Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ქავილი

ქავილი

178

ქავილი უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც აიძულებს ადამიანს მოიფხანოს ის გარკვეული უბანი, რომელზეც ვლინდება ეს მდგომარეობა. ქავილის აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია პრურიტუსი.

ქავილი შეიძლება სხეულის ნებისმიერ უბანზე იგრძნოთ. ის შეიძლება იყოს:

  • საერთო - როდესაც ქავილი ვრცელდება მთელ სხეულზე
  • ადგილობრივი - როდესაც ქავილი ვრცელდება გარკვეულ უბანზე.

ზოგიერთ შემთხვევაში ქავილის შეგრძნება ვლინდება გამონაყარის ან რაიმე ლაქის ადგილზე.

მსუბუქი, ხანმოკლე ქავილი ძალზე გავრცელებულია, მაგრამ პრობლემა იშვიათად შეიძლება სერიოზული და ძალიან გამაღიზიანებელი იყოს.

ქავილის გავრცელებული მიზეზები

ქავილი შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ განაპირობოს, მაგალითად:

  • კანის პათოლოგიები - ეგზემა
  • ალერგიები ან კანის რეაქციები
  • პარაზიტული ინვაზიები - მუნი
  • მწერების ნაკბენი და ნესტარი (insect bites and stings)
  • სოკოვანი ინფექციები - როგორებიცაა ათლეტის ტერფი ან ვაგინალური რძიანა
  • ჰორმონული ცვლილებები ორსულობის ან მენოპაუზის დროს
  • სისტემური დაავადებები (რომლებიც ზემოქმედებენ მთელ ორგანიზმზე) - როგორებიცაა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ

შემაწუხებელი ქავილის დროს მის შესამსუბუქებლად და დაფხაჭვნით გამოწვეული დაზიანების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ გზებს:

  • შეიხვიეთ ქავილის გამომწვევი ადგილი, რათა არ დაიფხაჭნოთ მოფხანისას
  • ქავილის გამომწვევი უბნის გასაგრილებლად დაიდეთ სველი საფენი
  • შხაპი მიიღეთ გრილი ან ნელთბილი წყლით
  • გამოიყენეთ უარომატო პირადი ჰიგიენის ნივთები
  • არ ჩაიცვათ კანის გამაღიზიანებელი ტანსაცმელი, როგორიცაა შალის სამოსი
  • თუ კანი გამომშრალი ან აქერცლილი გაქვთ, წაისვით დამატენიანებელი ან დამარბილებელი.

არსებობს მედიკამენტები, როგორებიცაა ანტიჰისტამინები (antihistamines) და სტეროიდული კრემები, რომლებიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში. მათ შეუძლიათ კანის პათოლოგიით გამოწვეული ქავილის შემსუბუქება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ქავილის შემთხვევათა უმეტესობა მოკლე ხანში გაივლის. თუმცა, ექიმის კონსულტაცია საჭირო ხდება, თუ ქავილი არის:

  • ძლიერი
  • ხანგრძლივი
  • განმეორებადი
  • ასოცირებული სხვა სიმპტომებთან, როგორიცაა სიწითლე და შესიება ან სიყვითლე (jaundice)(კანისა და სკლერების გაყვითლება)

ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ, თუ გექავებათ მთელი სხეული რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე. ეს შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს.

ექიმი გამოგკითხავთ სიმპტომების შესახებ. გაარკვევს, თუ რას უკავშირებთ ქავილის გაუარესებას და არის თუ არა ის მუდმივი. აუცილებელია კანის შემოწმება ხილული დაზიანების აღმოსაჩენად.

ზოგჯერ, ქავილის მიზეზის დასადგენად ექიმმა შეიძლება აიღოს კანის ნაცხი. ასევე, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი, რაიმე სერიოზული პათოლოგიის, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმლის დაავადების გამოსარიცხად.

ქავილის მიზეზის დადგენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი შეფასებისა და მკურნალობისთვის შეიძლება გადაგამისამართონ სპეციალისტთან

კომენტარის დამატება