Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თავის ტკივილი

თავის ტკივილი

205

გაერთიანებულ სამეფოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის თავის ტკივილს რეგულარულად და ეს იქ ჯანმრთელობასთან ასოცირებული ყველაზე გავრცელებული ჩივილია. თუმცა, თავის ტკივილების უმრავლესობა არ არის სერიოზული და ადვილად იკურნება.

ხშირ შემთხვევაში, თავის ტკივილის მკურნალობა შეიძლება სახლის პირობებში, ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლითა და ცხოვრების წესის ცვლილებით, მაგალითად: მოსვენებით და მეტი სითხის მიღებით.

თუმცა, თუ ის არ იხსნება გამაყუჩებლით ან ტკივილი იმდენად ძლიერი და ხშირია, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე აქვს გავლენა ან იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უმჯობესია მიმართოთ ოჯახის ექიმს.

თავის ტკივილის ძირითადი სახეობები და ყველაზე გავრცელებული მიზეზები განხილულია ქვევით.

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი ყველაზე გავრცელებული სახეობაა და მიიჩნევა ნორმალურ, „ყოველდღიურ“ თავის ტკივილად. ამ დროს განიცდიან მუდმივ ტკივილს, რომელიც ვრცელდება თავის ორივე მხარეს და პაციენტს აღენიშნება თავშალის მჭიდროდ შემოხვევის შეგრძნება.

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, არ არის ისეთი მძიმე, რომ ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ის, როგორც წესი, გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე, მაგრამ შეიძლება რამდენიმე დღეც გასტანოს.

ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ ამ ტიპის თავის ტკივილს უკავშირებენ სტრესს, ცუდ პოზას, კვების რეჟიმის დარღვევას და დეჰიდრატაციას.

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი შეიძლება განიკურნოს ჩვეულებრივი, ურეცეპტოდ გაყიდვადი ტკივილგამაყუჩებლებით, როგორებიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი. ცხოვრების წესის ცვლილება, როგორიცაა ძილის მოწესრიგება, სტრესის შემცირება და ჰიდრატაციის შენარჩუნება, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია და ესეც შეიძება დაგემაროთ.

წაიკითხეთ სრულად მოჭერითი ტიპის თავის ტკივილის შესახებ.

შაკიკი

შაკიკი შედარებით იშვიათად გვხვდება ვიდრე მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, განაპირობებს ძლიერ, პულსირებად ტკივილს თავის წინა ან გვერდით არეში. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ასევე სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება და სინათლის ან ხმაურის მიმართ ზემგრძნობელობა.

შაკიკი უფრო მძიმე მდგომარეობაა ვიდრე მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი და მან შეიძლება მოგწყვიტოთ ყოველდღიურ ცხოვრებას. როგორც წესი, გრძელდება სულ მცირე რამდენიმე საათი და ზოგიერთ ადამიანს შეიძლება საჭოლში წოლა რამდენიმე დღეც დასჭირდეს.

უმეტეს შემთხვევაში შაკიკის შემოტევები წარმატებით იკურნება მედიკამენტებით. მაგრამ თუ ტკივილი აუტანელია, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ძლიერი წამალი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ამ ძლიერმა წამალმა შესაძლოა შეგიმსუბუქოთ ტკივილი და შაკიკის პრევენციაც კი მოახდინოს.

წაიკითხეთ სრულად შაკიკის შესახებ.

კლასტერული თავის ტკივილი

კლასტერული თავის ტკივილი იშვიათი ტიპია. მას ახასიათებს შეტევების პერიოდები, რომლებიც გრძელდება ერთი ან ორი თვე წელიწადის ერთსა და იმავე დროს.

კლასტერული თავის ტკივილი მტანჯავი და აუტანელია. ამ დროს ტკივილი ვრცელდება თვალის ირგვლივ და ხშირად, თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა წითელი თვალი ან მისი დაწყლიანება და ცხვირის დახშობა ან სურდო.

ფარმაცევტული მედიკამენტები ვერ ამსუბუქებენ სიმპტომებს, მაგრამ ექიმს შეუძლია სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა ტკივილის შესამცირებლად და შემდგომი შეტევების პრევენციისთვის.

წაიკითხეთ სრულად კლასტერული თავის ტკივილების (cluster headaches) შესახებ.

მედკამენტებით და ტკივილგამაყუჩებლებით განპირობებული თავის ტკივილები

ზოგიერთი თავის ტკივილი გარკვეული მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა. ხშირი თავის ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლების მიღებამ.

მედიკამენტების ჭარბი რაოდენობის გამო განვითარებული თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში, თუმცა სანამ შემსუბუქებას დაიწყებს ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს რამდენიმე დღე.

წაიკითხეთ სრულად გამაყუჩებლით განპირობებულ თავის ტკივილებზე (painkiller headaches).

ჰორმონული თავის ტკივილი

ქალებში თავის ტკივილი ხშირად არის გამოწვეული ჰორმონებით და ბევრი ქალი უკავშირებს მათ მენსტრუალურ ციკლს. კომბინირებული კონტრაცეფტივები (combined contraceptive pill), მენოპაუზა და ორსულობა ასევე პოტენციური ტრიგერებია. სტრესის შემსუბუქება, ძილისა და საკვები რეჟიმის მოწესრიგება შეიძლება დაგეხმაროთ მენსტრუალურ ციკლთან ასოცირებული თავის ტკივილის შესამცირებლად.

წაიკითხეთ სრულად ჰორმონულ თავის ტკივილებზე (hormone headaches).

თავის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზები

თავის ტკივილები შეიძლება გამოიწვიოს სხვა ბევრმა მიზეზმა, ესენია:

  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება
  • თავის ტრავმა ან ტვინის შერყევა
  • გაციება ან გრიპი
  • საფეთქელ-ქვედა ყბის აშლილობები (temporomandibular disorders) - საღეჭი კუნთებისა და ქვედა ყბის და თავის ქალის დამაკავშირებელი სახსრის პრობლემები
  • სინუსიტი - სინუსის ამომფენი შრის ანთება; წაიკითხეთ სრულად სინუსურ თავის ტკივილებზე
  • ნახშირჟანგით მოწამვლა (carbon monoxide poisoning)
  • ძილის აპნოე (sleep apnoea) - როდესაც ყელის კედლები დუნდება და ვიწროვდება ძილის დროს და ხელს უშლის ნორმალურად სუნთქვას.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ზემოთ მოცემულ ლინკებზე.

შეიძლება თუ არა ეს იყოს რაიმე სერიოზული?

შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, თავის ტკივილი არ არის რაიმე სერიოზული პრობლემის ნიშანი. მაგრამ, იშვიათად, ის შეიძლება ისეთი მდგომარეობების სიმპტომი აღმოჩნდეს, როგორებიცაა ინსულტი, მენინგიტი ან ტვინის სიმსივნე (brain tumour).

თავის ტკივილი უფრო საყურადღებოა, თუ:

  • ჩნდება უცბათ და არის ძალიან ძლიერი - ხშირად აღწერენ როგორც დამაბრმავებელ ტკივილს, რომლის მსგავსიც ჯერ არაფერი განუცდიათ
  • არ ქრება და დროთა განმავლობაში უარესდება
  • ჩნდება თავის მძიმე ტრავმის შემდეგ
  • მის უეცარ ინიცირებას იწვევს ხველა, სიცილი, ცემინება, პოზის შეცვლა ან ფიზიკური დაძაბვა
  • გაქვთ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ტვინის ან ნერვული სისტემის პრობლემებზე. მაგალითად: სისუსტე, მეტყველების დარვევა, დაბნეულობა, მეხსიერების დაკარგვა და ძილიანობა
  • გაქვთ დამატებითი სიმპტომები, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა (ცხელება), კისრის გაშეშება, გამონაყარი, ღეჭვისას ყბის ტკივილი, მხედველობის პრობლემა, სკალპის ტკივილი ან მძიმე ტკივილი და სიწითლე ერთ-ერთ თვალში.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი თავის ტკივილი სერიოზულია.

კომენტარის დამატება