Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ანალური ნაპრალი / analuri naprali

ანალური ნაპრალი / analuri naprali

287

ანალური ნაპრალი არის გახევა ან წყლული, რომელიც ვითარდება ანალურ მილში.

ანალური ხვრელი არის სქელი ნაწლავის ბოლო ნაწილი და მდებარეობს სწორ ნაწლავსა (იგივე რექტუმი, ადგილი სადაც გროვდება განავალი კუჭში გასვლამდე) და უკანა გასასვლელს (ანუსს) შორის.

ანალური ნაპრალის სიმპტომები

ანალური ნაპრალის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • დეფეკაციის დროს მკვეთრი ტკივილი, რომელსაც ხშირად მოსდევს მძიმე წვის შეგრძნების მსგავსი ტკივილი, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს
  • სისხლდენა კუჭში გასვლის დროს - ადამიანთა უმრავლესობა ამჩნევს მცირე რაოდენობით ღია ფერის სისხლს ან განავალზე ან ტუალეტის ქაღალდზე.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ანალური ნაპრალი. არ მოგერიდოთ ექიმთან გასაუბრება ამ საკითხზე და თქვენი სიმპტომების და ჩივილების მოყოლა, რადგან ანალური ნაპრალი ხშირი პრობლემაა და ექიმები მიჩვეულები არიან ამ პრობლემასთან მუშაობით.

ანალური ნაპრალების შემთხვევების უმეტესობა თავისით, მკურნალობის გარეშე გაივლის, მაგრამ მაინც რეკომენდირებულია ექიმთან მიმართვა, რომ გამოირიცხოს სხვა მდგომარეობების, რომლებსაც ახასიათებთ მსგავსი სიმპტომები, მაგალითად ბუასილი.

ექიმი ასევე შეძლებს გირჩიოთ თვით დახმარების საშუალებები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს და შეამცირებს ნაპრალის ხელახალი განვითარების რისკებს.

დიაგნოზირება

დიაგნოზის დასასმელად ექიმი პაციენტს პირველ რიგში გამოკითხავს სიმპტომებს და შეეკითხება ტკივილის სახეობის შესახებ. ასევე შეიძლება ჰკითხოს ტუალეტის, ანუ კუჭში გასვლის ჩვევების შესახებ. ნაპრალის შესამოწმებლად საჭირო იქნება დუნდულების ფრთიხლად გადაწევა.

რადგან თითით ჩატარებული რექტალური გამოკვლევა ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ეს მეთოდი როგორც წესი არ გამოიყენება და თუ მაინც საჭირო გახდა ასეთი შემოწმება, მაშინ გამოიყენებენ საანესთეზიო საშუალებებს.

ანალური ნაპრალის გამომწვევი მიზეზები

ანალური ნაპრალს ყველაზე ხშირად იწვევს ანალური ხვრელის ანუ ანუსის ამომფენი ქსოვილის დაზიანება.

ეს ყველაზე ხშირად ხდება იმ ადამიანებში ვისაც აწუხებთ ყაბზობა, ანუ კუჭის შეკრულობა. ამ დროს მყარი ან დიდი ზომის განავალი ანალურ ხვრელში გასვლის დროს აზიანებს ან ხევს მის ამომფენ გარსს.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • გახანგრძლივებული ფაღარათი (დიარეა)
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება (Crohn's disease) ან წყლულოვანი კოლიტი
  • ორსულობა და მშობიარობა
  • იშვიათად სქესობრივად გადამდები დაავადებები, როგორებიცაა სიფილისი ან გენიტალური ჰერპესი, რომლებმაც შეიძლება დააინფიცირონ და დააზიანონ ანალური ხვრელი
  • უჩვეულოდ მჭიდრო ანალური სპინქტერის კუნთების ქონა, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ზეწოლა ანალურ ხვრელზე და გახადონ გახევისადმი უფრო მიდრეკილი.

მრავალ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხდება გამომწვევი მიზეზები იდენტიფიცირება.

ვის ემართება ეს?

ანალური ნაპრალის შემთხვევები შედარებით ხშირია და ცხოვრების განმავლობაში უვითარდებათ ადამიანების დაახლოებით 10%-ს.

ეს დაავადება ვლინება ქალებშიც და მამაკაცებშიც და ასევე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ძალიან პატარა ბავშვებშიც კი. თუმცა შემთხვევების უმეტესობა გვხვდება 10-30 წლამდე ახალგაზრდებში.

ანალური ნაპრალის მკურნალობა და პრევენცია

ანალური ნაპრალი ძირითადად რამოდენიმე კვირაში თავისით ხორცდება მკურნალობის გარეშე. თუმცა შეიძლება ადვილად განმეორდეს, თუ ის გამოწვეულია კუჭის შეკრულობით, რომლის მკურნალობაც არ მოხდა.

ადამიანთა უმრავლესობაში ანალური ნაპრალის სიმპტომები გრძელდება 6 კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად (ქრონიკული ანალური ნაპრალის შემთხვევაში).

ზოგიერთი მარტივი ჩვევის გამომუშავება დაგეხმარებათ განავლის უკეთესად გამოსვლაში, რაც ერთის მხრივ დააჩქარებს გამოჯანმრთელებას და მეორეს მხრივ შეამცირებს მომავალში ამ პრობლემის ხელახლა განვითარების რისკებს.

ყაბზობის თავიდან ასაცილებლად:

  • მიიღეთ დიდი რაოდენობით უჯრედისი (ბოჭკოვანი საკვები), როგორებიცაა ხილი და ბოსტნეული, პური და ბურღულეულის პროდუქტები, მათ შორის მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ დღეში სულ მცირე 18გრამი უჯრედისი
  • დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები, რომ თავიდან აიცილოთ გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)
  • არ შეიკავოთ კუჭის მოქმედების სურვილი, ამან შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამოშრობა და გამყარება
  • ივარჯიშეთ რეგულარულად - ზრდასრული ადამიანებისთვის აუცილებელია კვირაში სულ მცირე 150 წუთი ფიზიკური აქტიურობა.

ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი ტკივილგამაყუჩებლები, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ასევე შეგიძლიათ სცადოთ უკანალის თბილ აბაზანაში ჩაყოფა დღეში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით კი კუჭის მოქმედების შემდეგ.

ექიმმა ასევე შეიძლება გამოგიწეროთ წამლებიც, რომლებიც დაეხმარება სიმპტომების შემსუბუქებას და შეხორცების დაჩქარებას. ეს წამლები შეიძლება იყოს ლაქსატივები, რომლებიც დაარბილებს განავალს და ასევე ტკივილგამაყუჩებელი მალამოები, რომლებიც უნდა წაისვათ ანუსზე.

ანალური ნაპრალის გახანგრძლივებულ შემთხვევებში, როდესაც თვითდახმარების მეთოდებმა და მედიკამენტებმა შედეგი ვერ გამოიღეს, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაციაც.

ქირურგიული ოპერაცია ხშირად ძალიან ეფექტურია, მაგრამ ასევე ახასიათებს გართულებების მცირე რისკი, როგორიცაა დროებითი ან მუდმივი ნაწლავების შეუკავებლობა.

გაიგეთ მეტი ანალური ნაპრალის მკურნალობის შესახებ.

კომენტარის დამატება