Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ღრმა ვენური თრომბოზი

ღრმა ვენური თრომბოზი

211

ღრმა ვენების თრომბოზი არის სისხლის კოლტის (თრომბის) განვითარება სხეულის ერთ-ერთ ღრმა ვენაში, ძირითადად ფეხში.

ვენაში განვითარებულ სისხლის კოლტს (თრომბს) ასევე ეწოდება ვენოზური თრომბოზი.

ღრმა ვენური თრომბოზი ძირითადად ხდება ფეხის ღრმა, გრძელ ვენაში, რომელიც კუნთს გასდევს მუხლიდან მენჯამდე.

ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და ფეხის შეშუპება და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულება როგორიცაა პულმონარული ემბოლია (pulmonary embolism). ეს სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც თრომბი ხვდება ფილტვის არტერიაში და ახდენს ფილტვში სისხლის მიწოდების ბლოკირებას (იხილეთ ქვემოთ).

ღრმა ვენურ თრომბოზს და პულმონარულ ემბოლიას ერთად ეწოდება ვენური თრომბოემბოლია.

სიმპტომები

ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პრობლემას შეიძლება არ ახლავდეს რაიმე სიმპტომი, მაგრამ ძირითადად მისი სიმპტომები მოიცავს:

  • ტკივილს, შეშუპებას და გაზრდილ მგრძნობელობას ერთ-ერთ ფეხში (ძირითადად წვივის უკანა ნაწილში
  • გამოვლენილ ადგილას ძლიერ ტკივილს
  • კოლტის წარმოქმნის ადგილზე კანის გახურებას
  • კანის გაწითლებას, ძირითადად ფეხის უკანა ნაწილში, მუხლის ქვემოთ.

ღრმა ვენური თრომბოზი ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) ვლინდება მხოლოდ ერთ ფეხზე. ამ დროს ტკივილი შეიძლება უფრო გაძლიერდეს ტერფის ზემოთ აწევის დროს.

პულმონარული (ფილტვის) ემბოლია

მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, ღრმა ვენური თრომბოზის მქონე ადამიანების დაახლოებით 10%-ს უვითარდება პულმონარული ემბოლია. ეს ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და იწვევს:

  • სუნთქვის უკმარისობას - რომელიც შეიძლება თანდათან ან უეცრად განვითარდეს
  • ტკივილს გულ-მკერდის არეში - რომელიც შეიძლება უარესდებოდეს ჩასუნთქვისას
  • უეცარ კოლაფსს (ცნობიერების დაკარგვას).

ღრმა ვენური თრომბოზი და პულმონარული ემბოლია, ორივე საშიში მდგომარეობებია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევას და მკურნალობას.

აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაგივითარდათ ტკივილი, შეშუპება და გაზრდილი მგრძნობელობა ფეხში და ამასთან ერთად სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულ-მკერდის არეში.

რა იწვევს ღრმა ვენურ თრომბოზს?

დიდ ბრიტანეთში, ღრმა ვენური თრომბოზი ყოველწლიურად 1000 ადამიანიდან დაახლოებით 1-ს ემართება.

ეს მდგომარეობა ნებისმიერს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ასაკის გარდა არსებობს სხვა რისკ ფაქტორებიც:

  • წარსულში განვითარებული ღრმა ვენური თრომბოზი ან პულმონარული ემბოლია
  • სისხლის კოლტების (თრომბის) წარმოქმნის ოჯახური ისტორია
  • ხანგძლივი პასიური მდგომარეობა - მაგალითად ოპერაციის შემდეგ, ან ხანგძლივი მოგზაურობის დროს
  • სისხლძარღვის დაზიანება - სისხლძარღვის დაზიანებულმა კედელმა შეიძლება გამოიწვიოს თრომბის წარმოქმნა
  • ისეთი სამედიცინო მდგომარეობის ქონა, ან ისეთი მკურნალობა, რომელიც ხელს უწყობს თრომბის უფრო ადვილად წარმოქმნას - მაგალითად კიბო (მათ შორის ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული მკურნალობა), გული და ფილტვის დაავადებები, თრობოფილია და ანტიფოსფოლიდური სინდრომი
  • ორსულობა - ორსულობის დროს სისხლი უფრო ადვილად დედდება
  • ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიაც, ორივე შეიცავს ქალის ჰორმონს ესტროგენს, რომელიც იწვევს სისხლის კოლტების უფრო ადვილად წარმოქმნას. ამიტომ, ამ წამლების მიღების დროს შესაბამისად იზრდება ღრმა ვენური თრომბოზის განვითარების რისკიც.

დიაგნოზირება

აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ღრმა ვენის თრომბოზი, მაგალითად თუ გაქვთ ტკივილი, შეშუპება და ძლიერი წვის შეგრძნება ფეხში. ექიმი უფრო დაწვრილებით გამოგკითხავთ სიმპტომების შესახებ და ასევე გკითხავთ სამედიცინო ისტორიას.

დ-დიმერის ტესტი

მხოლოდ სიმპტომების გამოკვლევით ღრმა ვენური თრომბოზის დიაგნოზის დასმა შეიძლება ძნელი იყოს, ამიტომ ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის სპეციალიზირებული ანალიზი, რომელსაც დ-დიმერის ტესტი ეწოდება.

ეს ანალიზი აჩენს სისხლის კოლტის ნაწილებს, რომლებიც დაიშალა და მოძრაობს სისხლის მიმოქცევაში. რაც უფრო დიდი რაოდენობის ფრაგმენტები იქნება ნაპოვნი, მით უფრო დიდი შანსია, რომ ვენაში იყოს თრომბი.

თუმცა, ეს ანალიზი ყოველთვის არ არის სანდო, რადგან სისხლის კოლტის ფრაგმენტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ოპერაციის შემდეგ, ორსულობისას, ან ფიზიკური დაზიანების შემდეგ.

ამის გამო დამატებით საჭირო ხდება სხვა გამოკვლევების ჩატარებაც, მაგალითად ულტრაბგერითი გამოკვლევის.

ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება ვენებში თრომბის სანახავად. სისხლის დინების სიჩქარის განსასაზღვრავად ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ულტრაბგერის სპეციალური სახეობით გამოკვლევაც, რომელისაც დოპლერის ულტრაბგერითი გამოკვლევა ეწოდება. ეს ექიმს დაეხმარება სისხლის მიმოქცევის შენელების ან დაბლოკვის აღმოჩენაში, რომელიც შეიძლება თრომბით იყოს გამოწვეული.

ვენოგრამა

თუ დ-დიმერის ტესტი და ულტრაბგერა ვერ მოახდენენ ღრმა ვენური თრომბოზის დიაგნოზს, შეიძლება გამოიყენონ ვენოგრამა.

ამ დროს ფეხის ვენაში შეიყვანენ სპეციალურ კონტრასტულ საღებავს. საღებავი ფეხის სისხლძარღვში სისხლთან ერთად იმოძრავებს და მისი დანახვა შესაძლებელი იქნება რენტგენის სხივებით და რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სისხლძარღვში იმ ადგილის აღმოჩენა, სადაც თრომბი ბლოკავს სისხლის მიმოქცევას.

ღრმა ვენური თრომბოზის მკურნალობა

ღრმა ვენური თრომბოზის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ანტიკოაგულანტების მიღებას, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს და ასევე აჩერებენ არსებული კოლტების ზომაში გაზრდას.

ღრმა ვენური თრომბოზის დროს ყველაზე ხშირად გამოყენებადი წამლებია ჰეპარინი და ვარფარინი. პირველად, ძირითადად ინიშნება ჰეპარინი, რადგან ის მოქმედებას მყისიერად იწყებს და აჩერებს თრომბის შემდგომ წარმოქმანას. საწყისი მკურნალობის შემდეგ სხვა თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ვარფარინის მიღებაც.

არსებობს სხვადასხვა სახეობის ანტიკოაგულანტებიც, რომლებსაც პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტებს უწდებენ და რომლებიც ასევე შეიძლება იყოს დანიშნული ექიმის მიერ. ეს წამლები მოიცავს რივაროქსაბანს (rivaroxaban) და აპიქაბანს (apixaban) და ეს წამლებიც ცნობილია, რომ არის ჰეპარინის და ვარფარინის მსგავსაც ეფექტურები, მაგრამ უფრო ნაკლები სერიოზული გვერდითი ეფექტებით.

ექიმი ასევე დანიშნავს სპეციალურ კომპრესიულ წინდებს ყოველდღიურად სატარებლად, რომლებიც აუმჯობესებენ სიმპტომებს და გვეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში.

ღრმა ვენური თრომბოზის პრევენცია

საავადმყოფოში მისვლამდე მკურნალმა ექიმმა ან ქირურგმა, აუცილებლად უნდა შეაფასოს პაციენტის თრომბის განვითარების რისკები.

თუ პაციენტი რისკის ქვეშაა, თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად არსებობს მრავალი საშუალება, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს როგორც საავადმყოფოში მისვლამდე (მაგალითად კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებისგან დროებით თავის შეკავება), ასევე საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგაც (მაგალითად კომპრესიული წინდების ტარება).

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ექიმმა აუცილებლად უნდა აუხსნას პაციენტს რისკების შესახებ და მისცეს რეკომენდაციები, რომ თავიდან აირიდოს თრომბის წარმოქმნა. ეს რჩევები შეიძლება მოიცავდეს:

  • სიგარეტისთვის თავის დანებებას
  • ჯანსაღი და ბალანსირებული კვების რაციონს
  • რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნებას ან წონის დაკლებას, ჭარბწონიანობის შემთხვევაში.

არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ასპირინის მიღება ამცირებს ღრა ვენური თრომბოზის განვითარების რისკს.

თუ ხართ ღრმა ვენური თრომბოზის განვითარების რისკ ჯგუფში, ან თუ წარსულში გქონდათ ეს მდგომარეობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ნებისმიერი ხანგრძლივი მოგზაურობის წინ.

თვითმფრინავით, მატარებლით, ან მანქანით ხანგრძლივი მოგზაურობის დროს (ექვსი საათი ან უფრო მეტი დროით), ამ პრობლემის განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა მიიღოთ პრევენციული ზომები, როგორიცაა დიდი რაოდენობით სითხეების დალევა, მარტივი ფეხის ვარჯიშების შესრულება და რეგულარული ხანმოკლე სასეირნო შესვენებების გაკეთება

კომენტარის დამატება