Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კუშინგის სინდრომი

კუშინგის სინდრომი

260

კუშინგის სინდრომი, ასევე ცნობილი როგორც ჰიპერკორტიზოლიზმი, სიმპტომების ერთობლიობაა, რომლებიც ვითარდება ჰორმონ კორტიზოლის დონის მომატების გამო სხეულში.

კუშინგის სინდრომის სიმპტომებია:

  • წონაში მატება
  • კანის გათხელება და ადვილად დალურჯება
  • მოწითალო-მოიისფრო გადაჭიმული ზოლები ბარძაყებზე, მუცელზე, დუნდულებზე, მკლავებზე, ფეხებზე, ან მკერდზე
  • ცხიმის დაგროვება სახის მიდამოში, რაც მას მრგვალ ფორმას აძლევს
  • კუნთების ან ძვლის სისუსტე
  • შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ.

კუშინგის სინდრომის გამომწვევი მიზეზები

კუშინგის სინდრომი ხშირად ვითარდება, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას, როგორც გვერდითი ეფექტი. კორტიკოსტეროიდები ფართოდ გამოიყენება ანთების შემცირებასა და ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში (როცა იმუნური სისტემა გაუმართავია და უტევს ჯანმრთელ ქსოვილებს).

მათ, ვინც დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად იღებენ კორტიკოსტეროიდებს, ეზრდებათ სისხლში კორტიზოლის დონე. ამ ტიპის კუშინგის სინდრომს ეწოდება იატროგენული.

კუშინგის სინდრომის შედარებით ნაკლებად გავრცელებული გამომწვევი მიზეზია ჯირკვალში სიმსივნის განვითარება, რაც იწვევს ჭარბი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავებას. ამ ტიპის კუშინგის სინდრომს ენდოგენური ეწოდება.

კუშინგის სინდრომის დიაგნოზირება

კუშინგის სინდრომის დიაგნოზირება რთულია, რადგანაც მისი სიმპტომები ჰგავს სხვა უფრო გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა) .

დიაგნოზირებისთვის ექიმს დასჭირდება ინფორმაცია იმის შესახებ იღებდით თუ არა მედიკამენტებს, ასევე სავარაუდოდ საჭირო იქნება სისხლის, შარდის ან ნერწყვის ანალიზები სხეულში კორტიზოლის დონის განსასაზღვრად.

კუშინგის სინდრომის მკურნალობა

იატროგენული კუშინგის სინდრომის მკურნალობის ძირითადი მეთოდია კორტიკოსტეროიდების მოხმარების შემცირება ან შეწყვეტა. თუმცა ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად.

ენდოგენური კუშინგის სინდრომის დროს რეკომენდებულია სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა. თუ ქირურგიული ჩარევა უშედეგოა, ან ვერ ხერხდება სიმსივნის უსაფრთხოდ ამოცლა, იყენებენ მედიკამენტებს კორტიზოლის მაღალი დონის ეფექტების საწინააღმდეგოდ.

მკურნალობის ეფექტურობის მიუხედავად, სიმპტომების კონტროლში მოყვანას გარკვეული დრო სჭირდება, რამდენიმე კვირიდან, ზოგჯერ რამდენიმე წლამდეც კი.

მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში კუშინგის სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მაღალი წნევა, რაც ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.

ვის ემართება?

კუშინგის სინდრომი ალიან იშვიათია და ემართება 50,000-იდან დაახლოებით მხოლოდ 1 ადამიანს. ეს სინდრომი ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა ძირითადად უფრო ემართებათ 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებს და კაცებთან შედარებით ქალებს სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ ეს მდგომარეობა.

კომენტარის დამატება