Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ათეროსკლეროზი / aterosklerozi

ათეროსკლეროზი / aterosklerozi

202

ათეროსკლეროზი პოტენციურად სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც არტერიების დაცობა ხდება ცხიმოვანი ნივთიერებით, რომლებსაც ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, ან ათერომებს უწოდებენ.

ეს ფოლაქები (ნადები) იწვევს არტერიების გამაგრებას და შევიწროვებას, აფერხებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას სასიცოცხლო ორგანოებში, ასევე ზრდის სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნის რისკს, რამაც პოტენციურად შესაძლოა დაბლოკოს სისხლის მიწოდება გულში ან ტვინში.

ათეროსკლეროზს, საწყის ეტაპზე, ძირითადად არ აქვს რაიმე გამოხატული სიმპტომი, და მრავალი ადამიანი ამ მდგომარეობით ისე ცოცხლობს, რომ არც იცის ამის შესახებ, მაგრამ ამ მდგომარეობამ უეცრად შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები, როგორებიცაა გულის შეტევა და ინსულტი.

მიუხედავად ამისა, ამ მდგომარეობის პრევენცია ადვილად არის შესაძლებელი ცხოვრების ჯანსაღი წესით და ისეთი სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც ამცირებენ სერიოზული პრობლემების განვითარების რისკებს.

ათეროსკლეროზის მიერ გამოწვეული რისკები

ათეროსკლეროზი სისხლის ნაკადის პათოლოგიებთან დაკავშირებული დაავადებების ძირითად რისკ-ფაქტორს  წარმოადგენს.

კოლექტიურად, ეს დაავადებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სახელწოდებითაა ცნობილი და მათ განვითარებამდე ძირითადად არ ვლინდება რაიმე სიმპტომი. ამ დაავადებების მაგალითებია:

  • გულის კორონარული დაავადება - ფოლაქების მიერ გულის გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების (გულის მკვებავი მთავარი არტერიები) დახშობა
  • სტენოკარდია - მკერდის ტკივილის ძლიერი, მოჭერითი ან ყრუ ხანმოკლე ეპიზოდები, რაც გამოწვეულია გულის კორონარული დაავადებით და რომელიც შეიძლება გულის შეტევის წინაპირობა იყოს
  • გულის შეტევა - როდესაც გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი იბლოკება და იწვევს უეცარ მწველ, მოუნელებლობის მსგავს მკერდის ტკივილს, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ახლო მდებარე ადგილებში. მდგომარეობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა და თავბრუსხვევა
  • ინსულტი - როდესაც ფერხდება ტვინისკენ მიმავალი სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს სახის ერთი ნაწილის ჩამოვარდნას, სხეულის ცალ მხარეს სისუსტეს და დაბნეულ საუბარს
  • გარდამავალი იშემიური შეტევა - როდესაც ვითარდება ინსულტის დროებითი სიმპტომები
  • პერიფერიული არტერიების დაავადება (peripheral arterial disease) - ამ დროს იბლოკება ქვედა კიდურებში სისხლის მიწოდება, რაც იწვევს კუნთების ტკივილს სიარულის დროს.

ზემოთაღნიშნულ მდგომარეობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ შესაბამის ლინკებს.

ვინ არის ათეროსკლეროზის რისკის ქვეშ?

არტერიების დაცობის ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ზოგი რისკ-ფაქტორი ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ეს რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკის მატება
  • სიგარეტის მოწევა
  • ცხიმით მდიდარი, არაჯანსაღი საკვების მიღება
  • ფიზიკური აქტივობის სიმცირე (თუ ადამიანი რეგულარულად არ ვარჯიშობს)
  • სიმსუქნე ან ჭარბ-წონიანობა (obese)
  • რეგულარულად ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება
  • სხვა მდგომარეობები, მათ შორის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), მაღალი ქოლესტერინი და დიაბეტი
  • ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია
  • სამხრეთ აზიური, აფრიკული, ან აფრო-კარიბეული წარმომავლობა.

ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი რისკის შემცირება შეუძლებელია, თუმცა ჯანსაღი ცხოვრებით, რეგულარული ვარჯიშით და სწორი, ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ზოგადი რისკების შემცირება.

დიაგნოზირება

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ათეროსკლეროზის განვითრაების რისკის ქვეშ.

40-74 წლის ასაკის ადამიანებმა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. გამოკვლევა უნდა მოიცავდეს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკების შეფასებასაც.

ამ რისკის შეფასების დროს ექიმმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

  • ასაკი, სქესი და ეთნიკური წარმომავლობა
  • სიმაღლე და წონა
  • თუ პაციენტი ეწევა სიგარეტს ან ეწეოდა ადრე
  • პაციენტის ოჯახური ისტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე
  • სისხლის წნევა და ქოლესტერინის დონე
  • თუ პაციენტს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება.

შეფასების შედეგებიდან გამომდინარე ექიმი პაციენტს ურჩევს ცხოვრებისეული წესის ცვლილებებს ან დაუნიშნავს წამალს, ან დამატებით გამოკვლევებს, რომ შეამოწმოს ათეროსკლეროზის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობა.

რისკების შემცირება

ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია ცხოვრებისეული წესის ცვლილებით. მაგალითად:

  • სიგარეტის მოწევის თავის დანებება
  • ჯანსაღი და ბალანსირებული დიეტით კვება - რაც მოიცავს ისეთი საკვებისგან თავის არიდებას, რომლებიც შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, მარილს, ან შაქარს და დღის განმავლობაში ხილის და ბოსტნეულის სულ მცირე 5 პორციის მიღებას; გაიგეთ მეტი სწორი კვების თეფშის შესახებ
  • რეგულარული ვარჯიში - კვირის განმავლობაში უნდა ივარჯიშოთ სულ მცირე 150 წუთის განმავლობაში, საშუალო დატვირთვის აერობიკული ვარჯიშით, როგორიცაა ველოსიპედით სიარული, სწრაფი სიარული, ან ცურვა და სხვა
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა - ამისთვის სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს 18.5-დან 24.9-მდე. სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად გამოიყენეთ ჩვენი კალკულატორი, ასევე იხილეთ ჩვენი წონის დაკლების გეგმა
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება - ქალებმა და მამაკაცებმა კვირის განმავლობაში, რეგულარულად არ უნდა დალიონ ალკოჰოლის 14 ერთეულზე მეტი. გაიგეთ მეტი ალკოჰოლის ერთეულების შესახებ.

მკურნალობა

ათეროსკლეროზის სამკურნალო საშუალება ამჟამად არ არსებობს, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ცვლილებებმა, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული, შეიძლება შეაჩეროს მისი გაუარესება.

ზოგჯერ ინიშნება დამატებითი სამკურნალო საშუალებები, რომ შემცირდეს ათეროსკლეროზისგან გამოწვეული პრობლემების რისკები, როგორებიცაა გულის შეტევა და ინსულტი. ეს სამკურნალო საშუალებებია:

  • სტატინები ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ
  • წამლები სისხლის მაღალი წნევის დასარეგულირებლად - გაიგეთ მეტი მაღალი წნევის მკურნალობის შესახებ
  • სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნის საწინააღმდეგო წამლები - როგორებიცაა დაბალი დოზის ასპირინი ან კლოპიდოგრელი (clopidogrel)
  • დიეტური ცვლილებები და წამლები დიაბეტისთვის - გაიგეთ მეტი პირველი ტიპის დიაბეტის და მეორე ტიპის დიაბეტის შესახებ
  • დაზიანებული არტერიის გასქელების ან შუნტირების პროცედურა - როგორიცაა კორონარული ანგიოპლასტიკა, კორონარული შუნტირება ან კაროტიდული ენარტექტომია.

კომენტარის დამატება