ფილტვების ანთება (პნევმონია)
პნევმონია არის ერთი, ან ორივე ფილტვის ქსოვილის ანთება(შეშუპება). იგი ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
სასუნთქი მილების ბოლოს, ფილტვებში არის ჰაერის შემცველი პატარა ბუშტუკების გროვა. თუ თქვენ გაქვთ პნევმონია, ამ პატარა ბუშტუკებში განვითარდება ანთებითი პროცესი და შეივსება სითხით.
პნევმონიის სიმპტომები
პნევმონიის სიმპტომები შეიძლება სწრაფად, 24-48 საათის განმავლობაში, ან შეიძლება უფრო ნელა, თანდათანობით, რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდეს.
პნევმონიის სიმპტომები და ნიშნები მოიცავს:
- ხველას, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი, ან წარმოქმნიდეს სქელ, ყვითელ, მწვანე, ყავისფერ, ან სისხლის შემცველ ნახველს (ლორწოს)
- გაძნელებულ სუნთქვას - სუნთქვა შეიძლება იყოს გახშირებული და მძიმე და იწვევდეს სუნთქვის უკმარისობას მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი
- გახშირებულ გულისცემას
- სიცხეს
- ზოგადად ავად ყოფნის შეგრძნებას
- ოფლიანობას და კანკალს
- მადის დაკარგვას
- ტკივილს გულ-მკერდის არეში - რომელიც უარესდება სუნთქვისას ან ხველის დროს.
უფრო იშვიათი სიმპტომები მოიცავს:
- სისხლის ამოხველებას
- თავის ტკივილს
- დაღლილობას
- გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას
- მძიმედ, ხიხინით სუნთქვას
- სახსრების და კუნთების ტკივილს
- დაბნეულობას და დისორიენტაციას, განსაკუთრებით მოხუცებულებში.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ გართულებული სიმპტომები, როგორიც არის სწრაფი სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ან თავბრუსხვევა, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
რა იწვევს პნევმონიას?
პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია პნევმოკოკური ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია, რომელსაც პნევმონიის სტრეპტოკოკი ეწოდება.
თუმცა, ასევე ბევრ სხვადასხვა ბაქტერიასა და ვირუსს შეუძლია პნევმონიის გამოწვევა.
კარგი ჰიგიენა და ცხოვრების ჯანსაღი სტილი შეიძლება დაგეხმაროთ პნევმონიის თავიდან აცილებაში. ეცადეთ ერიდოთ სიგარეტის მოწევას, რადგან იგი აზიანებს ფილტვებს და ზრდის ინფექციის რისკს.
ადამიანებს, რომლებსაც აქვს პნევმონიის მაღალი რისკი, შესთავაზებენ პნევმოკოკურ ვაქცინასა და გრიპის ვაქცინას.
ბაქტერიული პმევმონიის გარდა პნევმონიის სხვა სახეობებიც არსებობს, მათ შორის:
- ვირუსული პნევმონია - რაც ყველაზე ხშირად გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციით და ზოგჯერ გრიპის A ან B ტიპის ვირუსებით. ბავშვებში ვირუსული პნევმონია ხშირია.
- ასპირაციული პნევმონია - რაც გამოწვეულია ნაღებინარი მასის, ან უცხო სხეულის შესუნთქვით, როგორიცაა მაგალითად მარცვლეული, ან სახიფათო ნივთიერებები, მაგალითად ბოლი, ან ქიმიური ნივთიერებები.
- სოკოვანი პნევმონია - ეს დიდ ბრიტანეთში იშვიათი ფორმაა და ძირითადად გვხვდება დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში
- ჰოსპიტალში მიღებული პნევმონია - პნევმონიას, რომელიც ვითარდება საავადმყოფოში სხვა მდგომარეობის მკურნალობის დროს, ან ოპერაციის შემდეგ უწოდებენ ჰოსპიტალში მიღებულ პნევმონიას. ამ მდგომარეობის განვითარებისადმი ყველაზე მეტად რისკ ჯგუფში ხვდებიან რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტები.
რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები
ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანები არიან პნევმონიის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ:
- ჩვილები და პატარა ბავშვები
- მოხუცები
- მწეველები
- ადამიანები, ვისაც აწუხებთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად ასთმა, კისტური ფიბროზი, ან გულის, თვიძლის ან თირკმლის დაავადებები.
- ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა - მაგალითად ახლადგადატანილი გრიპის მქონე ადამიანები, ან ვისაც უტარდებათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ან ვისაც აქვს აივ/შიდსი ინფექცია და ა.შ.
დიაგნოზირება
პნევმონის დიაგნოზირებისათვის ექიმმა შეიძლება დაგისვათ კითხვები თქვენი სიმპტომების შესახებ და გამოიკვლიოს თქვენი გუმლკერდი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ანალიზებიც.
პნევმონიის დიაგნოზირება ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს, რადგან მას აქვს იგივე სიმპტომები, რაც სხვა დაავადებებს, როგორიცაა გაციება, ბრონქიტი და ასთმა.
დიაგნოზის დასასმელად ექიმმა შეიძლება გკითხოთ:
- სუნთქავთ თუ არა უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე
- გაქვთ, თუ არა სუნთქვის უკმარისობა
- რამდენი ხანია, რაც ხველა გაწუხებთ
- თუ გაქვთ ნახველი, და რა ფერის
- უარესდება, თუ არა ტკივილი გულმკერდის არეში ჩასუნთქვა - ამოსუნთქვის დროს
ექიმმა შეიძლება გაგიზომოთ ტემპერატურა და გაგსინჯოთ სტეტოსკოპით, რათა შეამოწმოს გაქვთ, თუ არა ტკაცუნის ან რაიმე ანომალიური ხმა ფილტვებში სუნთქვის დროს.
ექიმმა შეიძლება ასევე ჩაატაროს პერკუსია (სხეულზე თითების კაკუნით ხმიანობის შემოწმება).თუ თქვენი ფილტვები სითხით არის სავსე, მაშინ მას ექნება ჯანმრთელისგან განსხვავებული ხმა.
ადამიანების უმეტესობას, ვისაც აქვს პნევმონიის მსუბუქი ფორმა, არ სჭირდებათ გულმკერდის რენტგენოგრაფია, ან სხვა დამატებითი ტესტები. თუმცა, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 48 საათის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი ანალიზები, მათ შორის რენტგენოგრაფია, ნახველის ან სისხლის ანალიზები.
როგორ მკურნალობენ პნევმონიას?
მსუბუქ პნევმონიას ძირითადად მკურნალობენ სახლში ანტიბიოტიკებით, დასვენებითა და დიდი რაოდენობის სითხის მიღებით. ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მხრივ ჯანმრთელები, ჩვეულებრივ, სრულად გამოჯანმრთელდებიან მალევე, თუმცა ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს.
რადგან პნევმონია არ არის გადამდები, ამიტომ არ არის დაავადებული ადამიანის იზოლირება. თუმცა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები მაინც უნდა მოერიდონ დაავადებულთან ახლო კონტაქტს იქამდე, სანამ დაავადებული უკეთესად არ იგრძნობს თავს.
ზოგიერთისთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც, პნევმონია შეიძლება გართულდეს და საჭირო გახდეს ჰოსპიტალური მკურნალობა, რადგან პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს მძიმე გართულებები, რომლებიც შეიძლება სიკვდილიტაც დასრულდეს.
პნევმონიის გართულებები
პნევმონიის გართულებები უფრო ხშირია მოხუცებში, პატარა ბავშვებსა და იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, მაგალითად დიაბეტი.
თუ გაქვთ გართულებები, სამკურნალოდ მოგიწევთ კლინიკაში დარჩენა.
პნევმონიის შესაძლო გართულებებია:
- პლევრიტი, როდესაც ხდება ფილტვებსა და ნეკნებს შორის არსებული თხელი ამომფენი ქსოვილის ანთება და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა
- ფილტვის აბსცესი - იშვიათი გართულება, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება მძიმე თანმდევი დაავადების არსებობის შემთხვევაში, ან ალკოჰოლის ძლიერ მომხმარებლებში
- სისხლის მოწამვლა (სეპტიცემია) - ასევე იშვიათი მაგრამ ძალიან სერიოზული გართულება.
პნევმონიის პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ პმევმონიის უმეტესობა შემთხვევები ბაქტერიული წარმოშობისაა და არ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე პნევმონიის განვითარების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების და ჰიგიენის კარგი სტანდარტების დაცვით, რაც შეაჩერებს მიკრობების გამრავლებას.
მაგალითად :
- აიფარეთ ცხვირსა და პირზე ხელსახოცი დაცემინების, ან დახველების დროს
- დაუყოვნებლიც გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცი ნაგვის ყუთში, ან ტუალეტში - მიკროორგანიზმებს შეუძლიათ იცხოვრონ რამდენიმე საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ თქვენ ორგანიზმს
- რეგულარულად დაიბანეთ ხელები, რათა არ გადაიტანოთ პათოგენი სხვა ადამიანზე ან ნივთზე
იხილეთ მეტი ინფორმაცია თემაზე: გრიპის გავრცელების პრევენცია.
სიგარეტი, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება და ნარკოტიკის ინტრავენური მოხმარება ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს.
მოწევა აზიანებს ფილტვებს და უფრო მიდრეკილს ხდის მას ინფექციისკენ.
თუ ეწევით, პნევმონიის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება არის სიგარეტისთვის თავის დანებება.
ამაში დასახმარებლა დარეკეთ მოწევის შეწყვეტის ცხელ ხაზზე 116001.
ხანგრძლივად და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ასუსტებს ფილტვის ბუნებრივ დამცველობით სისტემას ინფექციების წინააღმდეგ.
რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს ექიმებმა უნდა შესთავაზონ პნევმოკოკური და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები.
ვის ემართება?
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად პნევმონიით ავადდება დაახლოებით 8 ყოველ 1000 ზრდასრულ ადამიანში, იგი ყველაზე ხშირია შემოდგომასა და ზამთარში.
პნევმონია შეიძება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, თუმცა, იგი უფრო ხშირია და რთულად მიმდინარეობს შემდეგი ჯგუფის ადამიანებში:
- ჩვილები, პატარა ბავშვებიდა მოხუცები
- ადამიანებში, ვინც ეწევიან
- ადამიანები ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით, როგორიცაა ფილტვის დაავადებები ან შესუსტებული იმუნური სისტემა
ამ ჯგუფის ადამიანებს უფრო მეტი ალბათობით დასჭირდებათ კლინიკაში მკურნალობა.
კომენტარის დამატება