Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საკვერცხის კისტა

საკვერცხის კისტა

219

საკვერცხეების კისტა სითხით სავსე ტომსიკს წარმოადგენს, რომელიც საკვერცხეებში ვითარდება. ეს პათოლოგია ძალიან გავრცელებულია და ჩვეულებრივ არავითარ სიმპტომს არ იწვევს.

უმრავლეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს. ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.

ნიშნები და სიმპტომები

საკვერცხეების კისტა ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს სიმპტომებს, როცა ის სკდება, დიდი ზომისაა, ან საკვერცხეების სისხლმომარაგებას აფერხებს. ამ შემთხვევებში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მენჯის არეში - ეს შეიძლება ვარირებდეს, ყრუ, მძიმე მგრძნობელობიდან, მწვავე და ძლიერ ტკივილამდე
  • ტკივილი სქესოვრივი ურთიერთობის დროს
  • ნაწლავების გაძნელებული დაცლა
  • გახშირებული შარდვა
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები, ჭარბი ან მცირე რაოდენობით სისხლდენა, ან არარეგულარული ციკლი, ან ჩვეულებრივზე უფრო მსუბუქი ციკლი
  • შებერილობა ან შეშუპებული მუცელი
  • ძლიერი დანაყრების შეგრძნება მცირე რაოდენობით საჭმლის მიღების შედეგადაც
  • დაორსულების სიძნელეები.

დაუყოვნებლიც დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ დაგეწყოთ უეცარი და ძლიერი ტკივილი მენჯის არეში.

საკვერცხეები

საკვერცხეები ორი მცირე ზომის, ლობიოს ფორმის ორგანოა, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია. ქალს ორი საკვერცხე აქვს, საშვილოსნოს თითოეულ მხარეს.

საკვერცხეების ორი მთავარი ფუნქციაა:

  • დაახლოებით 28 დღეში ერთხელ კვერცხუჯრედის წარმოქმნა, როგორც მენსტრუაციული ციკლის შემადგენელი ნაწილი
  • ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის - წარმოქმნა, ეს ჰორმონები ქალის რეპროდუქციულ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

საკვერცხეების კისტა შეიძლება წარმოიქმნას ორივე საკვერცხეზე ერთდროულად, ან შეიძლება მხოლოდ ერთ-ერთზე.

საკვერცხის კისტების ტიპები

საკვერცხის კისტების რამდენიმე ტიპი არსებობს. მათ შორის ორი მთავარი ტიპი გამოიყოფა:

  • საკვერცხის ფუნქციური კისტა - მენსტრუაციული ციკლის დროს წარმოიქმნება, ჯანმთელობისთვის ზიანს არ წარმოადგენს. ეს საკვრცხის კისტების დროებით და ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს.
  • საკვერცხის პათოლოგიური კისტები - უჯრედების არანორმალური ზრდის შედეგად ვითარდება (საკვერცხის პათოლოგიური კისტების უმრავლესობა ავთვისებიანი არაა), ეს კისტების გაცილებით ნაკლებად გავრცელებული ფორმაა.

საკვერცხეების კისტა, ზოგჯერ შეიძლება  გამოწვეული იყოს სხვა არსებული დაავადებით, როგორიცაა ენდომეტრიოზი.

საკვერცხეების კისტების დიდი უმრავლესობა არა-სიმსივნურია (ანუ კეთილთვისებიანია), თუმცა მცირე ნაწილი არის სიმსივნური (ავთვისებიანი). სიმსივნური კისტები უფრო ხშირია მენოპაუზის შემდეგ.

საკვერცხის კისტების დიაგნოსტიკა

თუ ექიმი ეჭვობს საკვერცხის კისტაზე, სავარაუდოდ საჭიროდ ჩათვლის ინტრავაგინალურ ულტრაბგერით გამოკვლევას, რომლის დროსაც ულტრაბგერის პრობას მოათავსებენ საშოში.

თუ ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად დადასტურდა კისტის არსებობა, საჭირო იქნება მისი მონიტორინგი რამდენიმე კვირაში განმეორებით გამოკვლევის ჩატარებით.

თუ იარსებებს ეჭვი, რომ კისტა შეიძლება იყოს სიმსივნური, ექიმი ასევე დანიშნავს სისხლის ანალიზს, რომ შეამოწმოს სისხლში ქიმიური ნივთიერებების არსებობა, რომელიც იმატებს საკვერცხის კიბოს დროს.

თუმცა, ამ ნივთიერებების მაღალი დონე სისხლში აუცილებლად კიბოს დიაგნოზს არ ნიშნავს. რადგან ამ ნივთიერების დონის მატება, შეიძლება გამოწვეული იყოს არა-სიმსივნური მდგომარეობებითაც, როგორებიცაა ენდომეტრიოზი, მენჯის ინფექციები, ფიბრომები, ან მენსტრუალური ციკლიც კი.

საკვერცხის კისტების მკურნალობა

საკვერცხის ცისტის მკურნალობის საჭიროება შემდეგ მახასიათებლებზეა დამოკიდებული:

  • ზომა და გარეგნული მახასიათებლები
  • სიმპტომების არსებობა
  • მენოპაუზა (მენოპაუზის შემდგომ, ქალებში საკვერცხის კიბოს ჩამოყალიბების რისკი ოდნავ უფრო მაღალია).

უმრავლეს შემთხვევაში კისტა რამდენიმე თვეში თავისით ქრება, რის დასადასტურებლად შეიძლება საჭირო იყოს განმეორებითი ექოსკოპია.

მენოპაუზის შემდგომ ქალებში საკვერცხეების კიბოს მომატებული რისკის გამო კისტის გაქრობამდე ექოსკოპიის და სისხლის ანალიზების ჩატარებაა რეკომენდებული ერთი წლის განმავლობაში, კისტის მონიტორინგისთვის.

დიდი ზომის ან სიმპტომების გამომწვევი კისტების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მათი ქირურგიული გზით მოცილება იყოს საჭირო. ასეთი ოპერაცია პაციენტმა შეიძლება გინეკოლოგთან  განიხილოს.

საკვერცხეების კისტები მოქმედებენ შვილიანობაზე?

ჩვეულებრივ საკვერცხის კისტები ქალის დაფეხმძიმებას ხელს არ უშლიან, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გააძნელონ დაორსულება.

თუ ცისტა დიდი ზომისაა და მისი მოშორება აუცილებელია, ექიმი უნდა ეცადოს მაქსიმალურად შეინარჩუნოს რეპროდუქციული ორგანოები, რომ ხელი არ შეუშალოს მომავალ შვილიანობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმი ეცდება მხოლოდ კისტის მოშორებას, ან უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ ერთი საკვერცხის ამოკვეთას.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ორივე საკვერცხოს მოშორება, რაც გამოიწვევს უშვილობას. ოპერაციამდე უმჯობესია პაციენტი გაესაუბროს ექიმს და წინასწარ მოემზადოს ყველანაირი შემთხვევისთვის.

კომენტარის დამატება