Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » მეჭეჭები და კოჟრები

მეჭეჭები და კოჟრები

444

მეჭეჭები პატარა, მაგარი ხორცმეტებია, რომლებიც ვითარდება კანზე. კოჟრის მსგავსი მეჭეჭი ძირითადად ვითარდება ფეხის ტერფის ძირზე.

ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრების განმავლობაში უვითარდება მეჭეჭები. ეს ზოგადად უსაფრთხოა და თავისით გაივლის, თუმცა ამას შეიძლება თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს.

თუ მეჭეჭი გაღიზიანებთ, ან დისკომფორტს გიქმნით არსებობს მისი სამკურნალო სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ.

მეჭეჭები შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და ასევე სხვა ადამიანებზეც.

როგორ გამოიყურება მეჭეჭები და კოჟრის მსგავსი მეჭეჭი

კოჟრები და მეჭეჭები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა და შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ხელებზე და ფეხებზე.

მეჭეჭები:

  • მეჭეჭები უფრო ხშირად მრგვალი ან ოვალური ფორმისაა (თუმცა ზოგჯერ შეიძლება ვიწრო და მოგრძო იყოს)
  • ძირითადად არის მაგარი და კანიდან ამოწეული
  • აქვს უხეში, უსწორმასწორო ზედაპირი (დაახლოებით ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსად)
  • გვხვდება სხვადასხვა ზომის და შეიძლება იყოს 1მმ-ზე ნაკლები ზომის, ან 1სმ-ზე უფრო დიდიც
  • შეიძლება იყოს მხოლოდ 1 ან რამდენიმე ერთად, ჯგუფის სახით.

კოჟრები:

  • ვითარდება ტერფის ძირზე
  • არის თეთრი ფერის, ხშირად კი ცენტრში შავი წერტილით
  • უფრო ხშირად არის ბრტყელი
  • შეიძლება იყოს მტკივნეული, თუ განვითარდა ფეხის ისეთ ნაწილზე სადაც დიდი სიმძიმე აწვება.

მეჭეჭების გარჩევა კანის სხვა მდგომარეობებისგან, როგორებიცაა კანის პოლიპები, ხალები, ან მზის დამწვრობისგან განვითარებული აქტინიური კერატოზი, შეიძლება ძნელი იყოს, ამიტომ თუ არ ხართ დარწმუნებული რა გაქვთ სინამდვილეში, მიმართეთ ექიმს.

კოჟრების და მეჭეჭების მკურნალობა

კოჟრების და მეჭეჭების უმეტესობა უსაფრთხოა და მკურნალობის გარეშე ლაგდება.

მეჭეჭების მოშორება შესაძლებელია ურეცეპტოდ გაცემადი სამკურნალო საშუალებებით, მაგრამ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ასევე იყოს მტკივნეული და ეს საშუალებები ყოველთვის არ არის ეფექტური.

სამკურნალო საშუალებები მოიცავს:

  • სალიცინის მჟავის შემცველ კრემებს, გელებს, კანის საცხებს და პლასტირებს - ეს საშუალებები წვავს კანის ზედა ფენას
  • ცივი სპრეი, რომელიც შეიცავს დიმეთილ ეთერ პროპანს - ეს საშუალებები ყინავს მეჭეჭს, მაგრამ მოიაზრება, რომ სალიცინის მჟავაზე უფრო ნაკლებად ეფექტურია.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით მწარმოებლის ინსტრუქციებს და წამლის მოხმარების წესებს.

სალიცინის მჟავის შემცველი საშუალებები უნდა წაისვათ ყოველდღიურად. მის გამოყენებამდე:

  • მეჭეჭის ადგილი დაალბეთ წყალში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, რომ დარბილდეს ეს ადგილი
  • მეჭეჭის გარშემო ადგილის დასაცავად წაისვით ვაზელინის თხელი ფენა (მეჭეჭის გარშემო)
  • კვირაში ერთხელ ნაზად სცადეთ მეჭეჭის მოფხეკა რბილი ზუმფარის ქაღალდით.

მეჭეჭის ან კოჟრის ქონის შემთხვევაში უნდა ეცადოთ თავიდან აიცილოთ მათი სხვებზე გადადება (იხილეთ ქვემოთ).

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს რცევისთვის, თუ:

  • არ ხართ დარწმუნებული, რომ წამონაზარდი მეჭეჭია - ექიმი მის ამოცნობას შეძლებს მისი შესახედაობით
  • ზემოთ აღწერილმა მკურნალობის მეთოდმა არ გაამართლა
  • მეჭეჭი გაქვთ სახეზე - სახეზე არსებულ მეჭეჭს არ უმკურნალოთ თქვენ თვითონ და ყოველთვის მიმართეთ ექიმს
  • გაქვთ დიდი რაოდენობით მეჭეჭები ან ხშირად გიჩნდებათ ჭეჭები
  • მეჭეჭიდან მოდის სისხლი, ან იცვლის შესახედაობას, ან ვრცელდება სხვა ადგილებში, ან იწვევს ტკივილს, გაღიზიანებას და დისკომფორტს.

თუ ურეცეპტოდ გაცემადმა საშუალებებმა არ გამოიღო შედეგი, ექიმმა მეჭეჭის მოშორება შეიძლება სცადოს მისი თხევადი აზოტით მოყინვით (კრიოთერაპია). ამას რამდენიმე სესია დასჭირდება და შეიძლება იყოს მტკივნეული. ეს მეთოდი ასევე ხანდახან იწვევს წყლულების გაჩენას, ინფექციებს და ნაიარევს.

თუ ამ მეთოდმაც არ გაამართლა, ექიმმა შეიძლება მიგმართოთ დერმატოლოგთან (კანის ექიმი) მკურნალობის სპეციალური მეთოდისთვის, როგორიცაა მცირე ოპერაცია, ლაზერული თერაპია ან უფრო ძლიერი კრემები.

რა იწვევს მეჭეჭებს?

მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი (human papilloma virus (HPV). ეს ვირუსი იწვევს კანის ზედა ფენებში კერატინის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას, რაც თავის მხრივ იწვევს გამაგრებულ, უხეშ გამონაზარდს.

მეჭეჭები არ ვრცელდება ადვილად, მაგრამ შეიძლება გადაედოს ერთი ადამიანიდან მეორეს კანის ახლო კონტაქტის შედეგად, ან დაბინძურებულ ზედაპირზე შეხებით, როგორებიცაა მაგალითად:

  • პირსახოცები
  • ფეხსაცმელი და წინდები
  • საცურაო აუზის გარშემო არსებული ფართი
  • კომუნალური გამოსაცვლელები.

მეჭეჭების გადადების ალბათობა იზრდება თუ კანი სველია ან დაზიანებული. დაინფიცირების შემდეგ მეჭეჭის ან კოჟრის გამოსვლას შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს.

კოჟრების და მეჭეჭების პრევენცია

მეჭეჭებისგან და კოჟრებისგან თავის სრულად დაცვა ძალიან ძნელია, მაგრამ შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ მათი გავრცელების შეჩერებაში:

  • არ შეეხოთ სხვა ადამიანის მეჭეჭებს და საკუთარ მეჭეჭზე შეხების შემდეგ აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები
  • არ გაუზიაროთ თქვენი პირსახოცები, ფლანელები, ფეხსაცმელი და წინდები სხვა ადამიანებს და ასევე არც თქვენ გამოიყენოთ სხვისი ზემოთჩამოთვლილი ნივთები
  • შეინარჩუნეთ ხელების და ფეხების სისუფთავე და ეცადეთ გქონდეთ მშრალად
  • ყოველდღე გამოიცვალეთ წინდები
  • საზოგადოებრივ ადგილებში არ იაროთ ფეხშიშველმა
  • ცურვის დროს კოჟრები და მეჭეჭები დაფარეთ წყალგაუმტარი პლასტერით
  • ეცადეთ არ დაიზიანოთ და არ გაიფხაჭნოთ მეჭეჭი ან კოჟრი, რათა არ მოხდეს ადამიანის პაპილომავირუსის სხვა ნაწილებზე გავრცელება.
  • ფრთხილად იყავით პარსვისას, რადგან ვირუსი მარტივად ვრცელდება ჭრილობიდან.


კომენტარის დამატება