Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თრომბოფილია

თრომბოფილია

217

თრომბოფილია სისხლში კოლტების წარმოქმნის გაზრდილი ტენდენციაა.

საკუთრივ თრომბოფილია დაავადებას ან მდგომარეობას არ წარმოადგენს და ზოგჯერ გენეტიკური ცვლილებებით (მუტაცია) გამოწვეულ სისხლის კოლტებთანაა (ვენური თრომბოზი) დაკავშირებული. თრომბოფილიის შემთხვევაში, ფეხის ერთ-ერთ დიდ ვენაში სისხლის კოლტის წარმოქმნის უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ამ მდგომარეობას ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება.

ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნებს წარმოადგენს, მაგალითად ფეხის (ჩვეულებრივ კოჭის მიდამოში) აუხსნელი ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა და შეშუპება და ამ ნიშნების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიმპტომების (იხ. ქვემოთ) არსებობის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.

სისხლის შედედების პროცესი

ჩვეულებრივ, სისხლმდენი ჭრილობა სისხლში სხვადასხვა ქიმიური რეაქციის პროვოცირებას იწვევს. ქიმიური რეაქციები სისხლის კოლტის წარმოქმნას იწვევენ, რომელიც სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილს სისხლის უჯრედებთან -თრომბოციტებთან ერთად მიემაგრება.

შემადედებელი ნივთიერებები, რომელთაც შემადედებელ ფაქტორებს უწოდებენ, სისხლდენის შეჩერებაში მონაწილეობენ და თრომბოციტებთან ერთად სისხლის კოლტების ეფექტურად წარმოქმნას უზრუნველყოფენ. თუმცა, თრომბოფილიის დროს, შემადედებელი ქიმიური ნივთიერებების ბალანსი დარღვეულია და დაავადების მქონე ადამიანს შედედების საწინააღმდეგო ფაქტორების სიჭარბე ან დეფიციტი აქვს.

თრომბოფილიის ფორმები

თრომბოფილიის სხვადასხვა ფორმა არსებობს. მისი ზოგიერთი ძირითადი ტიპი ქვემოთაა განხილული.

ფაქტორი V ლეიდენი

ფაქტორი V ლეიდენი თრომბოფილიის ფორმაა, რომელიც კონკრეტული გენის მუტაციითაა გამოწვეული. ეს დამემკვიდრებული თრომბოფილიის ყველაზე ხშირი ფორმაა, რომლის დროსაც ევროპელების 3-8%-ს თითოეულ უჯრედში მუტაცია განცდილი ფაქტორ Vლეიდენის ერთი ასლი აქვს, 5 000 ადამიანიდან ერთს კი უჯრედებში მუტაციის ორი ასლი აქვს. ეს პათოლოგია სხვა პოპულაციებში ნაკლებადაა გავრცელებული.

ფაქტორ Vლეიდენის არსებობის შემთხვევაში, ღრმა ვენების თრომბოზის რისკი იზრდება (იხ.ზემოთ). გარდა ამისა, საწყისი ადგილიდან სისხლის კოლტის მოწყდომის და სისხლის ნაკადის მიმართულებით სხვა ადგილას მისი გადაადგილების რისკიც იზრდება.

ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია, თუ სისხლის კოლტმა ფილტვის რომელიმე მთავარი არტერია (ფილტვის ღერო) დაახშო. ამ მდგომარეობას ფილტვის ემბოლია ეწოდება და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს (იხ. ქვემოთ).

პროთრომბინ 20210-ის მუტაცია

პროთრომბინ 20210-ის მუტაციას, II ფაქტორის მუტაციასაც უწოდებენ, ეს სისხლის კიდევ ერთი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკს ზრდის.

პროთრომბინი სისხლის ცილას წარმოადგენს, რომელიც მას შედედებაში (გასქელება) ეხმარება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც პროთრომბინის წარმომქმნელი გენის მუტაცია აქვს, შესაძლოა ეს ცილა დიდი რაოდენობით წარმოექმნას, რაც სისხლის კოლტების ჭარბად ფორმირებას იწვევს, რამაც შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზი გამოიწვიოს.

ფაქტორ V ლეიდენის მსგავსად, პროთრომბინ 20210 თეთრკანიანებში, განსაკუთრებით კი ევროპელ პოპულაციაში გვხვდება უფრო ხშირად.

ცილა C, ცილა S ან ანტითრომბინის დეფიციტი

ჩამოთვლილი ფაქტორები ბუნებრივ ანტიკოაგულანტებს წარმოადგენენ (ნივთიერებები, რომლებიც სისხლის შედედებას უშლიან ხელს).

ამ ანტიკოაგულანტების დაბალი შემცველობის ან ფუნქციის მოშლის შემთხვევაში, ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის ემბოლიის განვითარების რისკი იზრდება.

ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა გენეტიკურიც იყოს, თუმცა მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

ანტიფორსფოლიპიდური სინდრომი, რომელსაც ჰიუგის სინდრომსაც (Hughes syndrome)უწოდებენ, იმუნური სისტემის დაავადებაა, რომელიც სისხლის კოლტების წარქმნის რისკს ზრდის. ორგანიზმი წარმოქნის ანტისხეულებს, რომლებიც ფოსფოლიპიდებს უტევენ. ფოსფოლიპიდი ცხიმის მოლეკულას წარმოადგენს, რომელიც სავარაუდოდ სისხლის მუდმივ და სწორ შემადგენლობას უზრუნველყოფს.

ანტისხეულები ფოსფოლიპიდს უკავშირდებიან, რაც ვენაში ან არტერიაში სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკს ზრდის.

თრომბოფილიის სიმპტომები

ხშირად, თრომბოფილია მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტების უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს. სიმპტომები მხოლოდ მაშინ აღმოცენდება, თუ დაავადება სისხლის კოლტის წარმოქმნას გამოიწვევს.

თრომბოფილიის მქონე პაციენტები ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ღრმა ვენების თრომბოზის გამაფრთხილებელი ნიშნები მოიცავს:

  • ერთ-ერთი ფეხის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა ან შეშუპება (ჩვეულებრივ, კოჭის მიდამოში)
  • დასნებოვნებული უბნის ძლიერი ტკივილი
  • კოლტის ადგილას თბილი კანი
  • კანის სიწითლე, განსაკუთრებით, მუხლის ქვემოთ, ფეხის უკანა მხარეს

ჩვეულებრივ, ღრმა ვენების თრომბოზი ერთ, უფრო იშვიათად კი ორივე ფეხს აზიანებს. ტკივილი შესაძლოა ტერფის ზემოთ, მუხლისკენ მოხრის დროს გაუარესდეს.

ზოგჯერ სისხლის კოლტის ნაწილი შესაძლოა მოწყდეს და სისხლის ნაკადს გაყვეს. ამ მოვლენას ემბოლია ეწოდება. ემბოლია შესაძლოა საშიში პათოლოგია აღმოჩნდეს, თუ ის ფილტვებში გაიჭედება და ფილტვის ემბოლიას გამოიწვევს. ეს სერიოზული და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა, რადგან ამ დროს სისხლი ფილტვებამდე ვეღარ აღწევს.

ფილტვის ემბოლიის სიმპტომებია:

  • გულ-მკერდის ან ზურგის ზედა ნაწილის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ხველა - ჩვეულებრივ მშრალი ხველაა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა სისხლის ამოხველება, ან ლორწო სისხლს შეიცავდეს
  • თავბრუსხვევა
  • გონების დაკარგვა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაციის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მძიმე სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, აუცილებლად, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თრომბოფილიის დიაგნოსტიკა

თრომბოფილიის გამოკვლევებს სისხლის კოლტის მქონე ყველა პაციენტს რუტინულად არ უნიშნავენ.

ჩვეულებრივ, ღრმა ვენების თრომბოზის მქონე პაციენტების გამოკვლევა მემკვიდრულ თრომბოფილიაზე არ ხდება, რადგან გამოკვლევის შედეგები კლინიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს.

მაგალითად, მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას იმაზე დაყრდნობით იღებენ, იყო თუ არა ვენური თრომბოზი პროვოცირებული, არსებობს თუ არა სხვა რისკ-ფაქტორები და ანტიკოაგულანტებით მკურნალობასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა სისხლდენის საშიშროება, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მემკვიდრული თრომბოფილია.

თრომბოფილიის დიაგნოსტიკა სისხლის ანალიზებით, სისხლის კოლტის ჩამოყალიბებიდან კვირების, ან თვეების შემდეგ. გამოკვლევის მიზანი ანტიკოაგულანტების დეფიციტის დადგენაა. გამოკვლევების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ლოდინი მოგიწევთ, სანამ ანტიკოაგულანტების მიღებიდან, როგორიცაა ვარფარინი, 4-6 კვირა არ გავა.

თუ სისხლის ანალიზებით თრომბოფილიის არსებობა დადასტურდა, ჰემატოლოგთან (სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი) გაგაგზავნიან.

თრომბოფილიის მკურნალობა

მსუბუქი თრომბოფილია მკურნალობას შეიძლება არ საჭიროებდეს.

სისხლის კოლტის წარმოქმნის შემთხვევაში, საჭირო იქნება მკურნალობა ამ კოლტისთვის და სისხლის ახალი კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის მკურნალობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ვარფარინის აბების ან ჰეპარინის ინექციების გაკეთება.

ვარფარინი და ჰეპარინი

ვარფარინი და ჰეპარინი ანტიკოაგულანტებს (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები) წარმოადგენენ. ისინი ხელს უშლიან კოლტის წარმოქნის პროცესს და ხშირად ღრმა ვენების თრომბოზისა და პულმონალური ემბოლიის სამკურნალოდ და პრევენციისთვის ინიშნება. ანტიკოაგულანტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.ანტიკოაგულანტები.

თუ ანტიკოაგულანტი მხოლოდ კოლტის პრევენციისთვისაა საჭირო, მაშინ ვარფარინს (ეფექტისთვის რამდენიმე დღე სჭირდება) დანიშნავენ. ხოლო თუუკვე წარმოქნილი კოლტისთვის სასწრაფოდ სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, ჰეპარინის ინექციებს (რაც მაშინვე მოქმედებს) და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ვარფარინის აბებს დანიშნავენ. ინექციები საავადმყოფოში, ან სახლში კეთდება.

ჰეპარინის ინექცია შესაძლებელია ასევე დაინიშნოს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე პაციენტებისთვის, ოპერაციამდე ან მის შემდეგ, ან ორსულობის დროს. ვარფარინისგან განსხვავებით, ჰეპარინი ორსულობისას უსაფრთხოა.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) ტესტი

ექიმი ვარფარინის იმ დოზას დანიშნავს, რომელიც კოლტის წარმოქმნას შეუშლის ხელს, მაგრამ არა იმდენად დიდს, რომ განვითარდეს სისხლდენის პრობლემის რისკი. სისხლის ანალიზის გაკეთება საჭირო იქნება რეგულარულად, რასაც საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (სნშ) ეწოდება, ეს სისხლის შედედების უნარზე მედიკამენტის მოქმედებას განსაზღვრავს, ვარფარინის მიღების პარალელურად.

იდეალური დოზის შერჩევის შემდეგ, სნშ ტესტის ჩატარება უფრო იშვიათად გახდება საჭირო (ჩვეულებრივ მიზანი არის სნშ ორიდან სამამდე).

რჩევა ცხოვრების სტილზე

თრომბოფილიის შემთხვევაში, სისხლის კოლტის სიმპტომების (იხილეთ ზემოთ) შესახებ სასარგებლო ინფორმაციას უნდა ფლობდეთ. თუ ეჭვი ამ პათოლოგიაზე გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკის შესამცირებლად შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

  • წონის დაკლება, თუ ჭარბწონიანი ხართ
  • მოწევის შეწყვეტა, თუ ეწევით
  • დაიცავით სწორი დიეტა და რეგულარულად ივარჯიშეთ
  • შეეცადეთ ხანგრძლივი უმოძრაობა თავიდან აირიდოთ, რადგან ამან შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზი (ღრმა ვენების თრომბოზის პრევენციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. ღრმა ვენების თრომბოზის პრევენცია) გამოიწვიოს. 

თუ ფეხმძიმედ ხართ, ან დაორსულებას აპირებთ, განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან და ამ დაავადების შესახებ შეატყობინეთ გინეკოლოგს და ბებიაქალს. შესაძლოა ორსულობის გართულებისა და მუცლის მოშლის პრევენციისთვის ორსულობის დროს დაბალდოზიანი ასპირინის ან ანტიკოაგულანტების მიღება დაგჭირდეთ.

თუ დაგეგმილი გაქვთ რთული ოპერაცია, დარწმუნდით, რომ მედპერსონალმა თქვენი დაავადების შესახებ იცის, რადგან შესაძლოა სისხლის კოლტის პრევენციისთვის ჰეპარინის ინექცია დაგჭირდეთ.

თრომბოფილიის მქონე ქალებმა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის აბებისან ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიას თავი უნდა აარიდონ,რადგან ეს ფაქტორები სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკს ზრდიან.

სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნა

ვის უვითარდება სისხლის კოლტი?

სისხლის კოლტის წარმოქმნა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები ვინც თავს ცუდად გრძნობენ დიდი ხნის განმავლობაში და შეზღუდულად, ან საერთოდ ვერ გადაადგილდებიან/მოძრაობენ.

სისხლის კოლტები ხშირად დაკავშირებულია თვითმფრინავით გრძელ-ვადიან ფრენებთან, ან კონტრაცეფტიულ საშუალებებთან, მაგრამ მისი წარმოქმნის ალბათობა განსაკუთრებით იზრდება საავადმყოფოში მოხვედრისას. სისხლის კოლტების წარმოქმნის შემთხვევათა ორი მესამედი ხდება საავადმყოფოში ყოფნისას, ან საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ძალიან მალე.

კომენტარის დამატება