უკანა ტანის კიბო
უკანა ტანის, რექტუმის ან ანუსის კიბო არის კიბოს იშვიათი სახეობა, რომელიც ვითარდება სქელი ნაწლავის ბოლოში.
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 1.200 ადამიანს უსვამენ ამ სახის კიბოს დიაგნოზს.
ანუსის კიბოს ნიშნები და სიმპტომები
ძირითადად ანალური კიბოს სიმპტომები ჰემოროიდის და ანალური ნაპრალის სიმპტომების მსგავსია. ზოგიერთს კი მისი ნიშნები საერთოდ არ აქვს.
მისი სიმპტომებია:
- რექტალური სისხლდენა (rectal bleeding)
- ქავილი და ანუსის ირკვლივ ტკივილი
- მცირე გამონაზარდი ანუსის ირგვლივ
- ლორწოს გამოყოფა ანუსიდან
- ნაწლავის კონტროლის დაქვეითება (კუჭის მოქმედების შეუკავებლობა).
მიუხედავად ამისა, ანუსის კიბოს მქონე ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ნაკლებად სავარაუდოა ანალის კიბოს ალბათობა, შემოწმება მაინც აუცილებელია.
დიაგნოზირება
თუ ექიმი სიმპტომების მიხედვით ვარაუდობს ანუსის კიბოს, იგი აუცილებლად დანიშნავს დამატებით გამოკვლევებს.
ექიმმა შეიძლება შეამოწმოს მუცელი და ჩაატაროს რექტალური გასინჯვა (rectal examination). ამ პროცედურის დროს ექიმი ხელთათმნიან თითს მოათავსებს უკანა ტანში, რომ შეამოწმოს არის თუ არა რაიმე სახის ანომალია.
თუ ექიმი ფიქრობს დამატებითი კვლევის ჩატარებას, იგი აუცილებლად გადაგამისამართებთ საავადმყოფოში, სადაც ჩაგიტარდებათ შემდეგი ტიპის გამოვლევები:
- სიგმოიდოსკოპია - თხელი მოქნილი მილი პატარა კამერით ანუსის მხრიდან მოთავსდება უკანა ტანში, რომ შემოწმდეს ანომალიები
- პროქტოსკოპია - რექტუმის გასინჯვა ხდება თხელი მოქნილი მილით რომელსაც აქვს სპეციალური ნათურა
- ბიოფსია - სიგმოიდოსკოპიის ან პროქტოსკოპიის დროს ხდება ქსოვილის მცირე ნიმუშის აღება და შემდეგ ლაბორატორიაში მისი გამოკვლევა.
თუ ამ გამოკვლევებმა დაადასტურა კიბოს არსებობა, აუცილებელია სკანირების ჩატარება რომ დადგინდეს კიბოს გავრცელების ხარისხი.
როგორ ხდება მკურნალობა?
თუ დადგინდა ანალის კიბო, მკურნალობას ჩაატარებს მულტიდისციპლინური გუნდი. ამაში შედის სხვადასხვა სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ მკურნალობის საუკეთესო მეთოდს.
მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
- ქიმიორადიაცია - ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის კომბინაცია
- ქირურგია- სიმსივნის ამოკვეთა დიდი ნაწლავიდან.
იმ შემთხვევებში, თუ კიბო იმდენად გავრცელებულია, რომ შეუძლებელია მკურნალობა, მაშინ განიხილება მხოლოდ ქიმიოთერაპია, რომ შემსუბუქდეს სიმპტომები. ეს ცნობილია, როგორც პალიატიური ზრუნვა.
სამკურნალო მეთოდები უფრო დეტაურად განხილულია ქვემოთ.
ქიმიორადიაცია
ქიმიორადიაცია არის ქიმიოთერაპიით (მედიკამენტით სიმსივნური უჯრედის მოვკლა) და რადიოთერაპიით (რადიაცია გამოიყენება სიმსივნური უჯრედების მოსაკლავად) კომბინირებული მკურნალობა.ეს მეტოდი ამჟამად არის ყველაზე ეფექტური საშუალება. მკურნალობის პერიოდში, ძირითადად არ არის საჭირო საავადმყოფოში დარჩენა.
ანალური კიბოს დროს, ქიმიოთერაპია ძირითადად ინიშნება 2 ციკლად და თითოეული გრძელდება 4-5 დღის განმავლობაში, ხოლო ციკლებს შორის 4 კვირიანი შუალედით. მრავალ შემთხვევაში ქიმიოთერაპიის ნაწილი მიეწოდება მკლავში ჩადგმული კათეტერის საშუალებით. დიდ ბრიტანეთში ზოგიერთი საავადმყოფო ამჟამად უკვე სთავაზობს ქიმიოთერაპიის აბების სახით მკურნალობას.
რადიოთერაპია ძირითადად კეთდება ხანმოკლე სესიებით დღეში ერთხელ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირას შესვენებით). ეს ძირითადად გრძელდება 5-6 კვირის განმავლობაში. რადიოთერაპიის ჩასატარებლად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები. წაიკითხეთ მეტი როგორ კეთდება რადიოთერაპია.
ორივე თერაპიის გვერდით ეფექტებია:
- დაღლილობა
- კანის ტკივილი ანუსის ირგვლივ
- კანის ტკივილი პენისის ან ქალის ვულვას ირგვლივ
- თმის ცვენა - თავიდან თმის ცვენა ხდება შეზღუდულად, მაგრამ ბოქვენის არედან ხდება თმის სრულად ცვენა
- გულისრევის შეგრძნება
- დიარეა (ფაღარათი).
ეს გვერდითი ეფექტები ძირითადად დროებითია, მაგრამ არსებობს უნაყოფობის (infertility) მაღალი რისკი. თუ გაღელვებთ პოტენციური გვერდითი ეფექტები, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.
სხვა შესაძლო ხანგრძლივი გვერდითი ეფექტებია:
- კუჭის მოქმედების კონტროლის პრობლემები
- ქრონიკული დიარეა
- ერექციული დისფუნქცია
- ვაგინალური ტკივილი სექსის დროს
- საზარდულის და ანუსის გარეშემო კანის სიმშრალე და ქავილი
- სისხლდენა ანუსიდან, რექტუმიდან, ვაგინიდან ან შარდის ბუშტიდან.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რომ ექიმმა გამოიკვლიოს ეს პრობლემები და დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ქირურგიული ოპერაცია
ანალური კიბოს დროს ქირურგიული ოპერაცია შედარებით იშვიათად გამოიყენება. ქირურგია ძირითადად განიხილება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნის ზომა არის მცირე და ადვილად შეიძლება მისი მოკვეთა, ან როდესაც ქიმიორადიაციამ არ გამოიღო შედეგი.
ქირურგიული ჩარევა ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) კეთდება და შემდგომ მოითხოვს საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარებას.
თუ ქიმიორადიაცია არ არის წარმატებული, ან მკურნალობის შემდეგ ისევ განვითარდა კიბო, მაშინ შეიძლება რეკომენდირებული იყოს უფრო კომპლექსური ოპერაცია, რომელსაც ეწოდება აბდომინოპერინეალური რეზექცია. ესეც კეთდება ზოგადი ანესთეზიით.
აბდომინოპერინეალური რეზექცია მოიცავს ანუსის, რექტუმის, ნაწლავის ნაწილის, ახლომდებარე კუნთის ნაწილის და ზოგჯერ მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთას. ეს ამცირებს კიბოს შემობრუნების რისკს. ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში დარჩენა საჭირო იქნება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში.
ოპერაცის დროს აუცილებელია გაკეთდეს მუდმივი კოლოსტომია (colostomy), რათა ფეკალიებს მისცენ გარეთ გამოსვლის საშუალება. კოლოსტომიის დროს დიდ ნაწლავში ხდება კვეთა და იქიდან მუცელზე გამოაქვთ მისი ნაწილი, რომელსაც სტომა ეწოდება. სტომის საშუალებით ხდება გარეთ გამოსული ფეკალიების შეგროვება.
ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ ექიმი ან ექთანი გასწავლით კოლოსტომიით ცხოვრებას. ეს შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ეჩვევა ამ მდგომარეობას დროთა განმავლობაში.
წაიკითხეთ მეტი „ცხოვრება კოლოსტომიასთან ერთად“ (living with a colostomy.)
შემოწმება
მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, გამოჯანმრთელების და კიბოს ხელახალი განვითარების ნიშნების შესამოწმებლად საჭირო იქნება რეგულარული შემოწმებები.
ეს შემოწმებები თავდაპირველად დაინიშნება რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ, შემდეგ კი დროთა განმავლობაში თანდათანობით შეამცირებენ.
რა იწვევს ანალურ კიბოს?
ანალური კიბოს კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამოდენიმე ფაქტორი რაც ზრდის მისი განვითარების რისკს, ესენია:
- ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება (human papilloma virus (HPV) -ძირითადად უვნებელი და ფართოდ გავრცელებული ვირუსი, რომელიც სექსუალური კონტაქტის საშუალებით ვრცელდება. იგი აზიანებს სხეულია ამომფენ ნესტიან მემბრანას.
- ანალური სექსის ან ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა - ეს შესაძლოა იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში იზრდებაპაპილომა ვირუსის გადადების რისკი
- გადატანილი საშვილოსნოს ყელის, ვაგინის ან ვულვას კიბო (cervical, vaginalvulval cancer)
- სიგარეტის მოწევა
- სუსტი იმუნური სისტემა, მაგალითად შიდსის გამო (HIV).
ანალური კიბოს განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. ნახევარზე მეტი დიაგნოზი 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ესმევა და ეს დაავადება ქალებში ოდნავ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.
პროგნოზი
მკურნალობის პროგნოზი დამოკიდებულია ანალური კიბოს ხარისხზე და ასევე მკურნალობის მეთოდზე. რაც უფრო ადრე დაისმევა დიაგნოზი, მით უკეთესია პროგნოზიც.
სხვა სახის კიბოებთან შედარებით, ანალური კიბოს პროგნოზი ზიგადად უკეთესია, რადგან მკურნალობა ხშირად ძალიან ეფექტურია.
ადამიანების დაახლოებით 66%, ვისაც აქვს დასმული ანალური კიბო, ცოცხლობს დიაგნოზის დადასტურებიდან 5 წელზე მეტხანს, ზოგი კი გაცილებით ბევრსაც.
ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთსი 300 ადამიანი კვდება ამ დიაგნოზით.
კომენტარის დამატება