ულტრაბგერითი გამოკვლევა
ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელსაც ხანდახან სონოგრამას უწოდებენ პროცედურაა, რომელიც მაღალი სიხშირის ხმოვანი ტალღების გამოყენებით სხეულის შიგნით არსებული ნაწილების, მაგალითად ორგანოების გამოსახულებას ქმნის.
ამ პროცედურის დროს, დასხივების ნაცვლად ხმოვანი ტალღები გამოიყენება. ულტრაბგერით გამოკვლევა უსაფრთხო პროცედურაა. მას ხშირად ორსულობის (pregnancy) დროს, საშვილოსნოში არსებული ნაყოფის გამოსახულების მისაღებად იყენებენ.
ულტრაბგერის გამოყენება შემდეგ შემთხვევებშიც შეიძლება, ესენია:
- გულის პრობლემების აღმოჩენა
- სხეულის სხვა ნაწილების, მაგალითად ღვიძლის, თირკმლებისა და მუცლის გამოკვლევა
- ზოგიერთი ბიოფსიის (biopsy) დროს, ქირურგი პროცედურის ჩატარებისას ულტრაბგერას იყენებს
როგორ კეთდება ულტრაბგერითი გამოკვლევა?
ულტრაბგერით გამოკვლევის დროს გამოიყენება ულტრაბგერითი პრობი, რომლეიც გამოსცემს მაღალი სიხშირის ბგერით ტალღებს. ამ ბგერების ყურით აღქმა შეუძლებელია ადამიანისთვის, მაგრამ როდესაც ეს ბგერები შედის ორგანიზმში და აირეკლება სხვადასხვა ორგანოებიდან, ისინი ქმნიან ექოს (არეკლილ ბგერებს) და ამ ბგერების მიღება ხდება ისევ იგივე ულტრაბგერითი პრობის საშუალებით, რაც საბოლოოდ გარდაიქმნება ვიზუალურ გამოსახულებად, მონიტორზე.
ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მზადება
ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებამდე, შესაძლოა კონკრეტული ინსტრუქციების გათვალისწინება გთხოვონ, მაგალითად:
- დალიოთ წყალი და გამოკვლევის ჩატარებამდე არ ისარგებლოთ საპირფარეშოთი - ეს შარდის ბუშტის ავსებას უზრუნველყოფს და შესაძლოა ექიმს ნაყოფის ან მენჯის მიდამოს ვიზუალიზაციაში დაეხმაროს
- გამოკვლევამდე რამდენიმე საათით ადრე თავი შეიკავოთ საკვების მიღებისგან - ეს შესაძლოა მუცლის გამოკვლევისთვის გახდეს საჭირო, რათა კუჭსა და ნაწლავებში აირებისა და ჰაერის რაოდენობა შემცირდეს და ნაღვლის ბუშტიც უკეთ შეფასდეს
შესაბამისი უბნის გამოკვლევის დროს, შესაძლოა ტანსაცმლის გახდა და საავადმყოფოს შესამოსლის ჩაცმა გთხოვონ.
შეგიძლიათ დამამშვიდებელი მოითხოვოთ, თუ ნერვიულობთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ულტრაბგერითი გამოკვლევის დაწყებამდე, შესაძლებელია გაგიკეთონ უსაფრთხო ნივთიერება, რომელსაც კონტრასტული აგენტი ეწოდება და გამოკვლევისას ეხმარება უკეთესი გამოსახულების მიღებაში.
რა ხდება ულტრაბგერითი გამოგვლევის დროს?
ულტრაბგერითი გამოკვლევების უმრავლესობა გრძელდება დაახლოებით 15-45 წუთის განმავლობაში. ეს გამოკვლევა საავადმყოფოს რადიოლოგიის განყოფილებაში ტარდება რადიოლოგის ან სონოგრაფისტის მიერ. სონოგრაფისტი ულტრაბგერის გამოყენების სპეციალისტია, რომელიც ექიმის მიერ დიაგნოზის დასასმელად აღწერით ჩანაწერს აკეთებს.
თუმცა, ეს პროცედურა შეიძლება სხვაგანაც ჩატარდეს, მაგალითად სახლში პორტატული ულტრაბგერითი მოწყობილობის გამოყენებით.
ულტრაბგერითი გამოკვლევები
ულტრაბგერითი გამოკვლევის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რაც იმაზეა დამოკიდებული თუ სხეულის რომელი უბნის და რა მიზეზით ხდება გამოკვლევა. სამი მთავარი ფორმაა:
- გარეგანი ულტრაბგერითი გამოკვლევა - პრობს ამოძრავებენ კანის ზედაპირზე
- შინაგანი ულტრაბგერა - პრობი შეყავთ ორგანიზმში
- ენდოსკოპიური ულტრაბგერა - პრობი მაგრდება გრძელ, მოქნილ მილზე (ენდოსკოპზე) და შეყავთ სხეულში ღრმად.
გარეგანი ულტრაბგერითი გამოკვლევა
გარეგანი ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველაზე ხშირად გულის ან საშვილოსნოში არსებული ნაყოფის გამოსაკვლევად გამოიყენება. ეს მეთოდი შეიძლება ღვიძლის, თირკმლებისა და მუცლისა და მენჯის ღრუში არსებული სხვა ორგანოების გამოსაკვლევადაც გამოიყენონ, ისევე როგორც სხვა ორგანოების, ან ქსოვილების, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს კანის ზედაპირიდან, როგორიცაა კუნთები და სახსრები.
გამოკვლევის დროს, მცირე ზომის ხელსაწყოს - პრობს, ადებენ კანზე და მას გამოსაკვლევი უბნის მიმართულებით ამოძრავებენ.
გადამცემის უფრო ადვილად და თანაბრად სამოძრაოდ, კანზე უსვამენ სპეციალურ ჟელეს მაგვარ საცხს. ეს სენსორსა და კანს შორის უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს. გადამცემს კომპიუტერთან და მონიტორთან/ეკრანთან აერთებენ. ულტრაბგერის პულსებს გადამცემში არსებული ზონდი კანიდან სხეულში აგზავნის. ამის შემდეგ ეს პულსები სხეულის სტრუქტურებიდან უკან ბრუნდება და მონიტორზე გამოსახულებას ქმნის.
უძრავი გამოსახულების მიღების გარდა, ულტრაბგერით გამოკვლევას მოძრაობის ჩვენებაც შეუძლია, რისი ჩაწერა ვიდეოთია შესაძლებელი.
სენსორისა და კანზე წასმული გელის გარდა ვერაფერს იგრძნობთ (გელი ხშირად ცივია). თუ საშვილოსნოს გამოკვლევას იტარებთ, გადავსებულმა შარდის ბუშტმა შესაძლოა მცირე დისკომფორტი შეგიქმნათ. გამოკვლევის დასრულების შემდეგ, შეძლებთ მოშარვას, ჩვეულებრივ.
შინაგანი ულტრაბგერითი გამოკვლევა
შინაგანი გამოკვლევა ექიმს სხეულის შიგნით არსებული ორგანოების, მაგალითად პროსტატის ჯირკვლის, საკვერცხეების ან საშვილოსნოს უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას აძლევს.
ამ დროს პაციენტს ზურგზე, ან გვერდზე დაწოლას თხოვენ, ისე რომ მუხლები მკერდამდე აწეული და მოკეცილი ჰქონდეს. საშოში ან სწორ ნაწლავში ულტრაბგერის ზონდს ათავსებენ, მიღებული გამოსახულება კი ეკრანზე გადაიტანება.
შინაგანმა გამოკვლევებმა შესაძლოა მცირე დისკომფორტი შექმნას, მაგრამ ჩვეულებრივ მტკივნეული არ უნდა იყოს და ეს პროცედურაც მალე დამთავრდება.
ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა
ენდოსკოპიური ულტრაბგერის დროს სხეულში (ძირითადად პირის ღრუდან) გრძელ, თხელ, მოქნილ მილს (ენდოსკოპს) ათავსებენ, ჩვეულებრივ კუჭის, საყლაპავის ან გულ-მკერდის ლიმფური კვანძების გამოკვლევისას.
პაციენტს ამ დროს გვერდზე დაწოლას და ენდოსკოპის გადაყლაპვას სთხოვენ, რომელსაც ძალიან ფრთხილად კუჭისკენ მიმართავენ.
ენდოსკოპს ბოლოებზე სინათლის წყარო და ულტრაბგერითი მოწყობილობა აქვს მიმაგრებული. სხეულში მოთავსების შემდეგ, ულტრაბგერითი ტალღები გარეგანი ულტრაბგერითი გაოკვლევის მსგავსად ქმნიან გამოსახულებას.
რადგან ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება არაკომფორტული იყოს, ჩვეულებრივ პაციენტს უკეთებენ დამამშვიდებელს და ადგილობრივ ანესთეზიას, სპრეის სახით, რომ დაბუჟდეს ყელი.
დამატებით შესაძლებელია პაციენტს მისცენ სპეციალური კბილების დასაცავი საშუალება, რომ პირი დარჩეს ღია მდგომარეობაში და ამასთანავე დაიცვას კბილები, თუ პაციენტი უნებურად უკბენს ენდოსკოპს.
შინაგანი და ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა, ზოგიერთი ორგანოს უფრო დეტალურად გამოსაკვლევად, გარეგან ულტრაბგერასთან შედარებით უფრო ეფექტური მეთოდია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შინაგანი ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ენდოსკოპი სხეულის შიგნით თავსდება, ეს უფრო მეტ დისკომფორტთან და გვერდითი ეფექტების, მაგალითად შინაგანი სისხლდენის მცირე რისკთანაა დაკავშირებული. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი გვერდითი ეფექტებიც, როგორიცაა ყელის ტკივილი, ან შებერილობა.
კომენტარის დამატება