ქათმის კანი (პილარული კერატოზი)
პილარული კერატოზი არის ხშირი და არასახიფათო მდგომარეობა, როდესაც კანი უხეშდება და ამოიზნიქება, თითქოს ბატის ხორკლითაა დაფარული
ამ დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება გამონაყრის შედარებით გაქრობა გამწმენდების საშუალებით, რომლებიც საპონს არ შეიცავს, ასევე კანის ფრთხილად აძრობით (მკვდარი უჯრედების მოშორება კანის ზედაპირიდან).
სანამ მდგომარეობა არ არის შემაწუხებელი, ექიმთან კონსულტაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩვეულებრივ, იგი გაივლის ასაკის მატებასთან ერთად და შეიძლება ზრდასრულობაში სრულადაც გაქრეს.
ეს გვერდი მოგაწვდით მეტ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ და აგიხსნით რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ რომ გაქვთ, ან უკვე დაგიდგინდათ ასეთი დიაგნოზი.
სად ჩნდება პილარული კერატოზი
იგი ყველაზე ხშირად მოიცავს ზედა მხრის უკანა ზედაპირს, და ზოგჯერ დუნდულებსა და ბარძაყის წინა ზედაპირს. უფრო იშვიათად გვხვდება წინამხარზე და ზურგის ზედა ნაწილში.
ასევე იშვიათია წარბებზე, სახეზე, თავის ქალაზე ან მთლიან სხეულზე.
რა ზეგავლენას ახდენს კანზე
დაზიანებული კანის ნაწილი დაფარულია წვრილი, წვეტიანი ბორცვებით, რომლებიც შეიძლება იყოს თეთრი, წითელი ან კანისფერი. ეს ლაქები არის
ხორკლის მსგავსი და კანი არის უხეში, როგორც ზუმფარას ქაღალდი.
ზოგიერთ ადამიანს აქვს ქავილი და შეიძლება იყოს სიწითლე და ანთების ნიშნები.
ის არ არის გადამდები დაავადება.
მდგომარეობა უმჯობესდება ზაფხულში და უარესდება ზამთრის პერიოდში ან მშრალი ამინდების დროს
ვის ემართება ყველაზე ხშირად
დაავადება ძალიან ხშირია, ის აღენიშნება ინგლისის მოსახლეობის დაახლოებით ერთ მესამედს. შეიძლება მოიცვას ყველა ასაკობრივი ჯგუფი, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია :
- ბავშვებსა და ახალგაზრდებში
- ქალებში
- ადამიანებში რომელთაც, აქვთ ეგზემა ან იქტიოზი (სქელი, მშრალი კანი, რომელიც იქერცლება)
- კელტური წარმოშობის ხალხში
დაავადება თავს იჩენს ბავშვობის ასაკში (ხანდახან შეიძლება დაიწყოს ახალშობილებშიც), და უარესდება სქესობრივი მომწიფების ასაკში.
კერატოზი ქრება ასაკის მატებასთან ერთად და მოზრდილებში თითქმის აღარ გვხვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება მაინც შევნიშნოთ 40 – 50 წლის ასაკის ადამიანებში. იშვიათია მოხუცებში.
რა იწვევს პილარულ კერატოზს?
იგი არის გენეტიკური და შეიძლება შვილს მემკვიდრეობით გადაეცეს მშობლისგან. თუ ერთი მშობელი არის დაავადებული, არსებობს ორიდან ერთი შანსი იმისა, რომ შვილსაც გამოუვლინდება დაავადება.
პილარული კერატოზი ჩნდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით კერატინი ლაგდება თმის ფოლიკულებში. კერატინი არის ცილა, რომელიც გვხვდება კანის გარე შრეში და იწვევს კანის გარქოვანებას, გასქელებას (აქედან არის წარმოშობილი სახელი „ კერატოზი„)
ზედმეტი კერატინი ავსებს თმის ფოლიკულებს და იწვევს კანის გაუხეშებასა და გამაგრებას. კერატინით სავსე ტომსიკები აფართოებს ფორებს და კანს აძლევს ლაქოვან შესახედაობას.
იგი ხშირად ასოცირდება კანის გამოშრობის სხვა დაავადებებთან, როგორიცაა ეგზემა და იქტიოზი, რაც აუარესებს გამონაყარს.
მკურნალობა
მისი სამკურნალო საშუალებები თითქმის არ არსებობს და ხშირად გაივლის თავისით, მკურნალობის გარეშე.
თუმცა, თუ ეს მდგომარეობა თქვენთვის ძალიან შემაწუხებელია, ქვემოთ ჩამოთვლილმა რჩევებმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა:
- გამოიყენეთ გამწმენდი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს საპონს - ჩვეულებრივმა საპონმა შეიძლება გამოაშროს კანი და გააუარესოს გამონაყარი.
- დაატენიანეთ კანი სიმშრალის დროს - ექიმმა ან ფარმაცევტმა შეიძლება გირჩიოთ შესაფერისი მალამო. თუმცა, დამატენიანებელი საშუალებები მხოლოდ შეამცირებენ კანის სიმშრალეს და არ განკურნავენ გამონაყარს. ფიქრობენ,რომ ყველაზე ეფექტურია მალამო, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას,რძემჟავას და შარდოვანას.
- ფრთხილად გაიწმინდეთ კანი, საწმენდი ღრუბლით ან კანის ასაფხეკი ქვით, რათა მოიშოროთ უხეში ნაწილი - ფრთხილად იყავით რომ ზედმეტად არ გაიხეხოთ და აიქერცლოთ კანის შრეები.
- იბანავეთ ნელთბილის წყლით და მოერიდეთ ცხელი წყლის აბაზანებს.
თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ექიმს არატრადიციული მკურნალობის მეთოდებზე რომლებმაც შეიძლება გააუმჯობესონ თქვენი მდგომარეობა . ასეთი საშუალებები არ არის ოფიციალურად მიღებული და ლიცენზირებული, მაგრამ ხანდახან გამოიყენება, რადგან წარსულში ადამიანებზე მათ მიერ მიღწეული კარგი ეფექტებია ცნობილი. მაგალითად:
- საცხები, რომლებიც შეიცავენ რეტინოლს (მიღებულია A ვიტამინიდან )
- ქიმიური გამწმენდი საშუალებები
- მიკროდერმაბრაზია - კოსმეტიკური ექსფოლიაციური მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ხშირად სთავაზობენ ჯამრთელობის შემანარჩუნებელ სპა სალონებში
არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ეს თერაპიები არის ეფექტური პილარული კერატოზის შემთხვევაში. ამავდროულად თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ამ პროცედურების ღირებულების დაფარვა საკუთარი ხარჯებით.
კომენტარის დამატება