Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ენდომეტრიოზი / endemetriozi

ენდომეტრიოზი / endemetriozi

207

ენდომეტრიოზი გავრცელებული მდგომარებობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ.

ამ ქსოვილის ნაწილები შეიძლება აღმოჩნდეს სხეულის სხვადასხვა არეში, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება საკვერცხეებში, საშვილოსნოს უკან მენჯის ზედაპირზე და ვაგინის ზედა ნაწილში.

აღნიშნული მდგომარეობა დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 2 მილიონ ქალს ემართება. უმეტესობას დიაგნოზი უდგინდება 25-40 წლის ასაკში.

ენდომეტრიოზი იშვიათია მენოპაუზის შემდეგ.

ენდომეტრიოზის სიმპტომები

ენდომეტრიოზი ხანგრძლივად მიმდინარე (ქრონიკული) მდგომარეობაა. მისი სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანებში და ზოგჯერ საერთოდ არ აქვთ სიმპტომები.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • მტკივნეული პერიოდები, ან მძიმე პერიოდები
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მენჯში ან ზურგის ქვედა ნაწილში
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ
  • პერიოდებს შორის სისხლდენა
  • დაორსულების სიძნელე.

ენდომეტრიოზის მქონე ქალთა უმეტესობას აღენიშნება ტკივილი წელსა და ბარძაყებს შორის მიდამოში. ზოგიერთ ქალს ეს ტკივილი აწუხებს მუდმივად.

ამ მდგომარეობის სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • მუდმივ უენერგიობას და დაღლილობას
  • ტუალეტში ყოფნისას დისკომფორტს
  • უკანა ტანიდან სისხლდენას ან სისხლიან განავალს
  • სისხლის ამოხველებას - იმ შემთხვევაში, თუ ენდომეტრიოზის ქსოვილი მოხვდა ფილტვში.

სიმპტომების სიმძიმე უფრო მეტად დამოკიდებულია ამ ანომალიური ქსოვილის ადგილმდებარეობაზე, ვიდრე მის ზომაზე. მცირე ზომის ეს ქსოვილი შეიძლება უფრო მტკივნეული იყოს ვიდრე დიდი ზომის.

რა იწვევს ენდომეტრიოზს?

ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა არსებობს რამოდენიმე თეორია. ყველაზე ფართოდ მიღებული თეორიით საშვილოსნოს ამომფენი არ ტოვებს სხეულს სწორად ციკლის დროს და იზრდება მენჯის ღრუს ორგანოებში, თუმცა ეს არ ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ ვლინდება დაავადება ქალებში, რომელთაც ჰისტერექტომია ჩაიტარეს.

ენდომეტრიოზის დიაგნოზირება

ენდომეტრიოზის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ის განსაზღვრავს გამომწვევ მიზეზებს და საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნით სპეციალისტთან.

ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს და ასევე მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია მრავალ სხვა დაავადებასაც.

გინეკოლოგი გკითხავთ თქვენი სიმპტომების, პერიოდების და შეიძლება სექსუალური აქტიურობის შესახებაც. ასევე შეიძლება ჩაატარონ მენჯის შიგნითა გამოკვლევა, ან გაგაგზავნონ ულტრაბგერით გამოკვლევაზე, რომ შეამოწმონ არსებობს თუ არა საკვერცხის კისტები, რომლების შეიძლება წარმოქმნილიყვნენ ენდომეტრიოზის შედეგად.

ლაპარასკოპია

ენდომეტრიოზის დადასტურება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული შემოწმებით, რომელსაც ლაპარასკოპია ეწოდება. ეს პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიის საშუალებით და პაციენტს სახლში წასვლა იმავე დღეს შეეძლება.

პრიცედურა მოიცავს, ჭიპთან მცირე ზომის განაკვეთის გაკეთებას, სადაც შეიყვანენ ლაპარასკოპს (წვრილ მილს, რომელზეც დამაგრებულია ნათურა და კამერა, რომელიც მონიტორზე გადმოსცემს სხეულის შიგნით არსებულ გამოსახულებას), რაც ექიმს მისცემს საშუალებას დეტალურად დაათვალიეროს სხეულის შიგნით არსებული მდგომარეობა.

პროცედურის დროს ასევე შეიძლება ჩატარდეს ბიოფსიაც, რაც მოიცავს მცირე ზომის ქსოვილის ნიმუშის აღებას, რომ გადააგზავნონ ლაბორატორიაში შესამოწმებლად.

როგორ ხდება ენდომეტრიოზის მკურნალობა

არ არსებობს კონკრეტული სამკურნალო მეთოდი ენდომეტრიოზისთვის, თუმცა სიმპტომების რეგულირება ხდება ტკივილგამაყუჩებლებით, ან ჰორმონული მედიკამენტებით, რაც არ აძლევს ამ მდგომარეობას იმის საშუალებას, რომ შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებას.

ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ენდომეტრიოზის ქსოვილის ამოჭრა, ზოგჯერ აუმჯობესებს სიმპტომებს და ნაყოფიერების უნარს.

ენდომეტრიოზთან გამკლავება შეიძლება რთული იყოს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. შემდეგი საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები და დახმარება - Endometriosis UKდა Endometriosis SHE Trust UK.

ენდომეტრიოზი და ორსულობა

ენდომეტრიოზის მთავარი გართულება დაორსულების გაძნელება, ან საერთოდ შეუძლებლობაა (უნაყოფობა).

მიუხედავად იმისა, რომ ქირურგიული ჩარევა არ იძლევა დაორსულების გარანტიას, არსებობს მონაცემები, რომ ენდომეტრიოზის ხილული ნაწილების ამოჭრა ლაზერით, ან ელექტრული დენით ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს, ზრდის დაორსულების შანსს.

თუ გაქვთ ენდომეტრიოზი და დაორსულდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მდგომარეობა ორსულობას რისკის ქვეშ დააყენებს.

ორსულობა ზოგჯერ ამცირებს ენდომეტრიოზის სიმპტომებს, თუმცა მშობიარობისა და ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ, როდესაც მენსტრუაციაც ჩადგებაჩვეულ რითმში, ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ბრუნდება.

კომენტარის დამატება