Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ეგზემა

ეგზემა

204

ატოპიური ეგზემა, რომელიც ატოპიური დერმატიტის სახელითაცაა ცნობილი, ეგზემის ყველაზე ხშირი ფორმაა. ის ძირითადად ბავშვებს ემართებათ, თუმცა მოზრდილობის ასაკშიც შეიძლება გამოვლინდეს.

ეკზემის დროს კანი წითელი, მშრალი და დამსკდარია, თან ახლავს ქავილის შეგრძნებაც.  ეს პათოლოგია ადამიანთა უმეტესობაში ხანგრძლივი, ანუ ქრონიკული მიმდინარეობისაა, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით ბავშვებში.

ატოპიური ეგზემა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ უფრო ხშირად ჩნდება:

  • მუხლების უკანა ან წინა მხარეს
  • იდაყვის შიდა ან გარე მხარეს
  • კისრის გარშემო
  • ხელებზე
  • ლოყებზე
  • თავის ქალაზე.

პაციენტებს ძირითადად დაავადების მსუბუქი პერიოდები აღენიშნებათ, რომლის დროსაც სიმპტომები თითქმის შეუჩნეველია, თუმცა მისი გამწვავების ფაზაში სიმპტომები უფრო მძიმდება.

რა იწვევს ატოპიურ ეკზემას?

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა, ეს პათოლოგია ალერგიულ პაციენტებს უფრო ხშირად ემართებათ (‘ატოპიური’ ალერგენების მიმართ მგრძნობიარეს ნიშნავს).

ატოპიური ეგზემა ხშირად სხვა დაავადებებთან (მაგ. ასთმასთან და თივისმიერ ცხელებასთან) ერთად ვლინდება და შეიძლება ჰქონდეს გენეტიკური ხასიათიც.

ამ დაავადების სიმპტომებს, ხშირად გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორები აქვს, მაგალითად საპონი, სარეცხი საშუალებები, სტრესი და ამინდიც კი. ზოგჯერ დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საკვების მიმართ ალერგიულობამაც, განსაკუთრებით მწვავე ეგზემის მქონე პატარა ბავშვებში.

ატოპიური ეგზემის მკურნალობა

ამჟამად ატოპიური ეგზემის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მაგრამ არსებობს სამკურნალო მეთოდები, რითიც შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება და მრავალი შემთხვევა დროთა განმავლობაში გამოსწორდება.

თუმცა, ეგზემის მძიმე შემთხვევებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ხშირად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ და ფიზიკურად და მენტალურად შეიძლება ძნელი გადასატანი იყოს. არსებობს ასევე კანის ინფექციების გაზრდილი რისკიც.

დაავადების სიმპტომების მართვისთვის მკურნალობის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ, მათ შორის მედიკამენტებსა და საკუთარი თავის დახმარების ხერხებს, როგორიცაა გაკაწვრის შემცირება და მაპროვოცირებელ ფაქტორებთან თავის არიდება. მკურნალობის მთავარი მეთოდებია:

  • კანის დამატენიანებლები (დამატენიანებელი სამკურნალო საშუალებები) - მშრალი კანის სამკურნალოდაც იყენებენ
  • ზედაპირული კორტიკოსტეროიდები - დაავადების გამწვავების პერიოდში შეშუპებისა და სიწითლის შესამცირებლად.

ვის ემართება?

დიდ ბრიტანეთში, ყოველი 5 ბავშვიდან ერთს ეგზემა აწუხებს. 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება 5 წლის ასაკამდე იჩენს თავს. ბევრ პატარას ეს პათოლოგია პირველ დაბადების დღემდე უვითარდება.

ატოპიური ეგზემა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, ან საერთოდ გაქრეს ზოგიერთ ბავშვში, როდესაც ისინი გაიზრდებიან. 11 წლის ასაკამდე მიღწევისას შემთხვევათა თითქმის ნახევარი უმჯობესდება და 16 წლამდე მიღწევისას ეს რაოდენობა ორ მესამედს აღწევს. თუმცა მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს უფროსობის ასაკშიც და ასევე ზოგჯერ შეიძლება პირველადაც განვითარდეს ზრდასრულ ასაკშიც.

ეგზემის სხვა სახეობები

ეგზემა კანის მდგომარეობების ზოგადი სახელია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის სიმშრალე და გაღიზიანება. ეგზემის სხვა სახეობებია:

  • დისკოიდური ეგზემა - ეგზემის სახეობა, როდესაც წრიული ან ოვალური ფორმის ლაქები ჩნდება კანზე
  • კონტაქტური დერმატიტი - ეგზემის სახეობა, რომელიც ვლინდება როდესაც სხეული გარკვეულ ნივთიერებასთან სიახლოვეშია
  • ვარიკოზული ეგზემა - ეგზემის სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება ფეხის ქვედა ნაწილებში და გამოწვეულია ფეხების ვენებში სისხლის მიმოქცევის პრობლემით
  • სებორიული ეგზემა - ეგზემის სახეობა, როდესაც წითელი, აქერცვლადი ლაქები ვითარდება ცხვირის გვერდებზე, წარბებზე, ყურებზე და თავის ქალაზე
  • დისჰიდროზული ეგზემა - ეგზემის სახეობა, რომელიც იწვევს მცირე ზომის წყლულებს ხელებზე და ხელის გულებზე.

კომენტარის დამატება