Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საშარდე ტრაქტის ინფექციები (სტი) მოზრდილებში

საშარდე ტრაქტის ინფექციები (სტი) მოზრდილებში

139

საშარდე ტრაქტის ინფექციები (სტი) ძალიან ხშირია. ისინი შეიძლება იყოს მტკივნეული და არაკომფორტული, მაგრამ, როგორც წესი, პროცესი ლაგდება რამდენიმე დღეში ან იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიის კურსით.

სტი მეტად გავრცელებულია ქალებში. დადგენილია რომ გაერთიანებული სამეფოს ქალთა ნახევარი სიცოცხლეში ერთხელ მაინც განიცდის ამ დაავადებას. 2000 ჯანმრთელი კაციდან კი ყოველწლიურად ერთს უვითარდება.

სტი გვხვდება ბავშვებშიც, თუმცა იშვიათად. წაიკითხეთ სრულად სტი-ს შესახებ ბავშვებში.

სტი-ს განვითარებისას გექნებათ შემდეგი შეგრძნებები:

  • ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს (ექიმები უწოდებენ დიზურიულ მოვლენებს)
  • ხშირი შარდვის საჭიროება
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

შეიძლება საშარდე ტრაქტის ინფექციამ ჩაიაროს საშუალო სიმძიმის სიმპტომებით და ალაგდეს რამდენიმე დღეში. თუმცა, თუ სიმპტომები ძალზე უსიამოვნოა ან გრძელდება ხუთ დღეზე მეტი, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიმართეთ ექიმს, თუ სტი-თან ერთად:

  • სხეულის ტემპერატურა იმატებს
  • სიმპტომები უეცრად უარესდება
  • ორსულად ხართ
  • გაქვთ დიაბეტი.

სტი-ს მკურნალობა

როგორც წესი, სტი დროს პროცესი ლაგდება ჩარევის გარეშე 4-5 დღის შემდეგ.

ანტიბიოტიკები აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და რეკომენდირებულია ქალებისთვის, რომლების ხშირად იძენენ ამ ინფექციებს. ზოგიერთ შემთვევაში ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია ხელს უშლის ინფექციის განმეორებების განვითარებას. სტი-ს გართულებები არ არის ხშირი, მაგრამ შეიძლება იყოს სერიოზული და დამთავრდეს თირკლმის უკმარისობით ან სეფსისით. მსგავსი გართულებები უმეტესად გვხვდება დიაბეტით დაავადებულ ან იმუნოდეფიციტის (სუსტი იმუნური სისტემის) მქონე პაციენტებში.

მამაკაცები, რომლებსაც განმეორებით უვითარდებათ საშარდე ტრაქტის ინფექციები, არიან  პროსტატიტის (პროსტატის ანთება) განვითარების რისკის ქვეშ.

რა არის საშარდე ტრაქტი

საშარდე ტრაქტი არის გზა, რომლითაც ჩვენი სხეული გამოიმუშავებს და გამოდევნის შარდს. მასში შედის:

  • თირკმელები: ესენია ლობიოს ფორმის წყვილი ორგანო, რომლებიც სისხლის გაფილტვით წარმოქმნის შარდს.
  • შარდსაწვეთები: თირკმლისა და შარდის ბუშტის დამაკავშირებელი მილები
  • შარდის ბუშტი: მოშარდვამდე შარდის მომმარაგებელი ორგანო (რეზერვუარი)
  • შარდსადენი: შარდის ბუშტიდან შარდის გამომტანი სადინარი.

რა იწვევს საშარდე ტრაქტის ინფექციებს?

ძირითადად, საშარდე ტრაქტის ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიით. ბაქტერია შეიძლება მოხვდეს ტრაქტში შარდსადენიდან ან, იშვიათად, სისხლით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქალი აღნიშნავს ინფექციის განვითარებას სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, არ არსებობს აშკარა მტკიცებულება მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. სტი არ არის სქესობრივი გზით გადამდები, მაგრამ სექსის შემდეგ გაღიზიანებამ შეიძლება ტრიგერის როლი შეასრულოს.

კაცებში საშარდე გზების ინფექციები გაცილებით იშვიათა ვიდრე ქალებში, ამიტომ საჭიროა მიზეზების უფრო დეტალური გამოკვლევა. ამის საფუძველი შეიძლება იყოს შარდსადენის შევიწროვება (სტრიქტურა), გადატანილი სტი, შარდის ბუშტის კენჭები ან პროსტატის ჯირკვლის პრობლემები.

საშარდე ტრაქტის ინფექციების რისკის შემცირება შეიძლება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ შარდის ბუშტის დაცლით, მოშარდვისა და დეფეკაციის შემდეგ წინიდან უკანა მიმართულებით გამშრალება/გაწმენდით, ყაბზობის (კუჭის შეკრულობის) თავიდან არიდებითა და (წითელი) მოცვის წვენის დალევით.

სტი-ს ტიპები

ლოკალიზაციის მიხედვით განირჩევა საშარდე ტრაქტის ზედა (თირკმელებისა და შარდსაწვეთების) და ქვედა (შარდის ბუშტისა და შარდსადენის) ინფექციები.

ზედა საშარდე გზების ინფექცია, პოტენციურად, უფრო სახიფათოა თირკმლის დაზიანების რისკის გამო.

შარდის ბუშტის ინფექციით გამოწვეულ ანთებას ცისტიტი ეწოდება, ხოლო შარდსადენისას- ურეთრიტი

კომენტარის დამატება