Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » დიაბეტი / diabeti

დიაბეტი / diabeti

189

დიაბეტი ხანგრძლივი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სისხლში არსებული შაქრის ზედმეტად მაღალი დონით.

ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი არსებობს:

  • ტიპი 1 დიაბეტი;
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი;

მეორე ტიპის დიაბეტი უფრო გავრცელებულია, პირველი ტიპის დიაბეტთან შედარებით. დიდ ბრიტანეთში, დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 90%-ს აქვს მეორე ტიპის დიაბეტი.

დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება, თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია. ამას ხანდახან პრედიაბეტს ეძახიან.

დიაბეტის დიაგნოზირება ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს რაც შეიძლება ადრე, რადგან მკურნალობის გარეშე მდგომარეობა პროგრესულად გაუარესდება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტის სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი წყურვილის გრძნობა, ჩვეულებრივზე უფრო ხშირი შარდვა, მუდმივი დაღლილობის გრძნობა.

დიაბეტის სიმპტომები

დიაბეტის ძირითადი სიმპტომებია:

  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება
  • ჩვეულებრივზე უფრო ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
  • წონაში კლება და კუნთების მოცულობის შემცირება
  • სასქესო ასოს ან საშოს გარშემო ქავილი, ან ვაგინალური რძიანას ხშირი ეპიზოდები
  • ჭრილობის ნელი შეხორცება
  • დაბინდული მხედველობა (რაც გამოწვეულია თვალის ლინზის გამოშრობით).

ტიპი 1 დიაბეტი ვითარდება სწრაფად, რამდენიმე კვირაში ან თუნდაც დღეში.

ხოლო, ადამიანთა უმრავლესობას აქვს მეორე ტიპის დიაბეტი წლების მანძილზე, ისე, რომ არც იციან. რადგან მისი ადრეული ნიშნები, როგორც წესი, ძალიან ზოგადია.

რა იწვევს დიაბეტს?

სისხლში გლუკოზის დონეს, როგორც წესი, ჰორმონი ინსულინი განსაზღვრავს. იგი გამომუშავდება პანკრეასის მიერ (კუჭის უკან მდებარე ჯირკვალი).

საკვების დამუშავებისა და მათი სისხლძარღვებში შესვლის შემდეგ, ინსულინი სისხლიდან გამოაცალკევებს გლუკოზას და შეიყვანს უჯრედებში, სადაც ის იშლება ენერგიის წარმოსაქმნელად.

თუმცა, დიაბეტის დროს, ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფს გლუკოზის დაშლას ენერგიის წარმოსაქმნელად. ეს იმიტომ ხდება, რომ ან არ არსებობს საკმარისი ოდენობით ინსულინი გლუკოზის გადასატანად, ან წარმოებული ინსულინი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ.

პირველი ტიპის დიაბეტი

პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, იმუნური სისტემა თავს ესხმის და ანადგურებს ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს. ინსულინის არ არსებობის შედეგად, გლუკოზის დონე იზრდება, რაც სერიოზულად აზიანებს ორგანოებს.

პირველი ტიპის დიაბეტი ხშირად ცნობილია, როგორც ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. მას ასევე,  ახალგაზრდულ დიაბეტსაც უწოდებენ, რადგან, ჩვეულებრივ ის 40 წლის ასაკამდე ვითარდება, ხშირად ჯერ კიდევ მოზარდებში.

ამ ტიპის დიაბეტი, მეორე ტიპის დიაბეტთან შედარებით ნაკლებად გავრცელებულია. ის დაავადებულთა დაახლოებით 10%-ში ვლინდება.

მისი დიაგნოსტირების შემთხვევაში, საჭირო ხდება ინსულინის ინექციების კეთება მთელი ცხოვრების მანძილზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ ასპექტებს, როგორიცაა, ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება, სისხლში გლუკოზის დაბალანსების მიზნით. მაგალითად, ჯანსაღი დიეტა და რეგულარულად სისხლის ანალიზების ჩატარება.

დაწვრილებით იხილეთ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტით ცხოვრება.

მეორე ტიპის დიაბეტი

მეორე ტიპის დიაბეტის დროს, ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკმარისი ოდენობით ინსულინს ან უჯრედები ვერ აღიქვამენ მას. ეს ცნობილია, როგორც ინსულინ-რეზისტენტობა.

მისი დიაგნოსტირების შემთხვევაში, შეძლებთ აკონტროლოთ სიმპტომები ჯანსაღი დიეტის დაცვით და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგით. თუმცა, რადგან აღნიშნული პროგრესირებადი მდგომარეობაა, შესაძლოა მედიკამენტების მიღება დაგჭირდეთ.

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ხშირად ასოცირდება სიმსუქნესთან. იგი, რიგ შემთხვევაში, მოიხსენიება, როგორც მოწიფული ასაკის დიაბეტი, რადგან მეტად გავრცელებულია ხანდაზმულ ადამიანებში.

დაწვრილებით იხილეთ მეორე ტიპის დიაბეტის და სხეულის მასის ინდექსის ჯანსაღი წონის კალკულატორი.

თვალის გამოკვლევა დიაბეტის დროს

12 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი ვისაც აქვს დიაბეტი აუცილებლად ყოველწლიურად უნდა მივიდეს ექიმთან თვალების გასასინჯად.

დიაბეტის დროს, თვალები არიან დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ. ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მოხდეს მხედველობის დაკარგვა.

თვალის გამოკვლევა მოიცავს თვალის ბადურის ნახევარსაათიან შემოწმებას, მდგომარეობის ადრეულ პერიოდშივე აღმოსაჩენად, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს მისი მკურნალობა.

გესტაციური დიაბეტი (ორსულობის პერიოდში)

ორსულობის დროს, ზოგიერთი ქალს სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი შემცველობა აღენიშნებათ, შედეგად, მათი ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ინსულინის წარმოებას რომ მთლიანად მოახდინოს ამ რაოდენობის გლუკოზის გაწოვა. ეს ცნობილია, როგორც გესტაციური დიაბეტი და გავლენას ახდენს 100-დან 18 ორსულში.

ორსულობამ შესაძლოა გაამწვავოს უკვე არსებული პირველი ტიპის დიაბეტი. გესტაციურმა დიაბეტმა ასევე, შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობის პრობლემათა განვითარების რისკი ნაყოფში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განახორციელოთ სისხლში არსებული გლუკოზის მუდმივი კონტროლი.

უმეტეს შემთხვევაში, გესტაციური დიაბეტი ორსულობის მეორე ტრიმესტრში (14-26 კვირა) ვითარდება და ბავშვის დაბადებისთანავე უკუგანვითარებას განიცდის. თუმცა, ქალებს გესტაციური დიაბეტით აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების გაზრდილი რისკი (30%) ცხოვრების განმავლობაში (ჩვეულებრივ დიაბეტის განვითარების რისკი, ჩვეულებრივ მოსახლეობაში დაახლოებით 10%-ა).

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გესტაციური დიაბეტი.

კომენტარის დამატება