Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საშვილოსნოს გარე ორსულობა

საშვილოსნოს გარე ორსულობა

375

საშვილოსნოს გარე ორსულობა ხდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად ერთ-ერთ ფალოპის (საშვილოსნოს) მილში.

ფალოპის მილები არის მილები, რომლებიც საშვილოსნოს აერთებს საკვერცხეებთან.

თუ კვერცხუჯრედი გაიჭედება ამ მილში, ის არ განვითარდება და თუ ორსულობა გაგრძელდება შეიძლება ორსული ქალის ჯანმრთელობას შეუქნას საფრთხე.

სამწუხაროდ ამ დროს შეუძლებელია ორსულობის შენარჩუნება და აუცილებელი ხდება ამ კვერცხუჯრედის მოშორება წამლებით ან ოპერაციით.

დიდ ბრიტანეთში საშვილოსნოს გარე ორსულობა ხდება ყოველი 80-90 ორსულობიდან ერთ შემთხვევაში, რაც წელიწადში დაახლოებით 12,000 ორსულობას შეადგენს.

საშვილოსნოს გარე ორსულობის სიმპტომები

ზოგჯერ, საშვილოსნოს გარე ორსულობას არ აქვს შესამჩნევი სიმპტომები და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის რუტინული გამოკვლევების დროს. თუმცა, ქალების უმეტესობას აქვს სიმპტომები, რომლებიც ძირითადად შესამჩნევი ხდება ორსულობის 4-დან 12 კვირამდე.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაციას:

  • გამოტოვებული მენსტრუაციული ციკლი და ორსულობის სხვა სიმპტომები
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ერთ-ერთ მხარეს
  • სისხლდენა საშოდან ან ყავისფერი, წყლიანი გამონადენი
  • მხრის ზედა ნაწილის ტკივილი
  • დისკომფორტი მოშარდვისას ან კუჭში გასვლისას.

თუმცა, ეს სიმპტომები აუცილებლად არ ნიშნავს სერიოზულ პრობლემას და ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს გასტროენტერიტით.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას

აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაცია და ამავდროულად თუ შეიძლება იყოთ ორსულად, თუნდაც არ გქონდეთ ორსულობის ტესტის დადებითი პასუხი.

საშვილოსნოს გარე ორსულობა შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების დროულად მიღება.

ექიმი გკითხავთ სიმპტომების შესახებ და გაგიკეთებთ ორსულობის ტესტს.

ასევე შეიძლება გადაგამისამართონ სპეციალისტთან დამატებითი გამოკვლევებისთვის, როგორებიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ანალიზები.

როდის არის საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარება

აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, თუ გაგივითარდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაცია:

  • უეცარი, ძლიერი და ინტენსიური ტკივილი მუცელში
  • ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
  • გულისრევის შეგრძნება
  • ძლიერი სიფერმკრთალე.

ეს სიმპტომები შეიძლება ნიშნავდეს ფალოპის მილის გახევას, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა და საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ოპერაციას.

ფალოპის მილის გახევა სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ საბედნიეროდ ეს იშვიათად ხდება და ექვემდებარება მკურნალობას, თუ სასწრაფოდ მოხდა მისი იდენტიფიცირება და დროული მკურნალობა. დიდ ბრიტანეთში ამ პრობლემის შედეგად სიკვდილი ძალიან იშვიათია.

საშვილოსნოს გარე ორსულობის მკურნალობა

საშვილოსნოს გარე ორსულობის მკურნალობისთვის გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი:

  • აქტიური დაკვირვება (მომლოდინეობითი მენეჯმენტი) - როდესაც ორსულ ქალს ყურადღებით აკვირდებიან და გამოიყენებენ ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ მეთოდს, თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავისით არ გაიწოვა
  • წამლები - ძლიერი წამლის ინექცია, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაჩერებლად და რომელსაც მეთოტრექსატს (Methotrexate) უწოდებენ
  • ქირურგიული ოპერაცია - ზოგადი ანესთეზიით კეთდება ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომ მოაცილონ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.

ორსულ ქალს აუხსნიან სამივე მეთოდის სარგებლის და რისკების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომებზე და ანალიზებზე დაყრდნობით გამოიყენება მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი.

მკურნალობის ზოგიერთმა მეთოდმა შეიძლება შეამციროს მომავალში შემდგომი დაორსულების შანსები, თუმცა ქალების უმრავლესობას კვლავ შეუძლია დაორსულება (იხილეთ ქვემოთ). აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს ამის შესახებ.

დახმარება

მუცლის მოშლა შეიძლება იყოს დამანგრეველი და ბავრი ქალი გრძნობს იგივენაირ ტკივილს და მწუხარებას, რაც მათ განიცადეს ოჯახის წევრის ან პარტნიორის დაკარგვის დროს.

არ არის უჩვეულო, რომ ეს მწუხარება გაგრძელდეს რამდენიმე თვემდე, თუმცა დროის გავლასთან ერთად ეს პრობლემაც უმჯობესდება. სწორად მიცემული რჩევების შემდეგ ბევრი ქალის მდგომარეობა უმჯობესდება.

მომდევნო დაორსულების მცდელობა

მომდევნო დაორსულების მცდელობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც თქვენ და თქვენი მეუღლე იქნებით ფიზიკურად და ემოციურად მზად ამისთვის.

ექიმები გირჩევენ, რომ მოიცადოთ სულ მცირე ორი მენსტრუალური ციკლი, სანამ ცდით ხელახლა დაორსულებას. ეს მისცემს დროს ფალოპის მილს, რომ აღდგეს. თუმცა, თუ თქვენ მკურნალობდით მეთოტრექსატით, მაშინ რეკომენდირებულია, რომ მოიცადოთ სუმ მცირე 3 თვე მაინც, რადგან ამ წამალმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს მომდევნო ბავშვზე.

ქალების უმეტესობა, ვისაც ჰქონდა საშვილოსნოს გარე ორსულობა შეძლებს ხელახლა დაორსულებას, მაშინაც კი თუ მოხდა მისი ფალოპის მილის ამოკვეთა. ზოგადად, ქალების 65% აღწევს წარმატებულ ორსულობას საშვილოსნოს გარე ორსულობიდან 18 თვის განმავლობაში.

საშვილოსნოს გარე ორსულობის შემდეგ მისი ხელახლა დამართვის უფრო გაზრდილი შანსებია, თუმცა ეს რისკი მაინც დაბალია (დაახლოებით 10%).

ხელახლა დაორსულების შემთხვევაში კარგი იქნება თუ სწრაფად შეატყობინებთ ექიმს ამის შესახებ, რომ რაც შეიძლება დროულად დაინიშნოს გამოკვლევები.

რა იწვევს საშვილოსნოს გარე ორსულობას?

მრავალ შემთხვევაში უცნობია თუ რატომ ხდება საშვილოსნოს გარე ორსულობა. ზოგჯერ ეს ხდება, როდესაც პრობლემა არის ფალოპის მილში, მაგალითად თუ ის ვიწროა ან ბლოკირებულია.

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გარე ორსულობის რისკებს:

  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება - ინფექცია ქალის რეპროდუქციულ სისტემაში, რომელსაც ძირითადად იწვევს სქესობრივად გადამდები დაავადება
  • ადრე გადატანილი საშვილოსნოს გარე ორსულობა - საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი იზრდება 10%-მდე
  • ფალოპის მილებზე გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია - მაგალითად ქალის სტერილიზაციის წარუმატებელი პროცედურა
  • ნაყოფიერების მკურნალობა, როგორიცაა ინვიტრო განაყოფიერება - ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოყოფის) სტიმულაციისთვის მიღებულ წამლებს შეუძლიათ გაზარდონ საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკები
  • კონტრაცეფციისთვის გამოყენებული საშოს შიდა მოწყობილობების (მაგალითად ე.წ. სპირალის) გამოყენებისას დაორსულება - იშვიათია ამ მოწყობილობების გამოყენების დროს დაორსულება, მაგრამ თუ მაინც მოხდა დაორსულება საშვილოსნოს გარე ორსულობის უფრო მეტი შანსია
  • სიგარეტის მოწევა
  • ასაკი - საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკები ყველაზე მაღალია 35-40 წლის ასაკის ქალებში.

საშვილოსნოს გარე ორსულობის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელია, მაგრამ მისი რისკების შემცირება შესაძლებელია პრეზერვატივის გამოყენებით მაშინ, როდესაც არ გეგმავთ ბავშვის გაჩენას და ასევე სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებით.

საშვილოსნოს ყელი

საშილოსნოს ყელი არის საშვილოსნოს ქვედა დაბოლოება. ის საშვილოსნოს აკავშირებს საშოსთან.

ფალოპის მილები

ფალოპის მილები (ასევე უწოდებენ საშვილოსნოს მილებს) არის ორი მილი, რომელიც ქალის რეპროდუქსიულ სისტემაში საკვერცხეს უკავშირებს საშვილოსნოს.

საკვერცხეები

საკვერცხეები წყვილი რეპროდუქციული ორგანოა, რომლებიც წარმოქმნიან კვერცხუჯრედებს და სასქესო ჰორმონებს ქალებში

კომენტარის დამატება