Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კუჭის კიბო

კუჭის კიბო

155

კუჭის კიბო არც ისე გავრცელებულია სიმსივნის ტიპებს შორის და დაახლოებით 7,000 ადამიანს ემართება ყოველწლიურად ინგლისში.

კუჭის კიბოს პირველი სიმპტომები ბუნდოვანია და ადვილად ერევათ სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებში. სიმპტომები მოიცავს:

  • ხანგრძლივ მოუნელებლობას და გულძმარვას
  • აირების დაგროვებას და შებერილობას
  • ძალიან დანაყრებულობის ან შებერილობის შეგრძნებას ჭამის შემდეგ
  • ხანგრძლივ კუჭის ტკივილს.

კუჭის კიბოს გართულებული ფორმის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • სისხლი განავალში, ან შავი ფერის განავალი
  • მადის დაკარგვა
  • წონაში კლება.

რადგან ადრეული სიმპტომები მსგავსია სხვა მრავალი დაავადებების სიმპტომის, ამიტომ კუჭის კიბო ხშირად რთულ ფაზას აღწევს და მხოლოდ ამის შემდეგ დიაგნოზირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საეჭვო სიმპტომები რაც შესაძლებელია მალე შემოწმდეს ექიმის მიერ.

ვის ემართება

კუჭის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებს შეუძლია დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. ესენი მოიცავს:

  • მამრობით სქესს
  • 55 წელზე მეტ ასაკს
  • სიგარეტის მოწევას
  • მარილიანი და ძმრის შემცველი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას
  • ნაკლები უჯრედისის (ბოჭკოვანი ნივთიერებების) მიღებას და უფრო მეტი დამუშავებული ან წითელი ხორცის მიღებას კვების რაციონში
  • კუჭის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიის - ჰელიკობაქტერ პილორის (Helicobacter pylori) მიერ.

კუჭის კიბოს ტიპები

კუჭის კიბოს სხვადასხვა სახეობები არსებობს, მაგრამ შემთხვევების 95%-ზე მეტი ვითარდება კუჭის ამომფენი უჯრედების შრეში და ცნობილია როგორც კუჭის ადენოკარცინომა.

მისი უფრო ნაკლებ გავრცელებული სახეობაა ლიმფომა (რომელიც ვითარდება ლიმფურ ქსოვილებში - ქსოვილი, რომელსაც სითხე გამოაქვს და გვეხმარება ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად) და გასტროინტესტინალური სტრომული სიმსივნეები (GISTs), რომელიც ვითარდება კუნთში ან კუჭის კედლის შემაერთებელ ქსოვილში.

როგორ მკურნალობენ კუჭის კიბოს

კუჭის კიბოს ბევრი შემთხვევა სრულად ვერ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების მოხსნა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ქიმიოთერაპიის საშუალებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, რადიოთერაპიითა და ქირურგიული ჩარევით.

თუ შესაძლებელია ოპერაცია, ქირურგიულ ჩარევას შეუძლია კუჭის კიბოს განკურნება, რადგან შესაძლებელია მთლიანი სიმსივნური ქსოვილის ამოკვეთა. ამას გასტრექტომია ეწოდება. გასტრექტომიის შემდეგ პაციენტს კვლავ შეეძლება ჩვეულებრივად ჭამა, მაგრამ სავარაუდოდ დასჭირდებათ საკვები დოზების შეცვლა.

ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ქირურგიამდე სიმსივნის შესაჭმუხნად და ზოგჯერ ქირურგიის შემდეგაც კიბოს კვლავ დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.

პერსპექტივა

კუჭის კიბოს შემთხვევაში მომავლის პერსპექტივა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ამაში შედის პაციენტის ასაკი, მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კიბოს გავრცელების ხარისხი (კიბოს სტადია). სამწუხაროდ ეს დაავადება ხშირად ვერ დიაგნოზირდება იქამდე, სანამ სერიოზულ სტადიაში არ გადავა. ამ შემთხვევებში პერსპექტივა კარგს არაფერს გვაჩვენებს. დიაგნოზის დასმის შემდეგ, კუჭის კიბოთი დაავადებული პაციენტების დაახლოებით:

  • 42% იცოცხლებს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში
  • 19% იცოცხლებს სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში
  • 15% იცოცხლებს სულ მცირე ათი წლის განმავლობაში.

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 5000 ადამიანი იღუპება კუჭის კიბოს შედეგად.

კუჭი

კუჭი წარმოადგენს კუნთოვან ჩანთას, რომელიც ზედა ნაწილით მიერთებულია საყლაპავზე, ხოლო ქვედა ნაწილით თრმეტგოჯა ნაწლავის პირველ ნაწილზე.

მისი მთავარი დანიშნულებაა მყარი საკვების დაშლა ნახევრად მყარ შემადგენლობად, კუჭის სიმჟავის გამოყენებით. ეს საკვების მომნელებელი სისტემის დანარჩენ ნაწილს უადვილებს საკვების შემადგენლობაში არსებული მკვებავი ნივთიერებების შეწოვას.

კომენტარის დამატება