიღების ფონზე, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ თქვენ გაწუხებთ კუნთების აუხსნელი ტკივილი, გასნაკუთრებით თუ მას ახლავს შეუძლოდ ყოფნა ან ციებ-ცხელება, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს; 
• თუ თქვენ რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს მოცულობით, რომელიც აღემატება: 200 მლ ღვინოს, 2 ბოკალ ლუდს ან 60 მლ მაგარ სასმელს მამაკაცებისათვის, ან 100 მლ ღვინოს, 1 ბოკალ ლუდს ან 30 მლ მაგარ სასმელს ქალებისათვის;
• თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია; 
• თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, სახელდობრ ფიბრატებს. ყურადღებით გაეცანით მოცემულ ჩანართ-ფურცელს, თუნდაც თქვენ წარსულში ღებულობდით ქოლესტერინის დამწევ სხვა სამკურნალო საშუალებებს;
• თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს, განკუთვნილს აივ ინფექციასთან ბრძოლისათვის, მაგალითად, ლოპინავირ/რიტონავირს (იხ. ნაწილი “სხვა პრეპარატების მიღება”);
• თუ თქვენი ასაკი აღემატება 70 წელს (თქვენმა ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს პრეპარატ როზულიპის სასტარტო დოზა);
• თუ ხართ აზიის მკვიდრი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს პრეპარატ როზულიპის სასტარტო დოზა. 
• თუ თქვენ აგეღნიშნებათ სუნთქვის მძიმე უკმარისობის ნიშნები. 
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან გიჩენთ ეჭვებს):
• ნუ მიიღებთ როზულიპს დოზით 40 მგ (მაქსიმალური დოზა) და ნებისმიერი დოზით პრეპარატ როზულიპის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
ზოგიერთ შემთხვევაში სტატინებით თერაპიას შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ამ ორგანოს ფუნქციაზე სტატინების არასასურველი გავლენა ვლინდება სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის გაზრდით. ამასთან დაკავშირებით თქვენი ექიმი რეგულარულად შეაფასებს ღვიძლის ფუნქციონალურ სინჯებს, როგორც პრეპარატ როზულიპით თერაპიის დაწყებამდე, ასევე თერაპიის დროს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიყვეთ ლაბორატორული გამოკვლევების გეგმას.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა 
უმეტეს შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც იღებენ როზულიპს შეუძლიათ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა, რადგანაც ამ პრეპარატით თერაპია არ ახდენს გავლენას შესაბამის უნარზე. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტს პრეპარატ როზულიპის მკურნალობის ფონზე შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა. თუ თქვენ გრძნობთ თავბრუსხვევას, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან მანამდე, ვიდრე შეუდგებით ავტომობილის და მექანიზმების მართვას. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ როზულიპის ზოგიერთ ინგრედიენტებზე 
თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ნახშირწყლების აუტანლობა (ლაქტოზა ან რძის შაქარი), დაუკავშირდით თქვენს ექიმს ვიდრე დაიწყებთ პრეპარატ როზულიპის მიღებას.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ როზულიპის ჭარბი დოზა 
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატ როზულიპის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ექიმის დახმარება. 
თუ თქვენ წვებით საავადმყოფოში ან ღებულობთ დანიშნულებას სხვა პათოლოგიის სამკურნალოდ, შეატყობინეთ სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატ როზულიპს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაკოლოგს თუ რა პრეპარატებს იღებთ ან იღებდით ბოლო დროს, ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატების ჩათვლით.
თუ თქვენ ღებულობთ (ღებულობდით) ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ პრეპარატს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. 
ამ სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოლოგიური ეფექტები შეიძლება შეიცვალოს პრეპარატ როზულიპით თერაპიის ფონზე, ან პირიქით, პრეპარატ როზულიპის ეფექტი შეიძლება იქნას მოდიფიცირებული ქვემოთ მითითებული პრეპარატების მოქმედებით. 
• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ტრანსპლანტანტის მოცილების პროფილაქტიკის მიზნით. როზუვასტატინთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, უკანასკნელის ეფექტი ძლიერდება). ნუ მიიღებთ პრეპარატ როზულიპს, თუ თქვენ გიტარდებათ თერაპია ციკლოსპორინით. 
• ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი, სინკუმარი) (პრეპარატ როზულიპთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ანტიკოაგულანტების ეფექტი და სისხლდენის რისკი).
• სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელი სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ასევე ახდენენ ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის ნორმალიზაციას (მაგალითად, გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). თანმხლები გამოყენებისას როზუვასტატინის ეფექტი ძლიერდება. ნუ მიიღებთ ერთდროულად პრეპარატ როზულიპს დოზით 40 მგ (მაქსიმალური დოზა) და ფიბრატებს. ფიბრატებით თანმხლები თერაპიისას რეკომენდირებულია პრეპარატ როზულიპის სასტარტო დოზის შემცირება 5 მგ-მდე. 
• ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს (მაგალითად, ეზეტიმიბი, რომელიც მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სანათურიდან ქოლესტერინის შეწოვის დათრგუნვის ხარჯზე).
• ანტიბაქტერიული პრეპარატები (მაგალითად, ერითრომიცინი). ამ პრეპარატებთან ერთად ერთდროულად გამოყენებისას როზუვასტატინის ეფექტურობა მცირდება. 
• პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები). როზუვასტატინით თერაპიის ფონზე ძლიერდება სასქესო ჰორმონების შეწოვა. 
• შენაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (სისხლში ჰორმონების კონცენტრაციის გაზრდა). 
• ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ (ეგრეთწოდებული აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად, ლოპინავირი/რიტონავირი). ერთდორულად გამოყენებისას ეს პრეპარატები აძლიერებენ როზუვასტატინის ეფექტს. არ არის რეკომენდირებული პრეპარატ როზულიპის ერთდორულად აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებთან მიღება. 
პრეპარატ როზულიპის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად 
როზულიპის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. 

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ნუ გამოიყენებთ პრეპარატ როზულიპს შეფუთვაზე და ბლისტერებზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მიმდინარე თვის ბოლო დღეს. 
ნუ გამოიყენებთ როზულიპს, თუ თქვენ შენიშნავთ პრეპარატის უხარისხობის ნიშნებს (მაგ., ფერის შეცვლას). 
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების უტილიზება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან გამდინარე წყალთან. სამკურნალო პრეპარატების უტილიზაციის შესახებ კითხვები უნდა დაუსვათ თქვენს ფარმაცევტს. უტილიზაციის წესების დაცვა ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
ნუ გამოიყენებთ პრეპარატ როზულიპს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მიმდინარე თვის ბოლო დღეს. 
ნუ გამოიყენებთ როზულიპს, თუ თქვენ შენიშნავთ პრეპარატის უხარისხობის ნიშნებს (მაგ., ფერის შეცვლას).

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კომენტარის დამატება