Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გულის კორონალური დაავადება / gulis koronaluri daavadeba

გულის კორონალური დაავადება / gulis koronaluri daavadeba

268

გულის კორონარული დაავადება (გკდ) გაერთიანებულ სამეფოშიც და მთლიანად მსოფლიოშიც სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია.

გკდ-თ ყოველწლიურად 73,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ყოველი 6-დან 1 მამაკაცი და 10-დან 1 ქალი.  

გაერთიანებულ სამეფოში, დაახლოებით, 2.3 მილიონ ადამიანს აქვს გულის კორონარული დაავადება და 2 მილიონს აღენიშნება სტენოკარდია (გკდ-ს ყველაზე გავრცელებული სიმტპომი).

გკდ, ზოგადად, კაცებში უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში სქესის მიხედვით სიხშირის განსხვავება აღარ აღინიშნება.

სტენოკარდიულ ტკივილთან (გულმკერდის ტკივილთან) ერთად გკდ-ს მთავარი სიმპტომებია გულის შეტევები და გულის უკმარისობა (heart failure). სიმპტომები ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ არის და ზოგიერთ პაციენტს დიაგნოზის დასმამდე, შეიძლება საერთოდ არ გამოუვლინდეს არანაირი ნიშანი.

გკდ-ს ზოგჯერ გულის იშემიურ დაავადებად მოიხსენიებენ.

გული

გული არის მუშტის ხელა კუნთი. ის უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ორგანიზმში და ცემს, დაახლოებით, 70-ჯერ წუთში. გულის მარჯვენა ნაწილიდან გამოსული სისხლი მიედინება ფილტვებში და იკავშირებს ჟანგბადს. ჟანგბადით მდიდარი სისხლი ბრუნდება გულში და შემდეგ გადაიტუმბბა სხეულის სხვა ორგანოებში არტერიების ქსელის საშუალებით. ამის შემდეგ, სისხლი გულში ბრუნდება ვენებით და შემდეგ კი ისევ გადაიტუმბება ფილტვში. ამ პროცესს ცირკულაცია ეწოდება.

თვითონ გული სისხლით მარაგდება მის ზედაპირზე არსებული სისხლძარღვოვანი ქსელით, კორონარული არტერიებით.

რა იწვევს გულის კორონარულ დაავადებას?

გულის კორონარული დაავადება არის ტერმინი, რომელიც ასახავს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც გულის სისხლით მომარაგება წყდება ან ირღვევა კორონარულ არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვების გამო.

დროთა განმავლობაში არტერიის კედლებზე ეს ცხიმოვანი ჩანართები ნადებივით გროვდება. ამ პროცესს ათეროსკლეროზი (atherosclerosis) ეწოდება, ხოლო ცხიმოვან დეპოზიტებს - ათერომები.

ათეროსკლეროზი შეიძლება განაპირობოს ცხოვრების სტილმა და სხვა ფაქტორებმა, როგორებიცაა:

  • მოწევა
  • მაღალი ქოლესტერინი (high cholesterol)
  • სისხლის მაღალი წნევა (high blood pressure) (ჰიპერტენზია)
  • დიაბეტი.

გულის კორონარული დაავადების დიაგნოსტირება

თუ ექიმი ფიქრობს, რომ არსებობს გკდ-ს განვითარების ალბათობა, შეიძლება საჭირო გახდეს ამ რისკების შეფასება. ეს მოიცავს გამოკითხვას თქვენი და თქვენი ოჯახის ისტორიის და ცხოვრების სტილის შესახებ და სისხლის ანალიზის გაკეთებას.

გკდ-ს დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები:

  • MRI სკანირება (MRI scan)
  • CT სკანირება (CT scan)
  • კორონარული ანგიოგრაფია (coronary angiography).

გულის კორონარული დაავადების მართვა

გულის კორონარული დაავადება არ იკურნება, მაგრამ მკურნალობით შეიძლება გაკონტროლდეს სიმპტომები და შემცირდეს ისეთი პრობლემების განვითარების შანსი, როგორიცაა გულის შეტევა.

მკურნალობა შეიძლება გულისხმობდეს ცხოვრების წესის შეცვლას (რეგულარულ ვარჯიშს (regular exercise) და მოწევისთვის თავის დანებებას (stopping smoking)), ისევე, როგორც მედიკამენტოზურ და ქირურგიულ მკურნალობას.

გამოჯანმრთელება

ისეთი პრობლემების შემდეგ, როგორებიცაა გულის შეტევა ან გულზე ქირურგიული ოპერაცია, საბოლოოდ შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების სტილის აღდგენა.

შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო რჩევები და მხარდაჭერა ცხოვრების გარკვეულ ასპექტებთან გასამკლავებლად გკდ-ს გამოვლენის შემთხვევაში.

პრევენცია

გკდ-ს რისკის შემცირება შეგიძლიათ ცხოვრების წესის უბრალო ცვლილებებით. ესენია:

  • ჯანსაღად კვება და ბალანსირებული დიეტა
  • ფიზიკური აქტივობა
  • მოწევისთვის თავის დანებება
  • სისხლის ქოლესტერინისა და შაქრის დონის გაკონტროლება.

გულის სიჯანსაღის შენარჩუნება, ასევე, დაგეხმარებათ ინსულტისა და დემენციის (dementia) განვითარების რისკის შესამცირებლად.

კომენტარის დამატება