ტერფის ეპიდერმოფიტია (ათლეტის ფეხი)
ათლეტის ფეხი ეწოდება გამონაყარს, რომელიც გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით და რომელიც ძირითადად ვითარდება ფეხის თითებს შორის.
გამონაყარის გამოვლენის ადგილზე შეიძლება აღინიშნებოდეს ქავილი, ასევე კანი შეიძლება გაწითლდეს, აიქერცლოს, გამოშრეს, დასკდეს ან გაჩნდეს წყლულები. ეს მდგომარეობა ძირითადად არ არის საშიში, მაგრამ მისი მკურნალობა აუცილებელია, რომ არ გავრცელდეს სხეულის სხვა ადგილებში და ასევე სხვა ადამიანებზე.
სამკურნალო საშუალებები ძირითადად მოიცავს კრემებს, სპრეის ან სითხეებს, რომლებიც იყიდება აფთიაქებში და ასევე ფეხის კარგ ჰიგიენას.
ათლეტის ფეხის სამედიცინო ტერმინი ტინეა პედისია.
ნიშნები და სიმპტომები
ათლეტის ფეხი ყველაზე ხშირად ვითარდება ტერფის ქვედა ნაწილში ფეხის თითებს შორის.
ამ ადგილზე კანი შეიძლება გახდეს:
- მშრალი, წითელი, აქერცლილი და მსხვრევადი
- თეთრი, გასქელებული და დაბზარული
- იწვევდეს ქავილს
- იყოს მტკივნეული
- დაიფაროს წყლულებით.
ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ტერფზე და ფეხის ფრჩხილებზეც. ინფექცია ასევე შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ადგილებზეც, თუ დაავადებული ადამიანი მოიფხანს დაზიანებულ ადგილს და შემდეგ იგივე ხელით შეეხება სხვა ადგილს.
მძიმე შემთხვევებში, ათლეტის ფეხის მიერ დაზიანებული კანის ადგილზე შეიძლება მოხდეს ბაქტერიული ინფიცირება. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ცელულიტი, რომელიც გამოიწვევს კანის გაწითლებას, გაცხელებას და შეშუპებას.
რა იწვევს ათლეტის ფეხს?
ჩვენს კანზე ბუნებრივად ცხოვრობენ უწყინარი ბაქტერიები და სოკოები, მაგრამ მათი გამრავლების შემთხვევაში, შესაძლოა კანი დაინფიცირდეს.
სოკოები, რომლებიც იწვევენ ინფექციას მრავლდებიან თბილ, ბნელ და ტენიან ადგილებში და შესაბამისად ტერფი იდეალურ გარემოს ქმნის.
ამ დაავადების გაჩენის ალბათობას ზრდის შემდეგი ფაქტორები:
- ფეხის ცუდი ჰიგიენა - ანუ თუ ფეხი არ არის მშრალი და სუფთა
- ისეთი წინდების ტარება, რომლებიც იწვევს ფეხის გაოფლიანებას და ჩახურებას
- ფეხშიშველი სიარული ისეთ ადგილებში სადაც სოკოვანი ინფექციები ადვილად ვრცელდება, როგორებიცაა საერთო საშხაპეები, გამოსაცვლელი ოთახები და სავარჯიშო ან სპორტული დარბაზები
- სხვა ადამიანებთან წინდების, ფეხსაცმლის, პირსახოცების და სხვა ნივთების გაზიარება
- დასუსტებული იმუნური სისტემა
- კონკრეტული დაავადების ქონა, მაგალითად დიაბეტის.
ათლეტის ფეხი ძალიან ადვილად ვრცელდება დაზიანებულ კანზე შეხებით და შემდეგ ამ უკვე დაბინძურებული ხელით სხვა ნივთზე ინფექციის გადატანით.
მკურნალობა
ათლეტის ფეხი თავისით არ განიკურნება, თუმცა მისი მკურნალობა მარტივია სოკოს საწინააღმდეგო წამლების გამოყენებით.
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები სოკოს მიერ გამოწვეული ინფექციის ალაგებას უზრუნველყოფენ. ეს წამლები მოიპოვება კრემების, სპრეის, სითხეების და ფხვნილების სახით და გამოიყენება შემდეგნაირად:
- სამკურნალო საშუალება უნდა დაიტანოთ პირდაპირ დაზიანებულ კანზე და მის გარშემო
- სამკურნალო საშუალების დატანებამდე აუცილებლად დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ დაზიანებული ადგილი, ამის შემდეგ კი დაიბანეთ ხელებიც
- მკურნალობა უნდა გააგრძელოთ გამონაყარის ალაგების შემდეგაც იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც მითითებული იქნება წამლის ინსტრუქციაში.
სოკოს საწინააღმდეგო წამლები თანაბრად ეფექტურია, თუმცა ზოგიერთი უფრო სწრაფად მოქმედებს. ჰკითხეთ რჩევა ფარმაცევთს, თუ რომელი სახეობა იქნება თქვენთვის უფრო მისაღები. ყველა საშუალების გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვის, მეძუძური დედებისთვის და მოხუცებულებისთვის.
თუ გამონაყარი ძალიან მტკივნეული და ქავილიანია, ფარმაცევტმა შეიძლება გირჩიოთ მსუბუქი სტეროიდული კრემის გამოყენება, რომ შემსუბუქდეს სიმპტომები, თუმცა ეს საშუალება მხოლოდ მოკლე ხნით უნდა გამოიყენოთ და აუცილებლად სოკოს საწინააღმდეგო კრემთან ერთად.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ათლეტის ფეხის სიმპტომებმა არ დაიწყო გაუმჯობესება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგაც, ან თუ ის იწვევს მნიშვნელოვან ტკივილს და დისკომფორტს. ასეთ შემთხვევაში ექიმა შეიძლება აიღოს კანის ნიმუში და რეკომენდაცია გაუწიოს სოკოს საწინააღმდეგო უფრო ძლიერ საშუალებებს, მათ შორის აბებსაც.
ამ ყველაფერთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფეხის კარგი ჰიგიენის დაცვა, როგორც მკურნალობის განმავლობაში ასევე მის შემდეგაც.
პრევენცია
ამ პათოლოგიის პრევენცია სამწუხაროდ ყოველთვის არაა შესაძლებელი. თუმცა, ფეხის კარგი ჰიგიენა მნიშვნელოვნად ამცირებს მისი განვითარების რისკს.
რისკების შემცირება შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით:
- ფეხების დაბანის შემდეგ, კარგად გაიმშრალეთ ისინი, განსაკუთრებული ყურადღება თითებს შორის არსებულ სივრცეებზე გაამახვილეთ
- ატარეთ სუფთა ბამბის წინდები და ნატურალურ მასალისგან შეკერილი ფეხსაცმლები, როგორიცაა ტყავი, რომ ფეხს მიეცეს “სუნთქვის” საშუალება
- ყოველდღიურად ჩაიცვით სუფთა წინდები
- ფეხსაცმლები ცვალეთ რამდენიმე დღეში ერთხელ, რომ მიეცეს მათ გაშრობის საშუალება
- არ იაროთ ფეხშიშველმა საერთო საშხაპეებში და გამოსაცვლელ ოთახებში
- არ გააზიაროთ თქვენი პირსახოცები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირსახოცების რეგულარული გარეცხვა
- ფეხის ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში მათი სიმშრალის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ფეხის ტალკი
- არ გამოიყენოთ დამატენიანებელი თითებს შორის, რადგან ეს სოკოს დაეხმარება გამრავლებაში.
კომენტარის დამატება