დივერტიკულური დაავადება და დივერტიკულიტი / divertikuluri daavadeba da divertikuliti
დივერტიკულური დაავადება და დივერტიკულიტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ის მდგომარეობებია, რომლებიც აზიანებენ მსხვილ ნაწლავს.
ნაწლავის კედელზე ვითარდება მცირე ზომის გამოზნექილობა ან ჯიბე (დივერტიკულა), რომელშიც შემდგომ ვითარდება ანთება ან ინფექცია.
დივერტილულური დაავადების სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- შებერილობის შეგრძნება.
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა უმეტესობას საერთოდ არ აღენიშნებათ სიმპტომები და ეს ცნობილია, როგორც დივერტიკულოზი.
დივერტიკულიტის სიმპტომები უფრო სერიოზულია და მოიცავს:
- მუცლის უფრო ძლიერ ტკივილს, განსაკუთრებით მარცხენა მხარეს
- მაღალ ტემპერატურას (სიცხეს) 38ºC ან მეტი
- დიარეა ან ნაწლავების ხშირი მოძრაობა.
დივერტიკულოზი, დივერტიკულური დაავადება და დივერტიკულიტი
დივერტიკულა
“დივერტიკულა” სამედიცინო ტერმინია, რომელიც გამოიყენება მსხვილი ნაწლავების გარეთ გამოზნექილი პატარა გამობერილობის აღსაწერად.
დივერტიკულა ხშირია და დაკავშირებულია ასაკის მატებასთან. ფიქრობენ, რომ გამობერილობის წარმოქმნას იწვევს მყარი განავალის გავლა ასაკთან დაკავშირებით დასუსტებულ მსხვილ ნაწლავში.
დადგენილია, რომ 40 წლის ასაკისთვის ადამიანთა 5%-ს აქვს დივერტიკულა და 80 წლის ასაკში სულ მცირე 50%-ს ექნება.
დივერტიკულური დაავადება
ოთხი ადამიანიდან ერთს, რომელსაც უვითარდება დივერტიკულა, აქვს მუცლის ტკივილი.
დივერტიკულასთან დაკავშირებული სიმპტომების არსებობას დივერტიკულური დაავადება ეწოდება.
დივერტიკულიტი
დივერტიკულიტი ასახავს ინფექციას, რომელიც აღმოცენდება გამობერილობაში ბაქტერიის მოხვედრის დროს. ეს იწვევს უფრო მძიმე სიმპტომებს.
დივერტიკულიტს შესაძლოა მოჰყვეს გართულებები, მაგალითად როგორიცაა ნაწლავში აბსცესის (ჩირქგროვის) ჩამოყალიბება.
დივერტიკულური დაავადებისა და დივერტიკულიტის მკურნალობა
უჯრედისით (ბოჭკოვანი ნივთიერებებით) მდიდარ დიეტას ხშირად შეუძლია დივერტიკულური დაავადებისა და დივერტიკულიტის სიმპტომების შემსუბუქება. პარაცეტამოლი კი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად - სხვა ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი, არ არის რეკომენდებული ხანგძლივად მისაღებად, რადგან შეიძლება გამოიწვიონ კუჭის გაღიზიანება.
მსუბუქი დივერტიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია სახლში ანტიბიოტიკებით. უფრო სერიოზულ ფორმას შესაძლოა დასჭირდეს ჰოსპიტალური მკურნალობა გართულებების თავიდან ასაცილებლად.
იშვიათად, როცა სერიოზული გართულებების რისკია, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, ნაწლავის დაზიანებული სეგმენტის ამოსაცლელად.
ვინ ემართება?
დივერტიკულური დაავადება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მდგომარეობაა.
2012-2013 წლებში, დივერტიკულიტის შემთხვევებით 113,983 მომართვა იყო ინგლისის საავადმყოფოებში.
დივერტიკულური დაავადება და დივერტიკულიტი ორივე სქესის ადამიანებს თანაბრად ემართება, თუმცა ახალგაზრდა ასაკში (50 წლამდე) უფრო გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. საერთო ჯამში, დივერტიკულიტის სიმპტომები ყველაზე დიდი ალბათობით იწყება 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
დივერტიკულური დაავადება ხშირად აღწერილია, როგორც ‘დასავლეთის დაავადება’, რადგან სიხშირე მაღალია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებში, ხოლო დაბალია - აფრიკისა და აზიის ქვეყნებში.
ამის მიზეზად მიჩნეულია ნაწილობრივ გენეტიკური ფაქტორები და ნაწილობრივ კვება. კვება მიჩნეულია მის გამომწვევად, რადგან დასავლეთის ქვეყნების ხალხი ბოჭკოვან საკვებს ნაკლები რაოდენობით იღებს.
50-70 წლის ადამიანები, რომლებიც იღებენ უჯრედისით მდიდარ საკვებს (დღეში 25 გრამი უჯრედისი), აქვთ 40%-ით დაბალი შანსი დივერტიკულარული დაავდების გართულებების შედეგად საავადმყოფოში მოხვედრისთვის.
უჯრედისი (ბოჭკოვანი ნივთიერებები)
დივერტიკულარული დაავადების მქონე ადამიანთა უმრავლესობისთვის, რეკომენდირებულია ყოველდღიურად 18-დან 30 გრამამდე უჯრედისის მიღება. ინდივიდუალური სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით ექიმს შეუძლია გირჩიოთ თქვენთვის საჭირო რაოდენობას.
უჯრედისით მდიდარი საკვებია:
- ცოცხალი ხილი
- მშრალი ხილი (ჩირი)
- ბოსტნეული
- პარკოსანი კულტურები, როგორიცაა ლობიო, ბარდა, მუხუდო და ა.შ.
- თხილეულობა, როგორიცაა ნუში, კაკალი, თხილი, არაქისი
- საუზმის ბურღულეული, როგორიცაა მაგალითად შვრია
- სახამებლიანი საკვები, როგორიცაა რუხი პური, ბრინჯი, მაკარონი.
საკვებ რაციონში უჯრედისის რაოდენობის გაზრდა რეკომენდირებულია ეტაპობრივად, ორი კვირის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ უჯრედისით მდიდარ საკვებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შემცირებაში, როგორიცაა შებერილობა და მეტეორიზმი. ასევე სასურველია დალიოთ დიდი რაოდენობით სითხეებიც.
კომენტარის დამატება