Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბრონქიოლიტი / bronqioliti

ბრონქიოლიტი / bronqioliti

204

ბრონქიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების გავრცელებული ინფექციაა, რომლითაც ორ წლამდე ბავშვები ავადდებიან.

შემთხვევათა უმრავლესობას მსუბუქი კლინიკა ახასიათებს, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ეს პათოლოგია 2-3 კვირაში იკურნება, თუმცა ზოგიერთ პატარას მძიმე სიმპტომები უვითარდება და საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს.

ბრონქიოლიტის ადრეული სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია (მაგ. სურდო და ხველა).

დამატებითი სიმპტომები, რომლებიც ძირიტადად მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება მოიცავს:

  • ოდნავ მომატებულ ტემპერატურას (ცხელებას)
  • მშრალ და გაგრძელებულ ხველას
  • კვების გართულებას
  • სწრაფ ან ხმაურიან სუნთქვას.

როდის მივმართოთ სამედიცინო დახმარებას

მიუხედავად იმისა, რომ ბრონქიოლიტის შემთხვევათა უმრავლესობა სერიოზული არაა, ჩამოთვლილ შემთხვევათა დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

  • თუ თქვენს პატარაზე ღელავთ
  • თუ ბავშვს უჭირს ჭამა
  • თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა
  • ბოლო 2-3 საჭმლის მიღებისას ბავშვმა ჩვეული ულუფის ნახევარზე ნაკლები მიირთვა, ან 12 ან უფრო მეტი საათის განმავლობაში არ ჩაუსველებია
  • ბავშვს მუდმივად მაღალი ტემპერატურა აქვს
  • ბავშვი ძალიან დაღლილი ან გაღიზიანებული ჩანს.

ექიმი ბრონქიოლიტის დიაგნოზს ბავშვის სიმპტომებსა და სუნთქვის გასინჯვაზე დაყრდნობით სვამს.

აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ბავშვს სუნთქვა ძალიან უჭირს და  ფერმკრთალი ან ოფლიანია
  • თუ ბავშვის ენა ან ტუჩები ლურჯია (ციანოზი)
  • თუ სუნთქვისას უფრო ხანგრძლივ პაუზებს აკეთებს.

რა იწვევს ბრონქიოლიტს?

ჩვეულებრივ ბრონქიოლიტს იწვევს ვირუსი სახელად - რესპირატორული სინციტიალური ვირუსი (RSV), რომელიც ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის ხველების ან დაცემინების დროს გამოყოფილი სითხის პაწაწინა წვეთებით. ამ გზით ფილტვის უწვრილესი ჰეარგამტარი გზები (ბრონქიოლები) ინფიცირდება და ანთებითი ხდება. ანთება ფილტვებში შემავალი ჰაერის რაოდენობას ამცირებს, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

ვინ ავადდება?

დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბრონქიოლიტი ყოველ მესამე ბავშვს ემართება. ეს პათოლოგია ყველაზე გავრცელებული 3-6 თვის ახალშობილებშია. 2 წლის ასაკისთვის, რესპირატორული სინციტიალური ვირუსი თითქმის ყველა ახალშობილს აინფიცირებს, ბავშვების ნახევარს ბრონქიოლიტი უვითარდება.

ბრონქიოლიტი ყველაზე გავრცელებული ზამთრის თვეებშია, ნოემბრიდან მარტამდე. შესაძლოა ერთი და იმავე სეზონის დროს ადამიანს ბრონქიოლიტი არაერთხელ დაემართოს.

ბრონქიოლიტის მკურნალობა

არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ბრონქიოლიტის გამომწვევ ვირუსებს დახოცავს,  თუმცა ჩვეულებრივ, ინფექცია მკურნალობის გარეშე 2 კვირის განმავლობაში თავისით იკურნება. ბავშვების უმრავლესობას სახლის პირობებშიც კარგად უვლიან, ეს პათოლოგია გაციების მსგავსად იკურნება.

დარწმუნდით, რომ გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) თავიდან ასარიდებლად, ბავშვი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს. თუ მაღალი ტემპერატურა ბავშვისთვის შემაწუხებელია შეგიძლიათ მას სიცხის დასაწევად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი დაალევინოთ.

ბრონქიოლიტის მქონე ერთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 2-3%-ს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ზოგიერთ პატარას უფრო სერიოზული სიმპტომები, მაგალითად სუნთქვის გართულება უვითარდება. ეს პრობლემა დღენაკლულ (ორსულობის 37 კვირაზე უფრო ადრე დაბადებული ბავშვის) და გულის ან ფილტვების პათოლოგიის მქონე ბავშვებში უფრო მეტადაა გავრცელებული.

ბრონქიოლიტის პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ ბრონქიოლიტის პრევენცია ძალიან რთულია, შეგიძლიათ თქვენი პატარას ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად შემდეგი ზომები მიიღოთ:

  • ხშირად დაიბანეთ და დაბანეთ თქვენს პატარას ხელები
  • რეგულარულად გარეცხეთ და გაასუფთავეთ სათამაშოების ზედაპირები
  • სიმპტომების გაუჯობესებამდე ინფიცირებული ბავშვი სახლში უნდა გააჩეროთ
  • ახალშობილები გაციებულ ან სურდოს მქონე ადამიანებს უნდა მოარიდოთ
  • ბავშვი თამბაქოს ბოლს უნდა მოარიდოთ.

ბავშვებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ბრონქიოლიტის განვითარების მარალი რისკის ქვეშ, შესაძლებელია რეკომენდირებული იყოს ანტისხეულების ყოველთვიური ინექცია, რაც შეზღუდავს ინფექციის სიმძიმეს.

კომენტარის დამატება