პოდაგრა
პოდაგრა, იგივე ნიკრისის ქარი ართრიტის ფორმაა, რომლის დროსაც ხდება მცირე ზომის კრისტალების ჩალაგება სახსრებში და მათ ირგვლივ. ეს მდგომარეობა იწვევს უეცარ ძლიერ ტკივილს და შეშუპებას.
დიდ ბრიტანეთში ეს მდგომარეობა უვლინდება მოსახლეობის დაახლოებით 1-2%-ს და ძირითადად ვლინდება 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებში და მენოპაუზის შემდეგ ქალებში. ზოგადად მამაკაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში.
პოდაგრა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს და შემაწუხებელი, მაგრამ არსებობს მისი მკურნალობის საშუალებებიც, რომლებიც შეამსუბუქებს ტკივილს და თავიდან აგვარიდებს შემდგომ შეტევებს.
ნიშნები და სიმპტომები
პოდაგრა შეიძლება ნებისმიერ სახსარში განვითარდეს, მაგრამ ძირითადად ვითარდება კიდურების დამაბოლოებელ სახსრებში, როგორიცაა ფეხის თითები, კოჭები, მუხლები და ხელის თითები.
ამ მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომებია:
- ძლიერი ტკივილი ერთ ან უფრო მეტ სახსარში
- სახსარში შეიგრძნობა სითბო ან გახურება და არის ძალიან მგრძნობიარე
- დაზიანებულ სახსარში დამის გარშემო შეშუპება
- წითელი, პრიალა კანი დაზიანებული სახსრის გარშემო.
სიმპტომები სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება და ძირითადად გრძელდება დაახლოებით 3-10 დღე (ცნობილი, როგორც პოდაგრას შეტევა).
დროის გასვლასთან ერთად სახსარი იბრუნებს ნორმალურ შეგრძნებასა და ფორმას და შეტევისაგან გამოწვეული ტკივილიც სრულად ქრება.
თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც სჭირს პოდაგრა, ექნება განმეორებითი შეტევები მომავალში, ძირითადად ერთი წლის განმავლობაში.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ექიმს უნდა მიმართოთ თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ პოდაგრა, მაგრამ არ გაქვთ დასმული დიაგნოზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკივილი უარესდება და ასევე გაქვთ სიცე (ცხელება).
დიაგნოზის დასმა აუცილებელია, რადგან ასეთივე სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მდგომარეობებით, რომლებსაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, მაგალითად სახსრების ანთებით.
თუ პოდაგრის დიაგნოზი დასმული გაქვთ და დაგეწყოთ შეტევა, ექიმს უნდა მიმართოთ, თუ თქვენთვის გამოწერილი წამლები არ დაიწყებს მოქმედებას რამდენიმე დღის განმავლობაში.
რა იწვევს პოდაგრას?
პოდაგრას იწვევს სისხლში შარდმჟავას დონის მომატება. შადმჟავა ორგანიზმის მიერ ყოველდღე გამომუშავებული ნარჩენი პროდუქტია, რომელიც თირკმელებით გამოიყოფა.
შადმჟავის ზედმეტი რაოდენობით გამომუშავებისას, ან შარდვის დროს მისი მცირე კონცენტრაციით გამოყოფისას, მისი რაოდენობა მატულობს და იწვევს მცირე ზომის კრისტალების წარმოქმნას სახსრებს ირგვლივ.
ეს მყარი, ნემსის ფორმის კრისტალები ნელა, წლების განმავლობაში ლაგდება, ისე რომ ამ პროცესს ვერ გებულობთ, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიონ სახსრის ანთება და ტკივილი.
პოდაგრას რისკის გამზრდელი ფაქტორებია:
- ჭარბი წონა და სიმსუქნე
- სისხლის მაღალი წნევა ან დიაბეტი
- პოდაგრას მქონე ახლო ნათესავი (ხშირია ოჯახური შემთხვევები)
- ხანგრძლივი ტიპის თირკმლის პრობლემები, რაც ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას
- ისეთი საკვების მიღება, რომლებიც იწვევენ შარდმჟავას დაგროვებას სხეულში, ასეთი საჭმელებია წითელი ხორცი, გულ-ღვიძლი და შიგნეულობა და ზღვის პროდუქტები
- დიდი რაოდენობით ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება
პოდაგრას მკურნალობა
პოდაგრას მკურნალობის მეთოდიკაში ორი ძირიდადი მიზანია:
- შეტევის დროს სიმპტომების მოხსნა - შესაძლებელია ყინულის პაკეტების გამოყენებით და ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული ტკივილგამყუჩებლების მიღებით. ზოგ შემთხვევაში მიმართავენ ალტერნატიულ მედიკამენტებს, როგორიცაა კოლხიცინი ან კორტიკოსტეროიდები
- პოდაგრას შემდგომი შეტევის პრევენცია - ცხოვრების სტილის შეცვლასთან ერთად, რაც გულისხმობს წონაში კლებას ჭარბი წონის შემთხვევაში და მედიკამენტების, კერძოდ ალოპურინოლის მიღება, რომელიც ამცირებს შარდმჟავას დონეს.
ბევრ შემთხვევაში შარდმჟავას დონე საკმარისაც მცირდება, რასაც მოჰყვება პოდაგრას გამომწვევი კრისტალების გახსნა, რის შედეგადაც ეს დაავადება იკურნება შემდგომი შეტევების გარეშე. თუმცა ძირითადად საჭირო ხდება მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობა.
გართულებები
პოდაგრას გართულებები ხშირი არ არის, თუმცა შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- კენჭები თირკმელში - შარდმჟავას მაღალი დონე ასევე იწვევს კენჭების განვითარებას თირკმელში
- კანის ქვეშ ტოფუსების ფორმირება - ტოფუსი მცირე ან დიდი ზომის კვანძოვანი წარმონაქმნია, რომელიც ზოგჯერ ხილულია და ადვილად ისინჯება ხელით კანის ქვეშ
- სახსრების მუდმივი დაზიანება.
კომენტარის დამატება