Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გასტროპარეზი / gastroparezi

გასტროპარეზი / gastroparezi

354

გასტროპარეზი არის ქრონიკული (ხანგრძლივი) მდგომარეობა, როდესაც კუჭს არ შეუძლია ნორმალურად გათავისუფლდეს საჭმლისგან.

ეს ნიშნავს, რომ საჭმელი კუჭიდან ჩვეულებრივზე უფრო ნელა გამოდის და იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • ძალიან მალე დანაყრების შეგრძნებას
  • გულის რევის შეგრძნებას და ღებინებას
  • მადის დაკარგვას
  • წონის დაკლებას
  • შებერილობას
  • მუცლის ტკივილს ან დისკომფორტს
  • გულძმარვას.

ეს სიმპტომები შეიძება იყოს მსუბუქი და ძლიერი და მიდრეკილია მოვლითი ხასიათისკენ.

თუ ფიქრობთ რომ გაქვთ გასტროპარეზი აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს პოტენციურად სერიოზული გართულებები, კერძოდ:

  • დეჰიდრატაცია - ღებინების შედეგად
  • გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის დაავადება – როდესაც, კუჭის სიმჟავე იჟონება კუჭიდან საყლაპავ მილში
  • მალნუტრიცია – როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის რაოდენობა მკვებავ ნივთიერებებს
  • არაპროგნოზირებადი შაქრის (გლუკოზის) დონე სისხლში - ეს განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით დაავადებულებისთვის (იხილეთ ქვემოთ).

რა იწვევს გასტროპარეზს?

გასტროპარეზის მიიჩნევა, რომ გამოწვეულია კუჭის დაცარიელების მაკონტროლებელი ნერვების და კუნთების პრობლემებით. თუ ნერვები დაზიანებულია, კუჭისა და ნაწლავის კუნთებიარ ფუნქციონირებენ შესაბამისად და შენელებულია საჭმლის გადატანაც.

მრავალ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზი უცნობია და მდგომარეობას ეწოდება იდიოპათური გასტროპარეზი.

დაავადების ცნობილი შემთხვევები ძირითადად მოიცავს ცუდად კონტროლირებულ ტიპი 1 დიაბეტს, ან ტიპი 2 დიაბეტს. კუჭის ნერვები შეიძლება დაზიანდეს სისხლში გლუკოზის დიდი რაოდენობით არსებობის გამო. ამიტომ, დიაბეტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გლუკოზის დონის დაარეგულირება და მუდმივი კონტროლი.

იხილეთ მეტი თემაზე ჯანმრთელი ცხოვრება დიაბეტთან ერთად.

გასტროპარეზი ასევე შეიძლება იყოს ქირურგიული ოპერაციის შემდგომი გართულება, როგორიც არის წონის დასაკლები (ბარიატრიული) ქირურგიული ოპერაცია, ან გასტრექტომია (კუჭის ნაწილის ამოჭრა).

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტები, როგორიც არის ოპიუმიდური ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად მორფინი) და ზოგიერთი ანტიდეპრესანტები
  • პარკინსონის დაავადება - მდგომარეობა, როდესაც ტვინის ნაწილი პროგრესულად ზიანდება, წლების განმავლობაში
  • სკლეროდერმა, იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც წარმოიქმნება მაგარი, გასქელებული ადგილები კანზე და ასევე ზოგჯერ ახასიათებს შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების პრობლემები
  • ამილოიდოზი, იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადებების ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია ანომალიური პროტეინის ჩალაგებით ქსოვილებსა და სხვადასხვა ორგანოებში.

დიაგნოზირება

გასტროპარეზის დიაგნოზის დასასმელად, ექიმი დაინტერესდება სიმპტომებით, სამედიცინო ისტორიით და შეიძლება დანიშნოს სისხლის ზოგიერთი ანალიზი.

ამისთვის შეიძლება გადაგამისამართონ კლინიკაში, შემდეგი დიაგნოსტიკური ტესტების ჩასატარებლად:

  • ბარიუმით ჩატარებული რენტგენი - თქვენ მიიღებთ სითხეს, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერება - ბარიუმს, ის ჩანს რენტგენოგრამაზე და საშუალებას აძლევს რადიოლოგს დაინახოს, თუ როგორ მოძრაობს ბარიუმი თქვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაში
  • კუჭის დაცლის სკანირება სინტიგრაფიის (scintigraphy) გამოყენებით - ამ დროს თქვენ მიიღებთ დაბლენდერებულ საკვებს (ხშირად ეს არის კვერცხი), რომელიც შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით რადიოაქტიურ ნივთიერებას და მას აღიქვამს სკანირების აპარატი - გასტროპარეზის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ 10%- ზე მეტი დაბლენდერებული საკვები დარჩება კუჭში ჭამიდან 4 საათის გასვლის შემდეგ
  • უსადენო კაფსულის ტესტი -ამ დროს თქვენ ყლაპავთ პატარა ელექტრულ მოწყობილობას, რომელიც მიმღებ მოწყობილობასთან უსადენოდ აგზავნის ინფორმაციას, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს ეს მოწყობილობა საჭმლის მომნელებელ სისტემაში
  • ენდოსკოპია, თხელი, დრეკადი მილი შეჰყავთ პირის ღრუდან კუჭში, რათა დაათვალიერონ კუჭის ამომფენი გარსი და გამორიცხონ სხვა შესაძლო პრობლემები.

როგორ ხდება მისი მკურნალობა?

გასტროპარეზი ჩვეულებრივ არ იკურნება, მაგრამ შეგიძლიათ მიიღოთ ზომები კვების ცვლილებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის სახით, რითაც შეძლებთ გააკონტროლოთ ეს მდგომარეობა. ეს ზომები მოცემულია შემდეგ აბზაცებში.

ცვლილებები კვებაში

ქვემოთ ჩამოთვლილი მითითებები შეიძლება დაგეხმაროთ:

  • დღეში სამჯერ კვების ნაცვლად, გამოიკვებეთ უფრო ხშირი და მცირე ულუფებით - ეს ნიშნავს, რომ კუჭში იქნება შედარებით ცოტა რაოდენობით საკვები და ამიტომ მისი გადატანა საკვების მომნელებელ სისტემაში გამარტივდება
  • მიირთვით რბილი (კარგად მომზადებული) და თხევადი საკვები, რომლებიც მარტივი მოსანელებელია
  • კარგად დაღეჭეთ საკვები გადაყლაპვამდე
  • მიიღეთ არა-გაზირებული სასმელი ყოველი კვების დროს.

ასევე, შეიძლება დაგეხმაროთ ძნელად მოსანელებელი საკვებისგან თავის არიდება, როგორებიცაა კანიანი ვაშლი, ან ბოჭკოებით მდიდარი საკვები, მაგალითად ფორთოხალი და ბროკოლი, ისევე როგორც ცხიმით მდიდარი საკვები (რომელმაც ასევე შეიძლება შეანელოს საჭმლის მონელება.

წამლები

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუმჯობესონ სიმპტომები:

  • დომპერიდონი (Domperidone), რომელიც უნდა მიიღოთ ჭამამდე, რათა შეიკუმშოს კუჭის კუნთები და გადაიტანოს საკვები.
  • ერითრომიცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც ასევე ეხმარება კუჭს შეკუმშვაში და შეიძლება დაეხმაროს საკვების გადატანაში
  • ანტიემეტური მედიკამენტები, რომლებიც აკონტროლებენ ღებინებას.

თუმცა, ამ წამლების გამოყენების შედეგად სიმპტომების შემსუბუქებაზე შედარებით შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს და მათ ასევე შეიძლება გამოიწვიონ სხვადასხვა გვერდითი ეფექტი, ამიტომ რისკების და დადებითი მოსალოდნელი ფაქტორების შესაფასებლად უმჯობესია წინასწარ გასაუბრება ექიმთან.

დომპერიდონისს მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზის რაოდენობით და რაც შეიძლება ცოტა ხნით, ამ წამლის გულთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მცირე, მაგრამ პოტენციური რისკის შედეგად.

დომპერიდონის მსგავსი წამალი, რომელსაც მეტოქლოპრამიდი (metoclopramide) ეწოდება, ხშირად გამოიყენებოდა გასტროპარეზით დაავადებულ ადამიანთა სამკურნალოდ. მაგრამ ეს წამალი აღარ არის ფართოდ გამოყენებადი და რეკომენდირებული, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღების შედეგად განვითარებული გვერდითი ეფექტების, როგორებიცაა კუთების სპაზმები და კრუნჩხვების გამო.

ელექტრული სტიმულაცია

ეს ახალი სტიმულაცია შეიძლება სცადონ იმ შემთხვევაში, თუ კვების ცვლილებამ და მედიკამენტებმა არ გააუმჯობესა სიმპტომები.

ამ დროს, ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით, ქირურგიული წესით, მუცლის კანის ქვეშ აყენებენელემენტის მქონე მოწყობილობას. მისი ფუნქციაა ელექტრული რითმის წარმოქმნა.

მოწყობილობა შედგება ნეიროსტიმულატორისა და ორი სადენისგან. ორივე სადენის მასტიმულირებელი ელექტროდი დამაგრებულია კუჭის ქვედა ნაწილის კუნთოვან ნაწილზე და და მათი საერთო ბოლო მიმაგრებულია ნეიროსტიმულატორზე, რომელიც ჩასმულია მუცლის კანში.

როდესაც ნეიროსტიმულატორი ჩართულია, გარეგანი მაკონტროლებელი საშუალებით, ელექტრული იმპულსი მიდის კუჭამდე. სტიმულაციის სიჩქარე და ამპლიტუდა შეიძლება შევცვალოთ.

მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტურობა მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველა ადამიანისთვის არ იქნება ეს მეთოდი ეფექტური და ვისთვისაც იქნება, ეს ეფექტი თანდათან შესუსტდება 12 თვის განმავლობაში. ამიტომ მას არ განიხილავენ ყველა დაავადებული ადამიანისთვის.

არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ ამ ოპერაციის შემდეგ განვითარდება ინფექცია, მოწყობილობა შეიძლება გადაადგილდეს, ან შეიძლება გაკეთდეს ხვრელი კუჭის კედელზე, რაც მოწყობილობის ამოღების საჭიროების ნიშანი იქნება. გაესაუბრეთ ქირურგს შესაძლო გართულებების რისკების შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE-ს) 2004 წლის დირექტივები გასტროპარეზის შემთხვევაში გასტროელექტრული სტიმულაციის შესახებ (PDF, 37.64KB).

ბოტულიზმის ტოქსინი

გასტროპარეზის უფრო მძიმე შემთხვევებს შეიძლება ვუმკურნალოთ ბოტულინის ტოქსინის შეყვანით (ბოტოქსი) კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის არსებულ სარქველში, რათა მოადუნოს იგი და შეინარჩუნოს ღია მდგომარეობაში შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამით საკვებს უფრო ადვილად შეეძლება გადასვლა.

ინექციას აკეთებენ ენდოსკოპის მეშვეობით (თხელი, დრეკადი მილი), რომელიც პირის ღრუდან ჩაჰყავთ კუჭში.

ეს არის მკურნალობის ახალი მეთოდი და ზოგიერთი კვლევის მიხედვით ის შეიძლება არ იყოს ძალიან ეფექტური, ამიტომ ყველა ექიმი არ უწევს მას რეკომენდაციას.

საკვების მილი

ძალიან მძიმე ფორმის გასტროპარეზის შემთხვევაში, რომელიც არ უმჯობესდება კვების ცვლილებითა და მედიკამენტების მიღებით, შეიძლება სასარგებლო იყოს საკვები მილის გამოყენება.

არსებობს ბევრი სხვადასხვატიპის საკვები მილი - ზოგი არის დროებითი, ზოგი კი მუდმივი.

თავდაპირველად შეიძლება დროებითი საკვები მილის ცდა, რომელსაცეწოდება ცხვირ-მლივ ნაწლავთან მაკავშირებელი (nasojejunal) მილი, რომელსაც ათავსებენ ცხვირიდან, რათა პირდაპირ წვრილ ნაწლავში ჩაიტანოს საკვები.

საკვები მილი ასევე შეიძლება მოათავსონ პირდაპირ ნაწლავში ქირურგიული ჩარევით, მუცელზე განაკვეთის გაკეთებით. ამას ეწოდება ჯეჯუნოსტომია. თხევადი საკვები, რომელიც შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, შეიძლება ჩაასხან მილში, რომელიც შეაღწევს კუჭის გამოტოვებით პირდაპირ ნაწლავში და შეიწოვება.

ესაუბრეთ ექიმს საკვები მილის რისკებსა და სარგებელზე.

კვების ალტერნატიული მეთოდი მძიმე გასტროპარეზის დროს არის ინტრავენური (პარენტერალური) კვება, როდესაც თხევადი საკვები პირდაპირ შეიწოვება სისხლში კათეტერის მეშვეობით (თხელი დრეკადი მილი), რომელიც ჩადგმულია ვენაში.

ქირურგია

ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება გამოსადეგი იყოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რომლის დროსაც მუცლის გავლით, კუჭში დგამენ მილს. ეს მილი პაციენტმა პერიოდულად შეიძლება გახსნას აირების გამოსაშვებად, შებერილობის შესამსუბუქებლად.

ძალიან იშვიათად აკეთებენ გასასვლელს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის, რათა შესაძლებლობა მისცენ საკვებს, გადავიდეს უფრო მარტივად. ამას ეწოდება გასტროენტეროსტომია. ან უკიდურეს შემთხვევაში, კუჭს პირდაპირ აერთებენ წვრილი ნაწლავის მეორე ნაწილზე, რომელსაც მლივი ნაწლავი ეწოდება (გასტროჯეჯუნოსტომია).

ამ პროცედურებმა შეიძლება შეამციროს სიმპტომები, საკვების კუჭის გავლით ადვილად გადაადგილების გამო.

ექიმი განგიმარტავთ ამ პროცედურას დეტალებში და ასევე მოგაწვდით ინფორმაციას შესაძლო გართულებების შესახებ.

რჩევა დიაბეტით დაავადებულთათვის

გასტროპარეზის დროს საკვები ძალიან ნელა და არაპროგნოზირებულ დროში შეიწოვება ორგანიზმში.

თუ ამას დამატებით ემატება დიაბეტი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ძალიან დიდი რყევები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შაქრის დონის ყურადღებით კონტროლი.

ექიმს შეუძლია გირჩიოთ კვების რაციონში ან წამლებში რა ცვლილებების გაკეთება იქნება საჭირო. დიაბეტის ინსულინით მკურნალობის შემთხვევაში, შეიძება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის გაყოფა და გაკეთება ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. ასევე ინსულინის გაკეთება ისეთ ადგილებში საიდანაც შეწოვა უფრო ნელა მოხდება (როგორიცაა ბარძაყი.

დამატებით საჭირო იქნება სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი შემოწმებები.

გასტროპარეზით დაავადებულ ადამიანებში საჭმელი კუჭის გავლას ჩვეულებრივზე დიდი დროს ანდომებს.

კომენტარის დამატება