დიაბეტი: ტიპი 1 / diabeti: tipi 1
დიაბეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული დაავადებაა, რომელიც სისხლში შაქრის გაზრდილ დონეს იწვევს. მას შაქრიანი დიაბეტსაც უწოდებენ.
სიხლში გლუკოზის დონეს აკონტროლებს ჰორმონი ინსულინი, რომელიც პანკრეასის მიერ გამომუშავდება.
არსებობს ორი ძირიტადი ტიპის დიაბეტი:
- ტიპი 1 დიაბეტი - როდესაც პანკრეასი საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს
- ტიპი 2 - როდესაც პანკრეასი ან არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან სხეულის უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინზე.
ეს სტატია აღწერს ტიპი 1 დიაბეტს. ტიპი 2 დიაბეტის შესახებ იხილეთ შემდეგი ბმული: ტიპი 2 დიაბეტი.
სხვა ტიპის დიაბეტი, როგორიცაა ე.წ. გესტაციური დიაბეტი, თავს იჩენს მხოლოდ ორსულ ქალებში და მშობიარობის შემდეგ თავისით ქრება.
ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება, რადგან მკურნალობის გარეშე დაავადება სწრაფად პროგრესირდება.
შესაბამისად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტის სიმპტომები, რომელიც მოიცავს წყურვილის გრძნობას, ჩვეულებრივზე უფრო გახშირებული შარდვა და მუდმივი დაღლილობის გრძნობა (დამატებითი სიმპტომები იხილეთ ქვემოთ).
ტიპი1 და ტიპი 2 დიაბეტი
დიაბეტის ორი ძირითადი ტიპიარსებობს: ტიპი 1 და ტიპი 2.
ტიპი 1 დიაბეტს ინსულინ-დამოკიდებულ დიაბეტსაც უწოდებენ. მას იუვენილური ან ადრეული-დაწყების დიაბეტიც ეწოდება, რადგან ეს ხშირად ეს ფორმა 40 წლამდე, ძირითადად თინეიჯერობისას ვითარდება. ასეთი ტიპის დიაბეტი არც ისე ხშირია და დიაბეტით დავადებულ საერთო ადამიანთა მხოლოდ 10%-ს ემართება, თუმცა ეს ტიპი არის ყველაზე ხშირი ახალგაზრდობაში განვითარებული დიაბეტის.
ტიპი 1 დიაბეტის დროს, პანკრეასი (კუჭის უკან არსებული მცირე ზომის ჯირკვალი) ინსულინს საერთოდ არ წარმოქმნის. ინსულინი ჰორმონია, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ამის გამო ეძახიან ამ ტიპის დიაბეტს “ინსულინ-დამოკიდებულ დიაბეტს”. თუ სისხლში გლუკოზის დონე ძალიან მაღალია, დროთა განმავლობაში ამას შეუძლია ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს.
თუ ტიპი 1 დიაბეტი გაქვთ, ინსულინის ინექციები მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ. გლუკოზის დონე სწორად კვებით, რეგულარული ვარჯიშითა და სისხლის რეგულარული ანალიზით უნდა აკონტროლოთ.
ტიპი 2 დიაბეტის დროს, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ინსულინს არ წარმოქნის, ან ორგანიზმის უჯრედებს მასზე რეაქცია არ აქვს. ამ მეორე მოვლენას ინსულინ რეზისტენტობა ეწოდება. დიაბეტით დაავადებულ ზრდასრულ ადამიანთა დაახლოებით 90%-ს ამ ტიპის დიაბეტი აქვს და უფრო გვიან უვითარდებათ ვიდრე ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში (რომელიც შეიძლება ბავშვობაშიც განვითარდეს).
დიაბეტის სიმპტომები
დიაბეტის სიმპტომები გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით ან არ არსებობით, რაც ნიშნავს, რომ გლუკოზა რჩება სისხლში და არ გამოიყენება, როგორც ენერგიის წყარო. ამ შემთხვევაში ორგანიზმი ზედმეტი გლუკოზის გამოდევნას ცდილობს გახშირებული შარდვით.
დიაბეტის ტიპიური სიმპტომები მოიცავს:
- ძლიერ წყურვილს
- ჩვეულებრივზე უფრო გახშირებულ შარდვას, განსაკუთრებით ღამით
- ძლიერს დაღლილობას
- წონის და კუნთის მასის კარგვას (ტიპი 1 დიაბეტის დროს)
ტიპი 1 დიაბეტის სიმპტომები როგორც წესი, ახალგაზრდებში ძალიან სწრაფად ვითარდება (რამდენიმე დღეში ან კვირაში). მოზრდილ ადამიანებში სიმპტომები ხშირად უფრო ნელა ვიტარდება (რამდენიმე თვეში).
ტიპი 1 დიაბეტის გამომწვევი მიზეზები
ტიპი 1 დიაბეტი ორგანიზმის მიერ ინსულინის წარმოქმნის უნარის დაკარგვითაა განპირობებული. ინსულინს გლუკოზა სისხლიდან უჯრედებში გადააქვს, სადაც ის ენერგიად გარდაიქმნება. ტიპი 1 დიაბეტის დროს ინსულინის არარსებობის გამო გლუკოზის სისხლიდან უჯრედებში გადასვლა არ ხდება.
ინსულინის გარეშე ორგანიზმი ცხიმისა და კუნთის (რაც იწვევს წონის კლებას) დაშლას იწვევს. ტიპი 1 დიაბეტის დროს ამ პროცესს შეუძლია, მძიმე, ხანმოკლე მდგომარეობაც გამოიწვიოს, რომელსაც დიაბეტურ კეტოაციდოზს უწოდებენ, რომლის დროსაც სისხლის მჟავიანობა იმატებს და სახიფათო დეჰიდრატაციის დონემდეც მიიყვანოს ორგანიზმი.
ტიპი 1 დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა (ორგანიზმის ინფექციებისა და დაავადებისგან ბუნებრივი დაცვა) შეცდომით პანკრეასის უჯრედებს უტევს და აზიანებს მათ.
ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა
დიაბეტის დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
დაავადების განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობა სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებასა და სიმპტომების მართვას ისახავს მიზნად, რაც მომავალში ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციაში დაგეხმარებათ.
თუ დიაბეტი დაგიდგინდათ, სპეციალური მკურნალობისა და მონიტორინგისთვის დიაბეტის მკურნალი სპეციალისტების ჯგუფთან გაგაგზავნიან.
გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზმს ინსულინის წარმოქმნას არ შეუძლია, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად ინსულინის რეგულარული ინექციები დაგჭირდებათ. სისხლში გლუკოზის დონისა და ვარჯიშის რაოდენობის გათვალისწინებით ინექციების გაკეთებასა და საკვებთან პრეპარატის დოზის შეთავსებას გასწავლიან.
ინსულინის რამდენიმე ფორმა არსებობს, თოთოეული მათგანი ოდნავ განსვავებულად მოქმედებს. მაგალითად, ზოგირთი მათგანი მთელი დღე ძლებს (ხანგრძლივად მოქმედი), ზოგი 8 საათს (ხანმოკლე მოქმედების), ზოგი კი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ მისი ეფექტი დიდხანს არ გრძელდება (სწრაფად მოქმედი). სავარაუდოდ სხვადასხვა ინსულინების კომბინირებულად მიღება დაგჭირდებათ.
ინსულინის ინექციების სხვა ალტერნატივაც არსებობს, მაგრამ ეს პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა შესაფერისი. ეს მკურნალობა მოიცავს:
- ინსულინის შესაყვანი თერაპია -კანქვეშ შეყვანილი ნემსის საშუალებით, სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით, ორგანიზმში ინსულინის მუდმივი მიწოდება ხდება (მიწოდების სიჩქარეს თვითონვე აკონტროლებთ).
- პანკრეასის კუნძულების უჯრედების გადანერგვა- ეს გარდაცვლილი დონორიდან ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტის პანკრეასში კუნძულის ჯანმრთელი უჯრედების იმპლანტაციას მოიცავს (უჯრედების გადანერგვის კრიტერიუმების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. კუნძულის უჯრედების გადანერგვის კრიტერიუმები)
- პანკრეასის სრული გადანერგვა.
გართულებები
მკურნალობის გარეშე, დიაბეტი ჯანმრთელობის მრავლობით პრობლემებს იწვევს. დიდი რაოდენობით გლუკოზა სისხლძარღვებს, ნერვებსა და ორგანოებს აზიანებს.
სისხლში ოდნავ მომატებულმა გლუკოზის დონემ, რაც შესაძლოა სიმპტომებს არ იწვევდეს, შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს.
დიაბეტის დიაგნოზით ცხოვრება
თუ ტიპი 1 დიაბეტი გაქვთ, ჯანმრთელობის ხშირი მონიტორინგი დაგჭირდებათ. ჯანრმთელობაზე ზრუნვა დიაბეტის მკურნალობას გააიოლებს და გართულებების განვითარების რისკიც მინიმუმადე შემცირდება.
ჯანმრთელი, ბალანსირებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში სისხლში გლუკოზის დონეს შეამცირებს. მოწევის შეწყვეტა (თუ ეწევით) კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს შეამცირებს.
დიაბეტი ორსულობისას
ორსულობისას, ზოგიერთ ქალს სისხლში გლუკოზის იმდენად მაღალი დონე აქვს, რომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ინსულინს ვერ წარმოქმნის. ამ მდგომარეობას გესტაციური დიაბეტი ეწოდება და ფეხმძიმე ქალების 5%-ში გვხვდევა. ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობას, შეიძლება ორსულობის დროს დამძიმდეს.
გესტაციური დიაბეტი ნაყოფში ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ზრდის, ასე რომ სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი მნიშვნელოვანია.
შემთხვევათა უმრავლესობაში, ორსულობის დიაბეტი ორსულობის მეორე ნახევარისას ვითარდება და მშობიარობის შემდეგ ქრება.
გესტაციური დიაბეტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.გესტაციური დიაბეტი.
რამდენად ხშირია დიაბეტი?
დიაბეტი ძალიან ხშირი დაავადებაა. დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 366 მილიონ ადამიანს აღენიშნებოდა ეს დაავადება და მოიაზრება, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 552 მილიონს მიაღწევს.
დიდ ბრიტანეთში 20-დან ერთზე მეტ ადამიანს მოიაზრება, რომ აქვს დიაგნოზირებული, ან არადიაგნოზირებული დიაბეტი.
კომენტარის დამატება