Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » პირის ღრუს რძიანა ბავშვებში

პირის ღრუს რძიანა ბავშვებში

1 129

რძიანა ხშირი და ძირითადად უვნებელი, ადვილად განკურნებადი, პირის ღრუს სოკოვანი დაავადებაა. ის, განსაკუთრებით ხშირია ახალშობილებში და პატარა ბავშვებში.

ყოველი 20 ახალშობილიდან ერთს ემართება რძიანა პირის ღრუში. ერთი თვის ასაკამდე მიღწევისას კი ყოველ მეშვიდე ბავშვს უვითარდება ეს მდგომარეობა.

ამ ასაკის გადალახვისას, რძიანას განვითარების შანსები თანდათანობით მცირდება.

ნიშნები და სიმპტომები

რძიანას მთავარი გამოვლინება ბავშვის ენაზე თეთრი საფარის გაჩენაა, თუმცა შეიძლება თეთრი ლაქები გაჩნდეს პირის ღრუს ნებისმიერ ადგილას.

ეს ლაქები გამოიყურება, როგორც ხაჭო და ძირითადად არ შორდება ადვილად.

თუ ბავშვს აქვს თეთრი საფარი ენაზე, რომელიც ადვილად შორდება (მოწმენდით), დიდი ალბათობით ეს იქნება რძის საფარი და არა რძიანა.

ბავშვები შეიძლება არ წუხდებოდნენ ამ მდგომარეობით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ჭირვეულობდნენ ჭამისას, ან თუ რძიანა იწვევს ტკივილს, თავს იკავებდნენ ჭამისგან.

ეს მდგომარეობა შეიძლება ასოცირებული იყოს გამონაყართანაც საცვლების ადგილზე, რაც გამოწვეულია იგივე ინფექციით და ასევე საჭიროებს მკურნალობას.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

რძიანა ბავშვებში, როგორც წესი, არ არის სერიოზული მდგომარეობა, მაგრამ თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქოონდეს ეს მდგომარეობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ექიმი დაკვირვებით ვერ დასვავს ზუსტ დიაგნოზს, შეიძლება აიღოს ნაცხი პირის ღრუდან და გააგზავნოს გამოსაკვლევად ლაბორატორიაში.

რატომ ემართებათ ბავშვებს რძიანა?

პირის ღრუს რძიანას იწვევს სოკო - კანდიდა ალბიკანსი (Candida Albicans), რომელიც ადამიანების უმეტესობის პირის ღრუსა და კანზე ცხოვრობს.

მას, როგორც წესი არ აქვს სიმპტომები, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციური დაავადება დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

ვინაიდან ახალდაბადებული ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება, ისინი უფრო მგრძნობარენი არიან ინფექციის მიმართ. ეს უფრო ხშირია ნაადრევად დაბადებულ, ე.წ. დღენაკლულ (37 კვირამდე დაბადებულ) ბავშვებში.

რძიანა ბავშვებს შეიძლება დაემართოთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, რადგან ანტიბიოტიკები ჯანმრთელი ბაქტერიების რაოდენობასაც ამცირებენ, პირის ღრუში. ეს კი სოკოს გამრავლების საშუალებას აძლევს.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ და ანტიბიოტიკებს იღებდით, თქვენი ჯანმრთელი ბაქტერიების რაოდენობაც შეიძლება იყოს შემცირებული, რაც უფრო მიდრეკილს გაგხდით ინფექციის განვითრაებაზე, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაეცეს ბავშვს.

რძიანას მკურნალობა ბავშვებში

რძიანას მსუბუქი ფორმა, ბავშვებში რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშე გადის.თუმცა, თუ რაიმე გაეჭვებთ აუცილებლად მიმართეთ ბავშვის მკურნალ ექიმს.

თუ ბავშვის მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ ბავშვს მკურნალობა სჭირდება, სავარაუდოდ იგი სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტს გამოგიწერთ.

რძიანას სამკურნალოდ სოკოს საწინააღმდეგო ორი ძირითადი წამალი გამოიყენება, ესენია ნისტატინი და მიკონაზოლი.

ეს წამლები, ძირითადად მიიღება დღეში მაქსიმუმ ოთხჯერ და მათი მიღება ყველაზე ეფექტურია ჭამის და დალევის შემდეგ. ინფექციის ხელახალი განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წამლების მიღების გაგრძელება რძიანას გაქრობიდან ორი დღის განმავლობაში. თუ მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განავლობაში არ მოხდა რძიანას მთლიანად გასუფთავება, ხელახლა მიმართეთ ექიმს.

მიკონაზოლი

უმეტეს შემთხვევებში მიკონაზოლი იქნება პირველადი რეკომენდირებული წამალი. ის გელის სახით არსებობს, რომელიც უნდა წაუსვათ ბავშვს რძიანას ადგილზე, სუფთა თითით. ბავშვის გაგუდვის თავიდან ასარიდებლად, შეეცადეთ, რომ პირის ღრუს უკანა მხარეს მოერიდოთ და ძალიან ცოტა რაოდენობა დაადოთ დაზიანებულ ადგილზე.

ბავშვების მცირე ნაწილი, მიკონაზოლით მკურნალობის შემდეგ თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ ეს გვერდითი ეფექტი ჩვეულებრივ გაივლის და არ არის სანერვიულო.

ნისტატინი

ზოგიერთ შემთხვევაში, რძიანას სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ ალტერნატიული წამლის, ნისტატინის გამოყენებაზე. ნისტატინი სითხის სახით (სუსპენზია) არსებობს. სპეციალური დისპენსერის (საწვეთურის) საშუალებით, რომელიც მედიკამენტს მოყვება, წამალი დაზიანებულ ადგილზე უნდა დააწვეთოთ.

ნისტატინს, როგორც წესი, ბავშვების უმეტესობაში არ აქვს გვერდითი ეფექტები და მათ უმეტესობას არ აქვს მედიკამენტის მიღების შემდეგ რაიმე გართულება.

რჩევები მეძუძურ დედებს

თუ ბავშვს აქვს რძიანა და თქვენ მას კვებავთ ძუძუთი, არის შანსი, რომ რძიანა გადმოგედოთ თქვენც. ამან შეიძლება იმოქმედოს ძუძუს თავებზე, ან მკერდზე და გამოიწვიოს ძუძუს დვრილებზე გამონაყარი.

ამ გამონაყარის სიმტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ტკივილს ძუძუთი კვების დროს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვების დამთავრების შემდეგაც
  • ძუძუს დვრილების დასკდომას, ან მგრძნობელობის გაზრდას ძუძუს დვრილებზე და არეოლაზე (დვრილების გარშემო მუქი ადგილი)
  • ძუძუს დვრილების და არეოლას ფერიც ცვლილებას.

თუ აღგენიშნებათ გამონაყარი ძუძუს დვრილებზე, ან თუ არსებობს რისკი იმისა, რომ ბავშვისგან გადმოგედოთ რძიანა, ჩვეულებრივ მოგცემენ რეკომენდაციას, რო გააგრძელოთ ბავშვის ძუძუთუ გამოკვება, მაგრამ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო კრემები, როგორიცაა მიკონაზოლი. ამ კრემის წასმა, ძუძუს დვრილებზე აუცილებელია ბავშვის ყოველი გამოკვების შემდეგ და მისი დარცენილი ნაწილის მოშორება (მოწმენდით ან მობანვით) ბავშვის შემდეგი ჭამის წინ.

ძუძუს დვრილებზე ძლიერი გამონაყარის შემთხვევაში, შეიძლება რეკომენდირებული იყოს სოკოს საწინააღმდეგო აბების დალევა.

რძიანას პრევენცია

არ არის ცნობილი თუ როგორ შეიძლება რძიანას პრევენცია ბავშვებში.

ზოგიერთი ექიმი გვირჩევს შემდეგს:

  • რეგულარულად გაასტერილეთ საწოვარა და ყველა ის სათამაშო, რომლებსაც პირში იდებენ
  • რეგულარულად გაასტერილეთ ბოთლები და სხვა ჭურჭელი, განსაკუთრებით ბოთლის თავები.

ბავშვის საფენების გამოცვლის შემდეგ ხელების საფუძვლიანად დაბანაც შეიძლება დაგეხმაროთ რძიანას პრევენციაში, რადგან ეს ინფექცია შეიძლება გავიდეს საჭმლის მომნელებელ სისტემაშიც.

კომენტარის დამატება