ქუნთრუშა
ალისფერი ცხელება, იგივე ქუნთრუშა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ემართებათ ბავშვებს და იწვევს მოვარდისფრო-მოწითალო გამონაყარს.
დაავადებას იწვევს სტრეპტოკოკუს პიოგენის (Streptococcus pyogenes bacteria) ბაქტერია, რაც ასევე ცნობილია A ჯგუფის სტრეპტოკოკად (group A streptococcus) და რომელიც გვხვდება კანზე და ყელში.
ქუნთრუშა დღესდღეობით უფრო იშვიათია, ვიდრე ეს ადრე იყო, მაგრამ ბოლო წლებში რამდენიმეჯერ მოხდა ამ დაავადების ხელახალი აფეთქება. ამ აფეთქებების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია.
ქუნთრუშას ნიშნებისა და სიმპტომების ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დროულად მოხდეს მისი აღმოჩენა და დროული მკურნალობის დაწყება ანტიბიოტიკებით.
ქუნთრუშას სიმპტომები
ალისფერი ცხელება ჩვეულებრივ მოყვება ყელის ტკივილს ან კანის ინფექციას, როგორიცაა იმპეტიგო (impetigo), რაც გამოწვეულია გარკვეული სტრეპტოკოკული ბაქტერიებით.
საწყისი სიმპტომები ჩვეულებრივ მოიცავს ყელის ტკივილს, თავის ტკივილს და სიცხეს (მაღალ ტემპერატურას 38C და მეტი), აწითლებულ ლოყებს და შეშუპებულ ენას.
ამის შემდეგ, ერთი ან ორი დღის შემდეგ ვლინდება დაავადების დამახასიათებელი ვარდისფერი გამონაყარი. ეს გამონაყარი, ჩვეულებრივ იწყება მკერდზე და მუცელზე და შემდეგ ვრცელდება სხვა ადგილებში, როგორიცაა ყურები და კისერი.
მისი სიმპტომები ვლინდება, ინფიცირებიდან ორიდან ხუთ დღემდე პერიოდში, თუმცა, ინკუბაციის პერიოდი (პერიოდი დაინფიცირებიდან სიმპტომების გამოჩენამდე) შეიძლება იყოს ერთი დღეც, ან შვიდი დღეც. გამონაყარზე შეხებისას ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ვეხებით ზუმფარის ქაღალდს და შეიძლება იწვევდეს ქავილს. მუქ კანზე, გამონაყარი შეიძლება ცუდად ჩანდეს, თუმცა მისი სიუხეშე მაინც შეიგრძნობა.
როდისაა საჭირო სამედიცინო დახმარება
ქუნთრუშა, ჩვეულებრივ თავისით გაივლის დაახლოებით ერთ კვირაში, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ის შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, სწორი დიაგნოზირებისთვის და შესაბამისი მკურნალობისთვის, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ექიმი დიაგნოზირებას მოახერხებს როდესაც აღმოაჩენს დამახასიათებელ გამონაყარსა და სხვა სიმპტომებს, თუმცა დიაგნოზის დასადასტურებლად, შეიძლება ასევე საჭირო გახდეს ნერწყვის ნიმუშის აღება და მისი ლაბორატორიულად შემოწმება.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქუნთრუშა მოქმედებს ბავშვზე ორსულობისას. თუმცა ორსულობის გვიანდელ ეტაპზე ქუნთრუშით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.
როგორ ვრცელდება დაავადება?
ქუნთრუშა ადვილად გადამდებია და შეიძლება გავრცელდეს:
- დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველებით ან დაცემინებით გადმოფრქვეულ მცირე ზომის წვეთების ჩასუნთქვით
- კანის სტრეპტოკოკული ინფექციის (როგორიცაა იმპეტიგო) მქონე ადამიანთან შეხებით
- დაბინძურებული პირსახოცის, ტანსაცმლის ან ზეწრის გაზიარებით.
ეს დაავადება ასევე შესაძლოა გადაგვედოს დაავადების მატარებლებისგან, ანუ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ ბაქტერია მათ კანზე ან ყელში, მაგრამ არ აქვთ გამოხატული სიმპტომები.
ვის ემართება
ქუნთრუშა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში (შემთხვევათა 80%-ში) ემართებათ 10 წლამდე ბავშვებს (ძირითადად ორიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებს).
რადგან ეს დაავადება ძლიერ გადამდებია, ამიტომ დიდი ალბათობით გადაედება ნებისმიერს ვისაც ექნება ახლო კონტაქტი სტრეპტოკოკული ბაქტერიით გამოწვეული ყელის ტკივილით ან კანის გამონაყარით დაავადებულ ადამიანთან. ამ დაავადების აფეთქებები ხშირია საბავშვო ბაღებში და სკოლებში, სადაც ბავშვები ერთმანეთთან ახლო კონტაქტში იმყოფებიან.
დაავადების სიმპტომები ვლინდება მხოლოდ იმ ადამიანებში, ვინც მგრძნობიარეა სტრეპტოკოკული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინების მიმართ. ათ წელზე უფროსი ბავშვების უმეტესობა კი, ამ ტოქსინების მიმართ იძენს იმუნიტეტს.
დაავადება ადამიანს შეიძლება რამდენიმეჯერაც დაემართოს, თუმცა ეს იშვიათია.
როგორ ხდება მისი მკურნალობა
ქუნთრუშა, ადრე ძალიან სერიოზულ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა დღეს მისი შემთხვევების უმეტესობა უკვე მსუბუქია.
მისი მკურნალობა ადვილად შეიძლება ანტიბიოტიკებით. ბავშვებში სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება პენიცილინი, ან ამოქსიცილინი, წვეთების სახით. ისინი უნდა გამოვიყენოთ ათი დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა ოთხი-ხუთი დღის შემდეგაც კი გამოკეთდება.
გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში, ბავშვი მაინც ინფექციური და გადამდები იქნება და ამიტომ ამ პერიოდში არ შეიძლება მათი საბავშვო ბაღში ან სკოლაში წაყვანა.
ანტიბიოტიკებით მკურნალობის გარეშე კი, ბავშვი ინფექციური და გადამდები იქნება, სიმპტომების გამოჩენიდან 1-2 კვირის განმავლობაში.
გართულებები
შესაფერისი მკურნალობის გამოყენებით, იშვიათია დამატებითი პრობლემების განვითარება. თუმცა, არსებობს მცირე რისკი, რომ ინფექცია გავრცელდეს სხეულის სხვა ადგილებში და გამოიწვიოს უფრო სერიოზული ინფექციები, როგორიცაა ყურის ინფექცია, სინუსიტი ან პნევმონია.
გავრცელების პრევენცია
თუ თქვენს ბავშვს აქვს ქუნთრუშა, არ წაიყვანოთ ბაღში ან სკოლაში და მოარიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ანტიბიოტიკით მკურნალობის კურსის დაწყებიდან, სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. ეს გაფრთხილება ეხება უფროსებსაც! არ შეიძლება სამსახურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლა მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.
თუ ბავშვს შეხვდა ქუნთრუშა, აუცილებლად უთხარით ეს სკოლის ან ბაღის ადმინისტრაციას, რომ შეძლონ დაავადების აფეთქების პრევენცია.
ბავშვებმა და უფროსებმა დაცემინების ან დახველების დროს პირზე და ცხვირზე უნდა აიფარონ ერთჯერადი ხელსახოცი, შემდეგ კი რაც შეიძლება მალე გადააგდონ ეს ხელსახოცი და დაიბანონ ხელები საპნით და (თუ შესაძლებელია) თბილი წყლით.
მოერიდეთ დაავადებული ადამიანის მიერ დაბინძურებულ ჭურჭლის, ფინჯანის, სათვალეების, ზეწრის ან პირსაწმენდის გამოყენებას.
კომენტარის დამატება