საკვებით მოწამვლა
საკვებით მოწამვლას (ინტოქსიკაციას) დაბინძურებული საჭმლის მიღება განაპირობებს. ეს, ძირითადად, უმნიშვნელოა და უმეტესად, რამდენიმე დღეში, მკურნალობის გარეშე, თავისით გაივლის.
საკვებით მოწამვლის შემთხვევათა უმეტესობაში საჭმელი დაბინძურებულია ბაქტერიებით, როგორებიცაა სალმონელა ან ეშერიხია კოლი (Escherichia coli (E. coli)), ან ვირუსით, როგორიცაა ნოროვირუსი.
ნიშნები და სიმპტომები
საკვებით მოწამვლის სიმპტომები, როგორც წესი, ჭამიდან ერთ ან ორ დღეში ვლინდება. თუმცა, ისინი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან რამდენიმე კვირის შემდეგაც.
ძირითადი სიმპტომებია:
- გულისრევა
- ღებინება
- დიარეა, რომლის დროსაც განავალში შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლი ან ლორწო
- კუჭის სპაზმები და მუცლის ტკივილი
- ენერგიის ნაკლებობა და სისუსტე
- მადის დაქვეითება
- მაღალი ტემპერატურა (სიცხე)
- კუნთების ტკივილი
- კანკალი.
უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები გაივლის რამდენიმე დღეში და ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდება.
რა უნდა გააკეთოთ
ძირითადად, საკვებით მოწამვლის დროს ადამიანი სახლის პირობებშიც გამოჯანმრთელდება რაიმე განსაკუთრებული მკურნალობის გარეშე. თუმცა, ზოგჯერ საჭიროა ოჯახის ექიმის რჩევა.
დაისვენეთ და მიიღეთ ბევრი სითხე დეჰიდრატაციის პრევენციისთვის, სანამ უკეთესად იგრძნობთ თავს. ეცადეთ დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მხოლოდ ყლუპ-ყლუპად მიღება შეგიძლიათ.
ჭამეთ, თუ გექნებათ ამის სურვილი, მაგრამ ეცადეთ მიიღოთ ისეთი მსუბუქი და რბილი საკვები მცირე ულუფებით, როგორებიცაა ბანანი, ბრინჯი, ტოსტი ან კრეკერები.
ორალური ხსნარები რეჰიდრატაციისთვის (ORS), რომლებიც მოიპოვება აფთიაქებში, რეკომენდირებულია უფრო მგრძნობიარე ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ასაკოვანი და რაიმე დაავადების მქონე პირები.
როდის უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს
ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:
- სიმპტომები მძიმეა - მაგალითად, ვერ ინარჩუნებთ სითხის რაოდენობას, რადგან განუწყვეტლივ აღებინებთ
- რამდენიმე დღის შემდეგ სიმპტომები არ მსუბუქდება
- გაქვთ ძლიერი დეჰიდრატაციის სიმპტომები, როგორებიცაა დაბნეულობა, სწრაფი გულისცემა, ჩავარდნილი თვალები და შარდვის შემცირება ან, საერთოდ, შეწყვეტა
- ორსულად ხართ
- 60 წელზე მეტი ასაკის ხართ
- თუ საკვებით ინტოქსიკაცია აქვს მცირეწლოვან ბავშვს
- გაქვთ ჯანმრთელობის რაიმე გრძელვადიანი პრობლემა, როგორებიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება, გულის სარქველის დაავადება, დიაბეტი ან თირკმლის დაავადება (kidney disease).
- გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა - მაგალითად, კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ან აივ-ინფექციის (HIV) გამო.
ასეთ სიტუაციებში ოჯახის ექიმმა შეიძლება განავლის ნიმუში გააგზავნოს ანალიზზე და გამოგიწეროთ ანტიბიოტიკები ან გადაგამისამართოთ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის.
როგორ ბინძურდება საკვები?
საკვები შეიძლება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დაბინძურდეს, მზადების ან ცხობისას. მაგალითად, საკვები შეიძლება დაბინძურდეს, თუ:
- არ გამოცხვა სრულყოფილად
- არ იქნა შენახული სწორ პირობებში, შესაფერის ტემპერატურაზე
- მომზადებული საკვები დიდი ხნით დარჩა სიცხეში
- მზა საჭმელი სათანადოდ არ გაცხელდა
- დაავადებული ან ჭუჭყიანი ხელების მქონე პირი შეეხო საკვებს
- საკვები ვადაგასულია
- ბაქტერიები გავრცელდა დაბინძურებული საკვებიდან სხვა საჭმელზე (ჯვარედინი-დაბინძურება).
შემდეგი პროდუქტები, არასათანადო პირობებში მიდრეკილია დაბინძურებისკენ:
- უმი ხორცი და შინაური ფრინველების ხორცი
- უმი კვერცხი
- უმი მოლუსკები
- არაპასტერიზებული რძე
- მზა საჭმელები, როგორებიცაა დაჭრილი ხორცი, პაშტეტი, რბილი ყველი და გამზადებული შეფუთული სენდვიჩები.
კომენტარის დამატება