ღეროვანი უჯრედების და ძვლის ტვინის გადანერგვა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ასევე ცნობილია, როგორც ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. ამ დროს დაზიანებულ ძვლის ტვინს ანაცვლებენ ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედებით. ეს პროცედურა შეიძლება გამოიყენონ ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც მოქმედებს სისხლის უჯრედებზე, მაგალითად ლეიკემია და ლიმფომა.
ღეროვანი უჯრედები არის სპეციალური უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინის მიერ და შეუძლიათ სხვადასხვა სახეობის სისხლის უჯრედად გარდაქმნა. ძვლის ტვინი არის ღრუბლისებრი, ფორებიანი ქსოვილი, რომელიც ზოგიერთი ძვლის ღრუშია მოთავსებული.
ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები წარმოქმნიან სამი ტიპის სისხლის უჯრედს:
- ერითროციტებს (წითელი უჯრედები) - მათ გადააქვთ ჟანგბადი ორგანიზმში
- ლეიკოციტებს (თეთრი უჯრედები) - ისინი ებრძვიან ინფექციებს
- თრომბოციტებს - ისინი მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მოიცავს სისხლის დაზიანებული უჯრედების განადგურებას და მათ ჩანაცვლებას ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც გამოყოფილია სისხლიდან, ან ძვლის ტვინიდან.
რა საჭიროა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საჭიროა ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, როდესაც დაზიანებულია ძვლის ტვინი და ვეღარ ახერხებს ჯანსაღი სისხლის უჯრედების წარმოქმნას. გადანერგვა ასევე შეიძლება გახდეს საჭირო კიბოს საწინააღმდეგო ინტენსიური მკურნალობის შედეგად სისხლის დაზიანებული ან განადგურებული უჯრედების ჩასანაცვლებლად.
დაავადებები, რომლის დროსაც სამკურნალოდ გამოიყენება ძვლის ტვინის გადანერგვა:
- მწვავე აპლასტიური ანემია (ძვლის ტვინის უკმარისობა)
- ლეიკემია (leukaemia) - ლეიკოციტების კიბო
- ლიმფომა- სხვა სახეობის კიბო, რომელიც ასევე მოქმედებს სისხლის თეთრ უჯრედებზე
- მიელომა - კიბოს სახეობა, რომელიც მოქმედებს პლაზმურ უჯრედებზე
- ზოგიერთი სისხლის, იმუნური სისტემის და მეტაბოლიზმის დაავადები - მაგალითად ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია (sickle cell anaemia), თალასემია (thalassaemia), ზოგიერთი მწვავე იმუნური სისტემის დაავადება და ჰარლერის სინდრომი (Hurler syndrome).
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები არ გაამართლებს, ასევე თუ გადანერგვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და თუ პაციენტს, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, ჯანმრთელობის შედარებით ნორმალური მდგომარეობა აქვს.
რას მოიცავს ძვლის ტვინის გადანერგვა?
ძვლის ტვინის გადანერგვა შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელი ადამიანის (იდეალურ შემთხვევაში ახლო ნათესავის, რომელსაც იგივე ან მსგავსი სახეობის ქსოვილი აქვს - იხილეთ ქვემოთ) სისხლიდან ან ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების ამოღებას და დაავადებულ ადამიანში გადანერგვას. ამ პროცედურას უწოდებენ ალოგენეტიკურ გადანერგვას.
გადანერგვა ასევე შესაძლებელია პაციენტის ღეროვანი უჯრედების გამოცალკევებით და შემდეგ უკანვე დაბრუნებით, როდესაც მოხდება დაზიანებული ან დაავადებული უჯრედების მოშორება. ამ პროცედურას ავტოლოგურ გადანერგვას უწოდებენ.
ძვლის ტვინის გადანერგვა შედგება 5 ძირითადი საფეხურისგან:
- გამოკვლევები - ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად
- ღეროვანი უჯრედების მოპოვება - ამ დროს მოიპოვებენ ღეროვან უჯრედებს, რომელსაც შემდგომში ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ. მოპოვება ხდება ან დონორისგან ან პაციენტისგანვე
- მოსამზადებელი - ორგანიზმის მზადება ტრანსპლანტაცისთვის. უტარდება მკურნალობა ქიმიოთერაპიით და/ან რადიოთერაპიით
- ტრანსპლანტაცია - ღეროვანი უჯრედების გადანერგვა
- გამოჯანმრთელების პერიოდი - ამ დროს აკვირდებიან ხომ არ არის გართულებები ან გვერდითი ეფექტები.
ძვლის ტვინის გადანერგვა შეიძლება ხანგრძლივი და მძიმე პროცესი იყოს. საავადმყოფოში დარჩენა ძირითადად საჭიროა ერთი თვით, ან შეიძლება მეტითაც, იქამდე სანამ ტრანსპლანტი დაიწყებს მოქმედებას. საბოლოო გამოჯანმრთელებას კი შეიძლება 1 ან 2 წელი დასჭირდეს.
გაიგეთ მეტი თუ როგორ კეთდება გადანერგვა.
გადანერგვის რისკები
ძვლის ტვინის გადანერგვა რთული პროცედურაა, რომელსაც მნიშვნელოვანი რისკები გააჩნია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს გადანერგვამდე სრულად ჰქონდეს გააზრებული გადანერგვის შესაძლო სარგებელიც და რისკებიც.
გადანერგვის დროს ან მის შემდეგ შესაძლო პრობლემებია:
- გადანერგილი და არსებული უჯრედების დაავადება - ეს ხდება ალოგენეტიკური გადანერგვის შემთხვევაში, როდესაც გადანერგილი უჯრედები იწყებს ორგანიზმში არსებული უჯრედების წინააღმდეგ შეტევას
- სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა - რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, გაძლიერებული სისხლდენა ან დალურჯებები და ინფექციებისადმი გაზრდილი რისკი
- ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები - მათ შორის გულისრევის შეგრძნება, დაღლილობა, თმის ცვენა და უშვილობა.
რისკების შესახებ დეტალურად იხილეთ ამავე სტატიის შემდეგ განყოფილებაში - რისკები.
ღეროვანი უჯრედების დონაცია
თუ პაციენტისთვის შეუძლებელია საკუტარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, მაშინ გადასანერგი ღეროვანი უჯრედები უნდა მიიღონ დონორისგან.
ტრანსპლანტაციის წარმატების შანსების გასაზრდელად გადასანერგი ღეროვანი უჯრედები უნდა შეიცავდნენ სპეციალურ გენეტიკურ მარკერს, რომელსაც ადამიანის ლეიკოციტის ანტიგენს უწოდებენ (Human leukocyte antigen) - რომელიც უნდა იყოს იდენტური, ან ძალიან მსგავსი პაციენტის ღეროვანი უჯრედებისა.
ამ მსგავსების მისაღწევად გადანერგვისთვის საუკეთესო ვარიანტია დის ან ძმის, ან ზოგჯერ ვინმე სხვა ახლო ნათესავის უჯრედები.
ადამიანების უმეტესობა პოულობს დონორს, რომლისგანაც შეიძლება მიიიღოს გადასანერგი უჯრედები, თუმცა ზოგჯერ დონორის პოვნა შეიძლება ძალიან ძნელი ან შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს
კომენტარის დამატება