პირის ღრუს რძიანა მოზრდილებში
პირის ღრუს (ორალური) რძიანა პირის სოკოვანი ინფექციაა. ის არ არის გადამდები და წარმატებით იკურნება სოკოს საწინააღმდეგო წამლებით.
რძიანას ასევე პირის კანდიდოზსაც უწოდებენ, რადგან ის გამოწვეულია სოკოვანი ინფექციების ჯგუფით, რომელსაც კანდიდა (Candida) ეწოდება.
პირის ღრუს რძიანას სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
პირის ღრუში თეთრი ლაქების (ნადების) გამოჩენას, რომელიც
- შეიძლება მოშორდეს გაწმენდისას, მაგრამ ტოვებს მის უკან არსებულ წითელ ადგილებს, საიდანაც შეიძლება დაიწყოს მსუბუქი სისხლდენა
- მადის დაკარგვას, ან უსიამოვნო გემოს პირში
- პირის ღრუს შიგნით და ყელში სიწითლეს
- პირის კუთხეებზე კანის გახეთქვას
- პირის ღრუში მტკივნეულ, წვის შეგრძნებას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ამ მდგომარეობის სიმპტომებმა შეიძლება გაართულოს საჭმლის და სასმლის გადაყლაპვა.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ პირის ღრუს კანდიდიაზის სიმპტომები გაგივითარდებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. მკურნალობის გარეშე სიმპტომები ხშირად დარჩება და პირის ღრუში ცუდი შეგრძნება გექნებათ.
ძალიან მძიმე შემთხვევებში, თუ არ მოხდა მკურნალობა, არსებობს ინფექციის სხეულის სხვა ადგილებში გავრცელების რისკიც, რაც შეიძლება იყოს სერიოზული და საშიში.
ექიმი დიაგნოზის დასმას შეძლებს ვიზუალური აკვირვებითაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რეკომენდირებული იყოს სისხლის ანალიზების გაკეთება, რძიანასთან ასოცირებული მდგომარეობების გამოსარიცხად, როგორიცა დიაბეტი და მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობა.
რა იწვევს პირის ღრუს კანდიდიაზს
კანდიდა ალბიკანსი (Candida albicans) სოკოა, რომელიც მცირე რაოდენობით ყველა ადამიანის პირის ღრუშია. ისინი ჩვეულებრივ არ იწვევენ სიმპტომებს, მაგრამ შეუძლიათ რძიანას გამოწვევა თუ გამრავლდნენ. ეს შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა, მათ შორის:
- ანტიბიოტიკების კურსმა, განსაკუთრებით თუ ეს კურსი გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და იღებთ დიდ დოზებს
- საინჰალაციო კორტიკოსტეროიდულმა წამლებმა, ასთმის სამკურნალოდ
- კბილების პროთეზმა, განსაკუთრებით თუ ისინი კარგად არ არის მორგებული
- პირის ღრუს ცუდმა ჰიგიენამ
- მშრალი პირის ქონამ, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული წამლებით, ან სამედიცინო მდგომარეობით
- სიგარეტის მოწევით
- კიბოს სამკურნალოდ ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის კურსით.
კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი, რკინის ნაკლებობა, B12 ვიტამინის ნაკლებობა, ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი და აივ ინფექცია, ზრდიან პირის ღრუს რძიანას განვითარების რისკებს.
რადგან სოკოვანი ინფექცია კანდიდა, ცხოვრობს ადამიანთა უმეტესობის პირის ღრუში, ამიტომ ეს მდგომარეობა გადამდები არაა.
მკურნალობა
პირის ღრუს კანდიდიაზი ადვილად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით. ეს წამლები ხშირად გვხვდება გელის ან სითხის სახით, რომელიც უნდა წაისვათ ან დაიწვეთოთ პირის ღრუს შიგნით, რძიანას ადგილზე. ასეთ სახეობებს ზედაპირული წამლები ეწოდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს კაფსულები ან აბებიც.
ზედაპირული წამლები, ძირითადად ინიშნება დღეში რამდენიმეჯერ მისაღებად, დაახლოებით 7-14 დღის განმავლობაში. აბები ან კაფსულები, ძირითადად მიიღება დღეში ერთხელ.
ამ წამლებს, ხშირად არ ახასიათებთ გვერდითი ეფექტები, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ან დიარეა.
თუ კანდიდიაზის გამომწვევი მიზეზი ანტიბიოტიკები ან კორტიკოსტეროიდებია, შეიძლება საჭირო გახდეს წამლის სახეობის, ან მისი მიღების ფორმის ცვლილება, ან დოზირების შეცვლა.
პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და სიგარეტისთვის თავის დანებებაც ასევე რეკომენდირებულია.
პრევენცია
თქვენ შეამცირებთ ორალური კანდიდიაზით დაავადების შანსს თუკი პირის ღრუს სისუფთავეს დაიცავთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი მეთოდებით:
- გამოივლეთ პირის ღრუში წყალი, ყოველი ჭამის შემდეგ
- დღეში ორჯერ გაიხეხეთ კბილები, ფთორის შემცველი კბილის პასტით და გაიწმინდეთ კბილები სბოლთაშორისი ფლოსით რეგულარულად
- რეგულარულად გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან, მიუხედავად იმისა, თუ პროტეზს ატარებთ და არ გაქვთ არცერთი ბუნებრივი კბილი
- კბილის პროტეზი ამოიღეთ ყოველ ღამე, გაწმინდეთ კარგად საპნით ან კბილის პასტით და წყლით, სანამ ჩადებთ კბილის საწმენდ ხსნარში
- დღეში ორჯერ გაიწმინდეთ ღრძილები, ენა და პირის ღრუს სხვა ადგილები შიგნიდან, რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებით, თუ ატარებთ პროტეზს, ან გაქვთ რამდენიმე ბუნებრივი კბილი დარჩენილი
- მიმართეთ სტომატოლოგს, თუ კბილის პროტეზი არ არის კარგად მორგებული
- შეწყვიტეთ მოწევა, თუ ხართ მწეველი
- როდესაც იღებთ წამლებს, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების ინჰალატორები, გამოიბანეთ პირი წყლით და გადმოაფურთხეთ წამლის ინჰალაციის შემდეგ
- კარგად გააკონტროლეთ ჯანმრთელობის მგომარეობები, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი.
თუ გაქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან გადიხართ ისეთი სახის მკურნალობას, რომელიც ზრდის პირის რძიანას განვითარების რისკს, მისი პრევენციისთვის, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაგიწიოთ სოკოს საწინააღმდეგო წამლების მიღებაზე.
რძიანას სხვა სახეობები
რძიანა შეიძლება ასევე განვითარდეს საშოში, კანზე და პენისის თავზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
- პირის ღრუს რძიანა ბავშვებში
- საშოს რძიანა
- რძიანა მამაკაცებში.
კომენტარის დამატება