Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბეჭდისებრი გრანულომა / bechdisebri granuloma

ბეჭდისებრი გრანულომა / bechdisebri granuloma

236

ბეჭდისებრი გრანულომა არის ხანგრძლივი გამონაყარი, რომელიც ფორმით მცირე ზომის წითელ ან კანისფერ ამოწეულ ბეჭედს წააგავს.

გამონაყარი ძირითადად ვითარდება წინამხრის უკანა ზედაპირზე, ხელებსა და ფეხებზე. იგი ძირითადად გავრცელებულია ბავშვებში და ახალგაზრდებში და ცოტათი უფრო ხშირია ქალებში. ამის მიზეზი უცნობია.

რა იწვევს ბეჭდისებრ გრანულომას?

ამ მდგომარეობის დროს დერმისი (კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის, ქვეშ არსებული ქსოვილი) ხდება ზემგრძნობიარე და იწყებს ანთებას. არ არის ცნობილი თუ რა იწვევს კანის ამ რეაქციას.

მდგომარეობა ზგჯერ ასიცირებულია დიაბეტთან.

გამონაყარი

ამ მდგომარეობის ერთადერთი სიმპტომი, როგორც წესი არის გამონაყარი და ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების უმრავლესობა სრულიად ჯანმრთელია. გამონაყარს შეიძლება ოდნავ ქავილი ახლდეს მაგრამ ჩვეულებრივ არ არის მტკივნეული.

შესაძლებელია გამოჩნდეს დიდი რაოდენობით ბეჭდისებრი რგოლები, რომლებიც ნელა გაიზრდება, სანამ 2.5-5 სმ ზომას მიაღწევენ. ამის შემდეგ ეს რგოლები ბრტყელდებიან და მეწამულ ფერს იღებენ, სანამ დაიწყებენ გაფერმკრთალებას.

იშვიათად, გამონაყარი შეიძლება მთელ სხეულზე გავრცელდეს ან მკლავების ან ფეხების  კანის ქვეშ შეიძლება ერთი ან რამდენიმე მკვრივი წანაზარდი გაჩნდეს. ეს ცნობილია კანქვეშა ბეჭდისებრი გრანულომის სახელწოდებით.

ბეჭდისებრი გრანულომა, ჩვეულებრივ მკურნალობის გარეშე 2 წლის განმავლობაში თავისთავად გაქრება. თუმცა შეიძლება რამდენიმე წელი არ გაქრეს და ახალ-ახალი რგოლებიც გაჩნდეს.

ბეჭდისებრი გრანულომა არ არის ინფექციით გამოწვეული და არც ალერგიის შედეგად არ არის გამოწვეული.

რა უნდა გავაკეთოთ

თუ ბეჭდისებრ გამონაყარს შეამჩნევთ კანზე, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგაც არ გაივლის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ გამორიცხოთ სხვა სახის გამონაყარები, როგორიცაა მაგალითად სოკოვანი დაავადება.

რადგან ბეჭდისებრი გრანულომა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის, გამონაყარს არ სჭირდება მკურნალობა. თუმცა თუ ვიზუალურად გაწუხებთ გამონაყარი, შეგიძლიათ უმკურნალოთ მას.

როგორ ვუმკურნალოთ გრანულომას

ბეჭდისებრი გრანულომისთვის კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს.

პირდაპირ ბეჭდისებრ რგოლებზე ძლიერი სტეროიდული მალამოების ან კრემების წასმა ან სტეროიდული ინექციების გაკეთებამ შეიძლება გააქროს გამონაყარი. თუმცა, სტეროიდების მოხმარება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან მისმა გრძელვადიანმა გამოყენებამ შეიძლება კანის გათხელება გამოიწვიოს. გაიგეთ მეტი კორტიკოსტეროიდების შესახებ.

ბეჭდისებრი გრანულომას მძიმე ან ზედმეტად გავრცელებულ შემთხვევების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს ულტრაიისფერი სინათლის სხივებით თერაპია (PUVA) ან წამლების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ იმუნურ სისტემას (როგორც წესი გამოიყენება იმიქვიმოლი (imiquimol), ტაკროლიმუსი (tacrolimus), ან პიმეკროლიმუსის (pimecrolimus) კრემი).

ზოგიერთ შემთხვევაში რგოლების მოსაშორებლად და კანის ხელახალი გაზრდის სტიმულაციისთვის შეიძლება რეკომენდირებული იყოს კრიოთერაპია (გამონაყარის თხევადი აზოტით მოყინვა). თუმცა, მკურნალობის ეს მეთოდი ყოველთვის ეფექტური არ არის და შეიძლება იყოს მტკივნეული და გამოიწვიოს მუდმივი ნაიარევის დარჩენა.

კომენტარის დამატება