Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კოსტოქონდრიტი

კოსტოქონდრიტი

337

კოსტოქონდრიტი მკერდის ძვლის შემაერთებელი ხრტილების ანთებაა.

ხრტილი მაგარი, მაგრამ მოქნილი შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც მთელ სხეულში გვხვდება, ძვლების შემაერთებელი ადგილების ჩათვლით. ის ამორტიზატორის და ბალიშის როლს ასრულებს. 

ხრტილს რომელიც, მკერდის ძვლის ნეკნებს აერთებს, კოსტოქონდრალური სახსარი ეწოდება.

კოსტოქონდრიტი და ტიტზის სინდრომი (Tietze’s syndrome)

ზოგჯერ კოსტოქონდრიტი შეიძლება აერიოთ სხვა მდგომარეობაში, რომელსაც ტიტზის სინდრომი ეწოდება, რადგან კოსტოქონდრიტიც კოსტოქონდრალური სახსრის ანთებაა, რომელიც ძალიან მსგავს სიმპტომებს იწვევს. თუმცა, ტიტზის სინდრომი ბევრად უფრო იშვიათი მდგომარეობაა და კოსტოქონდრიტისგან განსხვავებით, სხვა სიმპტომებთან ერთად იწვევს გულმკერდის შეშუპებას.

სტატია მთლიანად ქოსტოქონდრიტს ეძღვნება, თუმცა რადგან მდგომარეობები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ეს ინფორმაცია ტიტზის სინდრომსაც მიესადაგება.

ნიშნები და სიმპტომები

როდესაც კოსტოქონდრიტული სახსარი ხდება ანთებითი, შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი გულ-მკერდის ტკივილი და მგრძნობელობის გაზრდა.

ტკივილი შეიძლება გააუარესოს:

  • განსაკუთრებულმა პოზამ, როგორიცაა დაწოლა
  • მკერდზე ზეწოლამ, მაგალითად უსაფრთხოების ღვედის შეკვრამ ან ჩახუტებამ
  • ღრმა სუნთქვამ, ხველამ და დაცემინებამ
  • ფიზიკურმა აქტიურობამ.

ტიტზის სინდრომის შემთხვევაში, შეიძება განვითარდეს შეშუპებაც.

ეს სიმპტომები შეიძლება უეცრად დაიწყოს, ან ნელ-ნელა განვითარდეს.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას

კონტოქონდრიტით გამოწვეული გულ-მკერდის ტკივილის გარჩევა, უფრო სერიოზული მდგომარეობით, მაგალიტად გულის შეტევით გამოწვეული გულ-მკერდის ტკივილისგან შეიძლება ძნელი იყოს. თუმცა, გულის შეტევა ტკივილს იწვევს უმეტესწილად უფრო ფართო არეალზე და ახასიათებს დამატებითი სიმპტომებიც, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა და ოფლიანობა.

თუ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფ ადამიანს განუვითარდა უეცარი მკერდი ტკივილი და ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს გულის შეტევა, აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გულ-მკერდის ტკივილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად მიართეთ ექიმს გამოკვლევისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტკივილი მალევე გაგივლით.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კოსტოქონდრიტი?

ანთება, სხეულის ბუნებრივი პასუხია ინფექციაზე, გაღიზიანებასა თუ ჭრილობაზე. არ არის ცნობილი, თუ რა იწვევს კოსტოქონდრალური სახსრების ანთებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება დავაკავშიროთ:

  • ძლიერ ხველასთან, რომელიც მკერდის არეში დაძაბულობას იწვევს
  • მკერდის ტრამვასთან
  • ფიზიკურ დაჭიმვასთან, რომელიც დიდი დატვირთვის ვარჯიშითაა გამოწვეული, ან ისეთი მოულოდნელი ფიზიკური აქტიურობა, რომლისთვისაც არ ხართ ფიზიკურად მზად, მაგალითად ავეჯის გადატანა
  • ინფექცია - მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციები და ჭრილობის ინფექციები
  • გაცვეთა და გაგლეჯვა - მკერდი ასრულებს წუთში 20-დან 30-მდე მოძრაობას და დროთა განმავლობაში ამ მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს დისკოფორტი სახსრებში.

კოსტოქონდრიტი უფრო ხშირია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ტიტზის სინდრომი კი უფრო ახალგაზრდებში, ძირითადად 40 წლამდე ასაკის ადამიანებში.

კოსტოქონდრიტის დიაგნოზირება

კონტოქონდრიტზე ეჭვის შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი სხეულის გამოკველას ჩაგიტარებთ, კერძოდ მკერდის ზედა ნაწილს დაათვალიერებს და კოსტოქონდრალური სახსარს ხელით გასინჯავს.

გკითხავთ, თუ როდის და სად გაქვთ ტკივილი და თქვენს სამედიცინო ისტორიას გადახედავს. ტიტზის სინდრომის დიაგნოზის დასმამდე, მკერდის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზების გამოსარიცხად, შეიძლება სხვადასხვა გამოკვლევაც დაგჭირდეთ. ესენია:

  • ეკგ (ელექტროკარდიოგრამა), რომელიც გულის რითმს და ელექტრულ აქტივობას იწერს
  • გულმკერდის რენტგენი
  • სისხლის ანალიზები, რომ შემოწმდეს ანთების არსებობა.

თუკი ყველაფერი გამოირიცხება, მაშინ შესაძლებელი იქნება კოსტოქონდრიტის დიაგნოზის დასმა. ტიტზის სინდრომის დიაგნოზი დაისმება, თუ სხვა სიმტომებთან ერთად აღინიშნება გულ-მკერდის შეშუპებაც.

მკურნალობა

კოსტოქონდრიტი ხშირად რამდენიმე კვირის შემდეგ თავისით დაიწყებს გაუმჯობესებას, მაგრამ სიმპტომების გასაკონტროლებლად შესაძლებელია თვით-დახმარების მეთოდების და წამლების გამოყენებაც.

თვით-დახმარების მეთოდები

კოსტოქონდრიტი შეიძლება იმ აქტივობებმა გააუარესოს, რომლებსაც მკერდზე ზეწოლა (დატვირთვა) შეუძლია. როგორიცაა დაძაბული ვარჯიში, ან თუნდაც მარტივი მოძრაობაც კი, როგორიცაა გაჭიმვა მაღალი თაროდან ნივთის ჩამოსაღებად.

ანთების პროცესის ალაგებამდე, საჭიროა, რომ მოერიდოთ ნებისმიერ საქმიანობას რაც ტკივილს აუარესებს.

შეიძლება ასევე დამამშვიდებლად იმოქმედოს მტკივნეულ ადგილზე თბილის საფენის რეგულარულმა დადებამ, მაგალითად გამთბარი ტანსაცმლის ან პირსახოცის დადება.

ტკივილგამაყუჩებლები

მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის ტკივილის გაყუჩება შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლით, როგორიცაა პარაცეტამოლი.

ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა იბუპროფენი და ნაპროქსენი (naproxen) - დღეში ორჯერ ან სამჯერ, ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად. ამ წამების ალტერნატივად შეიძლება გამოყენებული იყოს ასპირინიც.  ეს წამლები ურეცეპტოდ იყიდება, მაგრამ მათ მიღებამდე აუცილებელია წამლის ინსტრუქციების ყურადღებით წაკითხვა, რომ გაითვალისწინოთ მწარმოებლის ინსტრუქციები, დოზირება და გვერდითი ეფექტები.

ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლები არ შეიძლება ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, კუჭის წყლული, სისხლის მაღალი წნევა, ან თირკმლის ან გულის პრობლემები. ასევე ასპირინი არ შეიძლება 16 წლამდე ბავშვებისთვის.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მიუხედავად დასვენებისა და ტკივილგამაყუჩებლის მიღებისა, სიმპტომები მაინც უარესდება, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო იყოს კორტიკოსტეროიდების დანიშვნა.

კორტიკოსტეროიდები

კორტიკოსტეროიდები ძლიერი წამლებია, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ტკივილი და შეშუპება. მათი ინექცია შეიძება გაკეთდეს როგორც კოსტოქონდრალურ სახსარში, ასევე მის მიმდებარედ.

კორტიკოსტეროიდების ინექციები შეიძლება რეკომენდირებული იყოს, თუ ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია ან თუ ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლები ვერ დაინიშნება.   

კორტიკოსტეროიდის ძალიან ბევრმა ინექციამ, შეიძლება დააზიანოს კოსტოქონდრალური სახსარი, ამიტომ ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე თვეში მხოლოდ ერთხელ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი განსაკუთრებით დიდი ხანს გრძელდება.

პროგნოზი

კოსტოქონდრიტი შეიძლება თავისით გაუმჯობესდეს რამდენიმე კვირაში, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან მეტიც.

მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში და არ იწვევს მუდმივ პრობლემებს.

ტიტზის სინდრომის შემთხვევაში, ტკივილის და გაზრდილი გრძნობელობის გავლის შემდეგ, შეიძლება მაინც დარჩეს მცირეოდენი შეშუპება.

კომენტარის დამატება