Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპერგლიკემია (შაქრის მაღალი დონე სისხლში)

ჰიპერგლიკემია (შაქრის მაღალი დონე სისხლში)

152

ჰიპერგლიკემია - სისხლში შაქრის მაღალი დონის აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ეს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ხშირი პრობლემაა.

ეს მდგომარეობა შეიძლება დაემართოს დიაბეტის პირველი ტიპის და მეორე ტიპის მქონე ადამიანებს, ისევე, როგორც გესტაციური დიაბეტის მქონე პაციენტებს.

იშვიათად ეს მდგომარეობა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთ ადამიანებში ვისაც არ აქვს დიაბეტი, მაგრამ არიან სერიოზულად ავად, მაგალიტად ვისაც ახლო წარსულში ჰქონდა ინსულტი, ან გულის შეტევა, ან მძიმე ინფექცია.

ჰიპერგლიკემია არ უნდა აგვერიოს ჰიპოგლიკემიაში, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან ეცემა.

ეს ინფორმაცია განკუთვნილია დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპერგლიკემიის შესახებ.

რამდენად სერიოზულია ჰიპერგლიკემია?

დიაბეტური კეტოაციდოზი

დიაბეტის მკურნალობის მიზანი სისხლში შაქრის დონის მაქსიმალურად ნორმალიზებაა. მაგრამ დიაბეტის დროს, როგორი ყურადღებიანიც არ უნდა იყოთ, დიდი ალბათობით, როდესღაც მაინც გექნებათ ჰიპერგლიკემია.

ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიმპტომების და ნიშნების ცნობა, რომ დროულად შეძლოთ მისი მკურნალობა, რადგან ამ მდგომარეობამ, მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

იშვიათი მსუბუქი ეპიზოდები, ჩვეულებრივ არ არის საგანგაშო და შეიძლება საკმაოდ მარტივად განიკურნოს, ან თავისით დაბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობაში, თუმცა, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან გაიზარდა, ან დიდი ხნის განმავლობაში დარჩა გაზრდილად, პოტენციურად შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს.

სისხლში შაქრის ძალიან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა:

  • დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა)  - გართულება, რომელიც ემართება პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. ეს ხდება მაშინ, როდესაცორგანიზმი იწყებს ცხიმის დაშლას, ენერგიის წყაროსთვის რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კომა
  • ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა (ჰჰმ)  - არის მძიმე დეჰიდრატაცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ ზედმეტი შაქრის გამოდევნის მცდელობის შედეგად; ეს ხშირია მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.

დიდი ხნის განმავლობაში, სისხლში შაქრის მაღალი დონის რეგულარულად არსებობამ, შეიძლება მუდმივად დააზიანოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილები, მათ შორის თვალები, ნერვები, თირკმელები და სისხლძარღვები.

თუ ხშირად გაქვთ ჰიპერგლიკემიის ეპიზოდები, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან მკურნალ გუნდს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებები სამკურნალო საშუალებებში ან ცხოვრების სტილში, რომ შეინარჩუნოთ შაქრის დონე ჯანსაღი ნორმების ფარგლებში.

ჰიპერგლიკემიის სიმპტომები

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, ჰიპერგლიკემიის სიმპტომები ხშირად ნელა, რამდენიმე დღის, ან კვირის განმავლობაში ვითარდება. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება საერთოდ არ იყოს სიმპტომები გამოხატული, სანამ სისხლში შაქრის დონე ძალიან არ გაიზრდება.

ჰიპერგლიკემიის სიმპტომები მოიცავს:

  • გაძლიერებულ წყურვილს და პირის სიმშრალეს
  • გახშირებულ შარდვას
  • დაღლილობას
  • დაბინდულ მხედველობას
  • გაურკვეველი მიზეზებით წონის დაკლებას
  • განმეორებით ინფექციებს, როგორიცაა გამონაყარი, შარდის ბუშტის ინფექციები (ცისტიტი) და კანის ინფექციები.

ჰიპერგლიკემიის სიმპტომები, შეიძლება განვითარდეს დიაგნოზის დაუდასტურებელ შემთხვევებშიც, ამიტომ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე სიმპტომი გაგივითარდათ. დიაბეტზე შესამოწმებლად დაგჭირდებათ ანალიზის ჩატარება.

რა ფარგლებში უნდა იყოს შაქრის დონე სისხლში?

როდესაც დიაბეტის დიაგნოზირება მოხდება პირველად, ექიმი გეტყვით რამდენია თქვენს სისხლში შაქრის დონე და რამდენი უნდა იყოს ნორმალურ შემთხევვებში.

შეიძლება გირჩიონ მუდმივად აკონტროლოთ შაქრის დონე სახლის პირობებში, სპეციალური მოწყობილობით, ან დაგინიშნონ შემდგომი ვიზიტები გამოკვლევებისთვის.

შაქრის დონე სხვადასხვა ადამიანებში განსხვავდება, მაგრამ ზოგადად:

  • თუ დიაბეტის მონიტორინგს ახდენთ სახლის პირობებში, ნორმალური სამიზნე რაოდენობა არის 4-7 მმოლი/ლიტრზე ჭამამდე და 8.5-9 მმოლი/ლიტრზე ჭამიდან 2 საათის შემდეგ
  • თუ ანალიზებს იკეთებთ რამდენიმე თვეში ერთხელ - ნორმალური სამიზნე რაოდენობა უნდა იყოს 48მმოლ/მოლზე ნაკლები (ან 6.5% ძველი საზომი სკალის მიხედვით).

რა იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს?

დიაბეტის მქონე პაციენტებში, სისხლში შაქრის მაღალ დონეს, პროვოცირება შეიძლება გაუწიოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის:

  • სტრესმა
  • დაავადებამ, როგორიცაა გაციება
  • დიდი რაოდენობით საჭმლის მიღებამ, მაგალითად კვებებს შორის წახემსებამაც კი
  • ვარჯიშის ნაკლებობამ
  • დეჰიდრატაციამ
  • დიაბეტის სამკურნალო წამლის დოზის გამოტოვებამ, ან არასწორი დოზის მიღებამ
  • ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი დონის) ეპიზოდის ზედმეტად მკურნალობამ
  • გარკვეულმა წამლებმა, როგორიცაა სტეროიდული წამლები.

ჰიპერგლიკემიის იშვიათი ეპიზოდები, შეიძლება ასევე განვითარდეს ბავშვებში და ახალგაზრდა ადამიანებში, ზრდის დროს.

ჰიპერგლიცემიის მკურნალობა  

თუ გაქვთ დიაბეტი და გაგივითარდათ ჰიპერგლიკმიის სიმპტომები, მიყევით თქვენი მკურნალი ექიმის მიერ მოცემულ რჩევებს, რომ შეამციროთ შაქრის დონე სისხლში.

თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ იცით რა გააკეთოთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ექიმმა, შეიძლება გირჩიოთ:

  • დიეტის ცვლილება - მაგალითად, შეიძლება გირჩიოთ, რომ მოერიდოთ გარკვეულ საკვებს, რომლებიც ზრდიან სისხლში შაქრის დონეს, როგორებიცაა ნამცხვრები ან ტკბილი სასმელები
  • დალიოთ დიდი რაოდენობით უშაქრო სასმელები - ეს დაგეხმარებათ დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში
  • ივარჯიშოთ უფრო ხშირად - მსუბუქი, რეგულარული ვარჯიში, როგორიცაა სეირნობაც კი, ხშირად შეიძლება დაგეხმაროთ შაქრის დონის შემცირებაში, განსაკუთრებით, თუ ის დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც
  • თუ მოიხმართ ინსულინს, შესაბამისობაში მოივანოთ მისი დოზა - ექიმი მოგცემთ უფრო სპეციფიურ რჩევას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

ექიმმა ასევე, შეიძლება გირჩიოთ, სიხლში შაქრის დონის უფრო ხშირად კონტროლი, ან დაგინიშნოთ სისხლში ან შარდში სპეციალური ნივთიერებების (კეტონების, რომლებიც ასოცირებულია დიაბეტურ კეტოაციდოზთან) ანალიზი.

სანამ შაქრის დონე არ დაუბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს, ყურადღება უნდა მიაქციოთ დამატებით სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის ნიშანი (იხილეთ ქვემოთ). 

როდის გჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

თუ თქვენ, ან თქვენს მეგობარს გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე და აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, აუცილებლად გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: 

  • გულის რევის შეგრძნება ან ღებინება
  • კუჭის ტკივილი
  • გახშირებული, ღრმა სუნთქვა
  • დეჰიდრატაციის ნიშნები (რომლის ნიშნებიც მოიცავს თავის ტკივილს, კანის გამოშრობას, სუსტ და აჩქარებულ გულის ცემას)  
  • ფხიზლად ყოფნის გაძნელება.

ეს სიმპტომები შეიძლება მიგვითითებდეს დიაბეტურ კეტოაციდოზზე, ან ჰიპეროსმოლარულ ჰიპერგლიკემიურ მდგომარეობაზე (იხილეთ ზემოთ) და შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო ჰოსპიტალური მკურნალობა.

როგორ შეიძლება ჰიპერგლიკემიის თავიდან არიდება?

მძიმე ან გაგრძლებული ჰიპერგლიკემიის თავიდან ასარიდებლად არსებობს მარტივი გზები:

  • ყურადღება მიაქციეთ რას ჭამთ - განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ წახემსების დროს და როდესაც მიირთმევთ შაქრიან საჭმელს, ან ნახშირწყლებს, როლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლში შაქრის დონეზე
  • ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსი - ყოველთვის დროულად გაიკეთეთ ინსულინი ან სხვა წამლები, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით
  • იყავით შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აქტიური - რეგულარული ვარჯიში, შეიძლება დაგეხმაროთ სისხლში შაქრის დონის მატების შეჩერებაში, მაგრამ თუ იღებთ დიაბეტის წამლებს, აუცილებლად წინასწარ შეათანხმეთ თქვენი ვარჯიშის  დატვირთვა თქვენს ექიმთან, რადგან ზოგიერთმა წამლებმა ზედმეტი ვარჯიშის შემთხვევაში, შეიძება გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია
  • განსაკუთრებით მოუფრთხილდით თავს ავადმყოფობის დროს- ავადმყოფობის დროს, დიაბეტის მკურნალმა ექიმმა, შეიძლება მოგცეთ დამატებითი რჩევები, თუ როგორ შეინარჩუნოთ შაქრის დონე სისხლში
  • გააკონტროლეთ შაქრის დონე რეგულარულად - თქვენმა მკურნალმა ექიმმა, შეიძლება გირჩიოთ სისხლში შაქრის დონის რეგულარულად შემოწმება სახლის პირობებში, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომ დროულად მოახდინოთ ჰიპერგლიკემიის წინასწარ ამოცნობა და დროული მკურნალობა

კომენტარის დამატება