ყურის ტკივილი
ყურის ტკივილი ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით ბავშვებში. უმეტეს შემთხვევებში ის მსუბუქი ინფექციითაა გამოწვეული და რამდენიმე დრეში, მკურნალობის გარეშეც ხშირად გაუმჯობესდება.
ყურის ტკივილი შესაძლოა მჭრელი/ძლიერი, ყრუ ან მწველი ხასიათის იყოს, ტკივილი ხანგამოშვებითია ან მუდმივი. სიმპტომმა შესაძლოა ერთი ან ორივე ყური მოიცვას.
როდის მივმართოთ ექიმს
როდესაც ბავშვს აწუხებს ყურის ტკივილი, ყოველთვის არ არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა. ტკივილი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღის განმავლობაში გამოკეთდება და არსებობს საშუალებები, რითიც შეძლებთ ბავშვის დახმარებას.
ექიმს უნდა მიმართოთ თუ:
- ბავშვს აქვს სხვა სიმპტომების, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (ცხელება) 38ºC ან უფრო მაღალი, ღებინება, ძლიერი ყელის ტკივილი, შეშუპება ყურის გარშემო, ან ყურიდან გამონადენი
- ყურში აქვს რამე გაჭედილი
- ყურის ტკივილი არ უმჯობესდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
რისი გაკეთება შეგიძლიათ სახლის პირობებში?
ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი გამოიყენოთ. 16 წლამდე ბავშვებმა ასპირინი არ უნდა მიიღონ.
მტკივნეულ ყურთან თბილი საფენის მიდებამ შესაძლოა ტკვილი შეგიმსუბუქოთ.
ყურის ტკივილის დროს, აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული ყურის წვეთების შესახებ რეკომენდაცია შეიძლება ფარმაცევტმაც გაგიწიოთ, მაგრამ მანამდე თქვენი სიმპტომების შესახებ უნდა მოუყვეთ მათ და რჩევა ჰკითხოთ.
ყურის წვეთების ან ზეითუნის ზეთის წვეთების გამოყენება არ შეიძლება, თუ დაფის აპკი გახეთქილია და ეს საშუალებები ყურის ინფექციის განკურნებაში ვერ დაგეხმარებიან.
თუ თქვენს შვილს ყურის ინფექცია აქვს, დაზიანებული ყურის დასველებას უნდა მოერიდოთ.
ყურის ტკივილის გამომწვევი გავრცელებული მიზეზები
ქვემოთ განხილული ინფორმაცია თვითდიაგნოსტირებისთვის არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ შესაძლოა გაიგოთ რა შეიძლება იწვევდეს ყურის ტკივილს. ჩამონათვალი ყველა შესაძლო გამომწვევ მიზეზს არ შეიცავს, მაგრამ ყურის ტკივილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზები ხაზგასმულია.
ყურის ინფექციები
თუ ყურის ტკივილი გამოწვეულია ინფექციით, მაშინ შეიძლება ყურიდან გამჭვირვალე ან ჩირქის მსგავსი გამონადენი აღინიშნებოდეს.
გარე ყურის ინფექციები (გარე ყურისა და დაფის აპკის შემაერთებელი მილის ინფექციები) და შუა ყურის ინფექციები (დაფის აპკის უკანა ნაწილების ინფექციები) ყურის ტკივილის ძალიან ხშირი მიზეზებია.
ყურის ინფექციების მეტესობა, მკურნალობის გარეშე თავისით გაივლის რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გამოწეროს ყურის წვეთები ან ანტიბიოტიკები.
წებოვანი ყური
წებოვანი ყური, ასევე ცნობილი, როგორც შუა ოტიტი ეფუზიით, ყურში სითხის დაგროვებაა, რომელიც ხშირად სმენის დროებით დაქვეითებას/hearing loss იწვევს. ეს მდგომარეობა ძირითადად უმტკივნეულოდ მიმდინარეობა, თუმცა სითხის მიერ განვითარებულ წნევას ზოგჯერ ყურის ტკივილის გამოწვევაც შეუძლია.
წებოვანი ყური თავისით გაივლის, თუმცა ამას შეიძება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუ პრობლემა განსაკუთრებით დიდი ხანს გრძელდება, შეიძლება რეკომენდირებული იყოს სითხის დრენირების პროცედურა, რისთვისაც ყურში მცირე ზომის მილს ათავსებენ.
ყურის დაზიანებით გამოწვეული ყურის ტკივილი
ხანდახან ყურის ტკივილი შესაძლოა შიდა ყურის დაზიანებამ გამოიწვიოს, მაგალითად ბამბის ჩხირით გოგირდის ამოწმენდისას ან ბამბის ჩხირის ღრმად შეწევისას შესაძლოა დაფის აპკი დაზიანდეს.
ყურის არხი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება. დაზიანების მოშუშება მკურნალობის გარეშეც ხდება, მაგრამ გახვრეტილი დაფის აპკის აღდგენას/შეხორცებას შესაძლოა 2 თვემდე დასჭირდეს. დაფის აპკის გახვრეტის შემთხვევაში, ყურის წვეთების გამოყენება არ შეიძლება.
გოგირდით ან ყურში გაჭედილი რაიმე საგანით გამოწვეული ყურის ტკივილი
ზოგჯერ ყურის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ყურში გოგირდის ან რაიმე მცირე ზომის ნივთის გაჭედვამ. თუ ყურის ტკივილი გამოწვეულია ასეთი შემთხვევით, ნუ ეცდებით ამ ნივთის თქვენით ამოღებას, რადგან ამან შესაძლოა მისი უფრო ღრმად შეწევა და დაფის აპკის დაზიანება გამოიწვიოს.
გოგირდის დასარბილებლად ფარმაცევტმა შესაძლოა ყურის წვეთები გირჩიოთ, რომლის გამოყენების შემდეგ საცობი ბუნებრივად ამოვარდება. ზოგ შემთხვევაში, ექიმს შესაძლოა გოგირდის ამოსაღებად (მას შემდეგ რაც ყურის წვეთების მოქმედების შედეგად დარბილდება) ყურის წყლით გამორეცხვა დასჭირდეს. ამ პროცედურას ყურის ირიგაციას/ear irrigation უწოდებენ.
თუ ყურში რაიმე მცირე ზომის საგანია გაჭედილი, დაგჭირდებათ სპეციალისტთან მიმართვა მის ამოსაღებად.
ყელის ინფექციით გამოწვეული ყურის ტკივილი
თუ ყლაპვა გიჭირთ და ყელი გტკივათ, სავარაუდოდ თქვენი ყურის ტკივილი ყელის ინფექციის, მაგალითად ტონზილიტის ან ანგინის (ყელის უკანა მხარეს განვითარებული აბსცესი) სიმპტომია.
ტონზილიტის ზოგიერთი ფორმა ანტიბიოტიკებით მკურნალობის გარეშე რამდენიმე დღეში ალაგდება, მაგრამ ანგინის შემთხვევაში ექიმს რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ. ანგინა შესაძლოა გქონდეთ, თუ მტკივნეული ყელი ძალიან სწრაფად გაგიუარესდათ.
ყბის ძვლის პრობლემა
იშვიათად, ყურის ტკივილი გამოწვეულია ყბის ძვლის სახსრის პრობლემით, სადაც ყბა და თავის ქალა ერთმანეთს უერთდება. ამ პრობლემას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის (temporomandibular joint pain) ტკივილი ჰქვია და შეიძლება გამოწვეული იყოს ართრიტით/arthritis ან კბილების კრაჭუნით/teeth grinding.
ასეთი სახის ტკივილის შემსუბუქება ხშირად შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებით, თბილი ან ცივი კომპრესებით და კბილის კრაჭუნზე და კბილებზე დატვირთვის თავიდან არიდებით.
კბილის აბსცესი
კბილის აბსცესი ჩირქგროვაა, რომელიც კბილებში ან ღრძილებში ბაქტერიული ინფექციის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას. მან შესაძლოა ყურის ტკივილი გამოიწვიოს, თუმცა კბილის აბსცესის მთავარი სიმპტომი დაზიანებული კბილის ტკივილია, რომელიც შესაძლოა ინტენსიური და რიტმული იყოს. სტომატოლოგს აბსცესის ამოღება და ჩირქის დრენირება დასჭირდება
კომენტარის დამატება