ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება ეხება ღვიძლის დაზიანებას, რომელიც ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებითაა გამოწვეული. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი გამწვავებების რამდენიმე სტადია არსებობს და მასთან დაკავშირებული სიმპტომების მრავალი სახეობა.
ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება, ძირითადად არ იწვევს არანაირ სიმპტომს, სანამ ღვიძლი მწვავედ არ დაზიანდება. როდესაც ეს მოხდება, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- გულისრევის შეგრძნებას
- წონის დაკლებას
- მადის დაკარგვას
- თვალებისა და კანის გაყვითლებას (სიყვითლე)
- მუცლისა და მუხლების შეშუპებას
- დაბნეულობას, ან ძილიანობას
- სისხლის ამოღებინებას, ან სისხლიან განავალს
ეს ნიშნავს, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება ხშირად დიაგნოსტირდება სხვა დაავადებებისა და მდგომარეობისთვის გაკეთებული ტესტებით, ან უკვე იმ ფაზაში, როდესაც ღვიძლის დაზიანება საკმაოდ პროგრესირებულია.
თუ თქვენ სისტემატურად იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს, აუცილებლად უნდა უთხრათ ექიმს, რომ შეამოწმოს არის თუ არა ღვიძლი დაზიანებული.
ალკოჰოლი და ღვიძლი
ორგანიზმში, თავის ტვინის შემდეგ, ღვიძლი ყველაზე კომპლექსური ორგანოა. მისი ფუნქციები მოიცავს:
- სისხლში არსებულ ტოქსინთა ფილტრაციას
- საკვების მონელებაში დახმარებას
- სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის რეგულირებას
- ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას
ღვიძლის არის ძალიან სტაბილური ორგანო და აქვს თავისთავადი რეგენერაციის უნარი. ყოველ ჯერზე, როდესაც ღვიძლი ფილტრავს ალკოჰოლს სისხლიდან, ზოგიერთი მისი უჯრედი ამ პროცესში კვდება. ღვიძლს შეუძლია ახალი უჯრედების წარმოქმნა, მაგრამ ხანგრძლივად, წლების მანძილზე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ღვიძლის რეგენერაციის უნარი და შედეგად მისი მძიმე და მუდმივი დაზანება გამოიწვიოს.
ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების ეტაპები
ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების სამი ძირითადი ეტაპი არსებობს, თუმცა ისინი ხშირად ფარავს ერთმანეთს. აღნიშნული ქვემოთაა განხილული.
ღვიძლის ალკოჰოლური გაცხიმოვნების დაავადება
ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებას, თუნდაც რამდენიმე დღის მანძილზე, შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლში ცხიმების ჩალაგება. ამას ალკოჰოლით განპირობებული ღვიძლის გაცხიმოვნების დაავადება ეწოდება და ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების პირველ სტადიას წარმოადგენს.
გაცხიმოვნებული ღვიძლი იშვიათად იწვევს რაიმე სახის სიმპტომს, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ თქვენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ალკოჰოლის დოზას იღებთ.
ღვიძლის გაცხიმოვნება შექცევადია. თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს ორი კვირის განმავლობაში, თქვენი ღვიძლი დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
ალკოჰოლური ჰეპატიტი
ალკოჰოლური ჰეპატიტი (არ არის დაკავშირებული ინფექციურ ჰეპატიტთან) პოტენციურად სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გრძელვადიან პერიოდში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებით. როდესაც ეს მდგომარეობა ჩამოყალიბდება, შეიძლება ამ დროს აღმოაჩინოს ადამიანმა, რომ ალკოჰოლით იზიანებენ ღვიძლს. იშვიათ შემთხვევებშიალკოჰოლური ჰეპატიტი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მცირე დროში დალევით (ე.წ. დათრობამდე დალევა, ან ლოთური სმა).
ღვიძლის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლურ ჰეპატიტთან, როგორც წესი, შექცევადია, სასმელის მიღების სამუდამოდ შეწყვეტის შემთხვევაში. მაგრამ, მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტი არის სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობა. ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ მდგომარეობით. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ ამ ეტაპზე იგებს, რომ ღვიძლი დაზიანებული აქვს.
ციროზი
ციროზი ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების დასკვნითი ეტაპია, რომელიც ღვიძლის მნიშვნელოვნად დაზიანების დროს ვლინდება. ციროზი, როგორც წესი, არ არის შექცევადი მდგომარეობა, ალკოჰოლის მოხმარების დაუყოვნებელმა შეწყვეტამ შესაძლოა შემდგომი დაზიანების პრევენცია მოახდინოს და მნიშვნელოვნად გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამ ეტაპზეც კი შესაძლებელია არ არსებობდეს ღვიძლის დაზიანების რაიმე გამოხატული სიმპტომები.
ალკოჰოლით განპირობებული ციროზის დროს, თუ დაავადებული ადამიანი არ წყვეტს ალკოჰოლის დალევას, 50%-ზე ნაკლები შანსი ექნება, რომ იცოცხლოს დამატებით ხუთი წელი.
როგორ ხდება ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების მკურნალობა
ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებისთვის მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მთავარი მკურნალობა იქნება ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეს ხელს შეუშლის ღვიძლის შემდგომ დაზიანებას და მისცემს ღვიძლს რეგენერირების საუკეთესო შანსს.
ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანისთვის ალკოჰოლზე უარის თქმა შესაძლებელია ძალიან ძნელი იყოს, თუმცა ეს აუცილებელია.
მძიმე შემთხვევებში, როდესაც ღვიძლი წყვეტს ფუნქციონირებას და არ ხდება მისი ფუნქციის აღდგენა სასმელის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი, შესაძლებელია საჭირო გახდეს ღვიძლის გადანერგვა.
გართულებები
ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებით გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ალკოჰოლი არის სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი დიდ ბრიტანეთში, სიგარეტის მოწევასთან და სისხლის მაღალ არტერიულ წნევასთან ერთად.
შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, რომელიც მოიცავს:
- შიდა სისხლდენას
- ტვინში ტოქსინების დაგროვებას (ენცეფალოპათია)
- სითხის დაგროვება მუცლის ღრუში (ასციტი) და მასთან დაკავშირებულ თირკმლის უკმარისობასთან ერთად
- ღვიძლის კიბოს
ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების პრევენცია
ყველაზე ეფექტური გზა, რათა თავიდან აიცილოთ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანება, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტაა, ან რეკომენდებული დღიური ზღვრული რაოდენობების მიხედვით დალევა და კვირაში ალკოჰოლისგან თავისუფალი მინიმუმ ორი დღის შენარჩუნებაა.
ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდებული ზღვრებია:
- მამაკაცებმა რეგულარულად არ უნდა მიიღონ სასმელის 3-4 ერთეულზე მეტი დღეში
- ქალებმა რეგულარულად არ უნდა მიიღონ სასმელის 2-3 ერთეულზე მეტი დღეში
ალკოჰოლის თითო ერთეული უდრის დაახლოებით 250 მლ ნორმალური სიძლიერის ლუდს ან 25 მლ 40%-იან ალკოჰოლურ სასმელს (არაყი, ვისკი, კონიაკი და ა.შ.).
მაშინაცკი, თუადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რეგულარულად სვამდა ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლს, ალკოჰოლის მიღების შემცირება ან მისი შეწყვეტა მნიშვნელოვან მოკლე და გრძელვადიან სარგებელს მოუტანს ღვიძლს და მის საერთო ჯანმრთელობას.
კომენტარის დამატება