საყლაპავის თიაქარი
საყლაპავის თიაქარის დროს კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში ადის დიაფრაგმაში არსებული ხვრელის გავლით.
დიაფრაგმა ფართო, თხელი კუნთების ფენაა, რომელიც გულმკერდსა და მუცლის ღრუს შორის მდებარეობს.
საყლაპავის თიაქარი და გულძმარვა
თვითონ საყლაპავის თიაქარს იშვიათად აქვს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება (გერდ).
გერდ-ის დროს კუჭის მჟავა უკან საყლაპავში (მილი, რომელსაც საკვები პირის ღრუდან კუჭამდე ჩააქვს) ადის. საყლაპავის თიაქარის დროს საყლაპავის ბოლოში არსებული სარქველი სათანადოდ ვერ მუშაობს.
ამ დროს, შესაძლოა საყლაპავი ძალიან დაზიანდეს, რადგაც მისი დაცვა კუჭის წვენისგან სათანადოდ არ ხდება. ეს გამოიწვევს გულძმარვას, ტკივილს გულმკერდის არეში, პირის ღრუში უსიამოვნო გემოს შეგრძნებას და ყლაპვის პრობლემებს (დისფაგია).
მიმართეთ ექიმს თუ გერდ-ის ხშირი და მძიმე სიმპტომები გაქვთ.
რა იწვევს საყლაპავის თიაქარს?
საყლაპავის თიაქარის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, სავარაუდოდ ის ასაკთან ერთად, დიაფრაგმის დასუსტების შედეგად ან მუცლის ღრუში მაღალი წნევის არსებობის ფონზე ვითარდება.
საყლაპავის თიაქარი, ზოგჯერ შესაძლებელია ახალშობილებშიც განვითარდეს, თუ კუჭი ან დიაფრაგმა ვერ განვითარდება ნორმალურად.
ვის ემართება?
საყლაპავის თიაქარი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ჭარბსწონიანებში და ორსულ ქალებში.
შეფასებულია, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანების ერთ მესამედს აქვს ეს მდგომარეობა.
ასევე არსებობს საყლაპავის თიაქარის იშვიათი ფორმაც, რომელიც ახალშობილ ბავშვებს ემართებათ და რომელიც გამოწვეულია დიაფრაგმის ან კუჭის თანდაყოლილი დეფექტით. თანდაყოლილი ნიშნავს, რომ ბავშვს ეს მდგომარეობა დაბადებისას უკვე ჰქონდა.
საყლაპავის თიაქარის სახეობები
საყლაპავის თიაქარის ორი ძირითადი სახეობა არსებობს:
- მოძრავი საყლაპავის თიაქარი - თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს (შემთხვევათა 80%-ზე მეტი ასეთია)
- პარა-ეზოგაფული საყლაპავის თიაქარი - ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის (შემთხვევათა დაახლოებით 5-15%-ია ასეთი).
აქ უმეტესწილად მოძრავ საყლაპავის თიაქარზე ვისაუბრებთ.
ამ ტიპის საყლაპავის თიაქარის დიაგნოზირება ძირითადად რენტგენით და ენდოსკოპიით შეიძლება. ენდოსკოპიის დროს გრძელი მილის მსგავს ინსტრუმენტს იყენებენ, რომელზეც კამერა და ნათურაა დაყენებული.
საყლაპავის თიაქარის მკურნალობა
მოძრავი საყლაპავის თიაქარის მკუნრალობა, უმეტესწილად გერდ-ის სიმპტომების შემსუბუქებაზეა მიმართული, როგორიცაა მაგალითად გულძმარვა.
ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტებით მკურნალობა საუკეთესო მეთოდია. ოპერაცია კი იმ შემთხვევაშია რეკომენდირებულია, თუ პაციენტს მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატატარება არ სურს, ან სხვა მკუნრალობის მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო.
რჩევები ცხოვრების სტილთან დაკავშირებით არის შემდეგი:
- უმჯობესია მიირთვათ დღეში რამდენიმეჯერ, პატარ-პატარა ულუფებით, ვიდრე დღეში ერთხელ და დიდი რაოდენობით
- ჭამის ან სითხის მიღების შემდეგ სამი საათის განმავლობაში არ დაწვეთ
- კვებითი რაციონიდან ამოიღეთ ყველა ის საკვები, რომელიც სიმპტომებს აუარესებს.
თუ საყლაპავის თიაქარი შესამჩნევ პრობლემებს არ იწვევს, მისი მკურნალობა არ არის საჭირო.
პარა-ეზოფაგალური საყლაპავის თიაქარის გამოსწორება ოპერაციით შეიძლება თუ არსებობს სერიოზული გართულებების რისკი.
გართულებები
საყლაპავის თიაქარი იშვიათად იწვევს გართულებებს, თუმცა კუჭის წვენით საყლაპავი მილის ხანგრძლივმა დაზიანებამ შეიძლება გააჩინოს წყლულები, ნაწიბურები და გადააგვაროს საყლაპავი მილის უჯრედები, რაც საყლაპავის კიბოს (oesophageal cancer) რისკს ზრდის.
კომენტარის დამატება